დევისის თასი: ენდი მარეის გმირობის ისტორია

AutoSharing Option
დევისის თასის მეოთხედფინალური ეტაპის მთავარი მოვლენა გახდა ენდი მარეის გმირობა, რომელმაც მარტომ დაამარცხა საფრანგეთის ნაკრები.

ბრიტანეთის ნაკრებს ცხრაჯერ აქვს მოგებული დევისის თასი, მაგრამ ბოლო წარმატება 1936 წლით თარიღდება. მაშინ ლეგენდარულმა ფრედ პერიმ ფინალში მეხუთე მატჩი მოიგო ავსტრალიასთან და გადამწყვეტი ქულა მოუტანა თავის გუნდს.

პერი დიდი ხანი ბოლო ბრიტანელი იყო, რომელმაც უიმბლდონი მოიგო. 77 წლის შემდეგ მარეიმ გაიმეორა დიადი წინამორბედის ეს მიღწევა. 79 წლის შემდეგ კი ბრიტანეთმა მიიღო რეალური შანსი, მეათედ მოიგოს დევისის თასი.

დიდი ხანი ბრიტანელები საცოდავი სანახავები იყვნენ გუნდურ
ტურნირზე. უფსკრულში ჩავარდნასავით იყო 2010 წელს, მეორე ევროაფრიკულ ჯგუფში ლიტვასთან წაგება და რანგით მესამე დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა. ბუნებრივია, ენდი მარეის ასეთ დონეზე არ უთამაშია. მაშინ ბრიტანეთი თავისი ვარსკვლავის გარეშე გაუმკლავდა თურქეთსა და ტუნისს.

მარეის არ უთამაშია 2013 წელს, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ. მაშინ ბრიტანელები პირველ ევროაფრიკულ ჯგუფში გადავიდნენ, მაგრამ პირველი დღის შემდეგ 0:2-ს აგებდნენ. დმიტრი ტურსუნოვის წინააღმდეგ ჯეიმს უორდის გმირული მოგებით დაიწყო ბრიტანული ჩოგბურთის ახალი ეპოქა. ბრიტანეთმა მოიგო 3:2 და მას შემდეგ ეს გუნდი ზემოთ მიდის.

* * *
მარეის საფრანგეთთან წაგების უფლება არ ჰქონდა. ენდის სამი ქულა უნდა მოეტანა გუნდისთვის - სხვა გამოსავალი არ იყო. წყვილებში უმძიმესი მატჩის მოგების შემდეგ ბრიტანელების ლიდერს უპირისპირდებოდა დასვენებული ჟილ სიმონი. ფრანგი კარგ ფორმაში იმყოფებოდა. შეგახსენებთ, რომ ის უიმბლდონზე ტომაშ ბერდიხსა და გაელ მონფილს გაუმკლავდა და მხოლოდ როჯერ ფედერერთან წააგო.

მარეისა და სიმონის მატჩი მთელი მეოთხედფინალური ეტაპის მშვენება გამოდგა. პირველ პარტიაში ჩანდა, როგორ უჭირდა კორტის მასპინძელს სასტარტო გათამაშებები. სიმონმა ბრეიკი შეასრულა, სეტის ბოლოს კი ურთულესი გეიმი მოიგო საკუთარ მოწოდებაზე. ფრანგი მეორე სეტშიც ბრეიკით დაწინაურდა - 4:2, მაგრამ ამ მომენტში მშობლიური პუბლიკის მიერ გამხნევებულმა ენდიმ გარდატეხა შეიტანა თამაშის მსვლელობაში. მარეიმ ზედიზედ სამი გეიმი მოიგო, შემდეგ კი აჯობა მეტოქეს თანაბარ ტაი-ბრეიკზე. მეორე სეტი საათი და 12 წუთი გრძელდებოდა.

ამის შემდეგ ფავორიტის უპირატესობა ეჭვს აღარ იწვევდა. მეოთხე სეტში ბრძოლა არ ყოფილა - 6:0. ასე რომ, მეხუთე მატჩის ჩატარება საჭირო აღარ გახდა. ბრიტანეთმა ვადაზე ადრე გაიმარჯვა - 3:1.

ნახევარფინალში ბრიტანეთი შინ მიიღებს ავსტრალიას. რა თქმა უნდა, მარეის კიდევ ერთი ურთულესი გამოცდა ელოდება. ავსტრალიის რიგებში ლეიტონ ჰიუიტი მზად არის, ბოლოჯერ შეგვახსენოს თავი. ლეიტონი ასრულებს თავის ბრწყინვალე კარიერას, ამიტომაც ავსტრალია, რომელსაც, მართალია, არ ჰყავს ტოპ-მოთამაშეები, ძალიან სახიფათო იქნება.

დევისის თასის სტატისტიკა
2 - ბელგიის ნაკრებმა მიიღო შანსი, მეორედ გავიდეს დევისის თასის ფინალში. პირველად ეს გუნდი ტიტულისთვის 1904 წელს იბრძოდა და ბრიტანეთთან წააგო - 0:5.

2 - ავსტრალიის ნაკრებმა 0:2-დან გადაარჩინა შეხვედრა ყაზახეთთან. ბოლოს ასეთი რამ ამ გუნდმა 1939 წელს შეძლო. მაშინ ავსტრალიამ ფინალში აშშ-ს მოუგო.

2 - ბელგიისა და არგენტინის ნაკრებები მეორედ ითამაშებენ ერთმანეთში დევისის თასზე. მათი პირველი მატჩი 1948 წლით თარიღდება. მაშინ ბელგიამ 3:2 მოიგო.

4 - ბოლოჯერ ძმებმა - ენდი და ჯეიმი მარეებმა 2011 წელს ითამაშეს ერთად ნაკრებში, როცა ლუქსემბურგელი მეტოქეები დაამარცხეს.

5 - არგენტინის ნაკრებმა, შესაძლოა, მეხუთედ გააღწიოს დევისის თასის ფინალში. ბელგიის მსგავსად, ამ გუნდსაც ჯერ ტიტული არ აქვს მოგებული. ბოლო ჯერზე, სამხრეთამერიკელებს გადამწყვეტი მატჩი 2011 წელს მოუგო ესპანეთმა.

12 - ბრიტანეთი და საფრანგეთი 21-ედ შეხვდნენ ერთმანეთს დევისის თასზე. ბრიტანეთმა მე-12 გამარჯვება მოიპოვა. საინტერესოა, რომ ბოლოს ეს გუნდები 1992 წელს შეხვდნენ ერთმანეთს.

23 - ენდი მარეიმ 23-ე ერთეულთა მატჩი მოიგო დევისის თასზე. ბრიტანეთის ნაკრების ლიდერს მხოლოდ ორი წაგება აქვს. მარეიმ შარშან წააგო ფაბიო ფონინისთან, 2005 წელს - სტენ ვავრინკასთან.

58 - ლეიტონ ჰიუიტმა 58 მატჩი მოიგო ავსტრალიის ნაკრებში. ვეტერანმა დევისის თასზე გამოსვლა 1999 წელს დაიწყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული