რეიტინგი: იაპონელი ნიშიკორი უკვე მეოთხეა

AutoSharing Option
მამაკაცთა რეიტინგში მოთამაშეებს ქულები აკლდებოდათ ტორონტოს შარშანდელი "მასტერსისთვის". შარშან კანადაში ჟო-ვილფრიდ ცონგამ გაიმარჯვა. ფრანგს ათასი ქულა მოაკლდა, რაც მისი ქულათა ჯამური მონაგარის 40 პროცენტი იყო. შედეგად, ცონგამ ის მიიღო, რომ მეთორმეტედან 24-ე ადგილამდე ჩამოვარდა.

შარშანდელ ფინალში ჟომ როჯერ ფედერერი დაამარცხა. შვეიცარიელის ჩამორჩენა ნოვაკ ჯოკოვიჩთან ისევ გაიზარდა. თან, როჯერი 1000 ქულას დაკარგავს ცინცინატის "მასტერსის" გამო, რის შემდეგაც ნოვაკთან სხვაობა 5500 ქულას გადააჭარბებს.

გასულ კვირას მამაკაცი ჩოგბურთელები ქულებს აგროვებდნენ ვაშინგტონისა (ATP-500) და კიტცბუელის (ATP-250) ტურნირებზე. ამერიკის დედაქალაქში თავისი მეშვიდე "ხუთასიანი" ტურნირი მოიგო
კარიერაში კეი ნიშიკორიმ. ამ წარმატების წყალობით, იაპონელმა სტენ ვავრინკას გაუსწრო და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. მისთვის ეს პირადი რეკორდის გამეორებაა. თუმცა სულ მალე კეის ქულების დაცვა მოუწევს აშშ-ის ღია პირველობის ფინალისთვის.

რაც შეეხება ამერიკელ ჯონ ისნერს, რომელმაც ვაშინგტონის ფინალი წააგო ნიშიკორისთან, მან ექვსი პოზიცია მოიგო და მე-12 ადგილზეა.

ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა ვერ შეძლო ზედიზედ მესამე ტურნირის მოგება, მაგრამ კიტცბუელში საშინაო ტურნირზე ნახევარფინალამდე მიაღწია, რამაც საშუალება მისცა, კარიერაში პირველად შესულიყო ტოპ-ოცეულში. დომინიკი რეიტინგის მე-18 ნომერი გახდა. ავსტრიაში კი ფილიპ კოლშრაიბერმა გაიმარჯვა, რამაც მას კლასიფიკაციაში 28-ე ადგილი მოუტანა. გერმანელი უიმბლდონზე განთესილებს შორის ვერ მოხვდა და პირველივე წრეში ნოვაკ ჯოკოვიჩთან მოუწია თამაში. წესით, აშშ-ის ღიაზე მას მსგავსი პრობლემები არ უნდა შეექმნას.

ფინალში ფილიპმა პოლ-ანრი მატიო დაამარცხა. ფრანგმა კიტცბუელის ტურნირი კვალიფიკაციიდან დაიწყო. ფინალში გასვლამ მას 109-დან 78-ე ადგილამდე პროგრესი მოუტანა.

ამ კვირას ჩოგბურთელებს ცინცინატის ტურნირისთვის გამოაკლდებათ ქულები. როგორც გითხარით, 1000 ქულას დაკარგავს როჯერ ფედერერი. ამასთან, ის ამ კვირას მონრეალში არ თამაშობს და შესაბამისად, ქულებს ვერ დააგროვებს. ეს კარგ შანსს აძლევს ენდი მარეის - თუ ბრიტანელი კანადაში ფინალამდე მივა, მეორე ჩოგანი გახდება.

600 ქულას დაკარგავს დავიდ ფერერი, რომელიც ასევე არ ითამაშებს ტრავმის გამო. ესპანელი მეშვიდე ადგილს იმ შემთხვევაში შეინარჩუნებს, თუ წარუმატებლად გამოვლენ მისი უახლოესი კონკურენტები - რაფაელ ნადალი და მარინ ჩილიჩი.

ქალებს შორის ცინცინატის ტიტულისთვის ქულებს დაკარგავს სერენა უილიამსი, მაგრამ მისთვის 900 ქულა - ზღვაში წვეთია, მით უმეტეს, რომ ამერიკელი ტორონტოში ითამაშებს. ანა ივანოვიჩისთვის კი შარშანდელი ფინალის ქულების გამოკლება, შესაძლოა, ტოპ-ათეულიდან გავარდნას ნიშნავდეს. სერბმა ტორონტოში მაქსიმალურად კარგად უნდა ითამაშოს, რომ საუკეთესო ათეულში შეინარჩუნოს ადგილი.

ATP. TOP10
რეიტინგი

1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 13 755
2(2). როჯერ ფედერერი (შვეიც) 9 065
3(3). ენდი მარეი (ბრიტ) 7 840
4(5). კეი ნიშიკორი (იაპ) 6 025
5(4). სტენ ვავრინკა (შვეიც) 5 745
6(6). ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 5 140
7(7). დავიდ ფერერი (ესპ) 4 295
8(8). მარინ ჩილიჩი (ხორ) 3 585
9(9). რაფაელ ნადალი (ესპ) 3 500
10(10). მილოშ რაონიჩი (კან) 3 275

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული