მანამდე, უკრაინელს ოთხიდან ოთხი შეხვედრა ჰქონდა წაგებული მსოფლიოს პირველ ჩოგანთან, თუმცა ბრძოლას ყოველთვის უმართავდა სერბს. ორჯერ საქმე მესამე სეტამდე მივიდა, წელს მაიამიში კი, დოლგოპოლოვი 7:6, 4:1-ს იგებდა.
ცინცინატიშიც უკრაინელმა შესანიშნავად დაიწყო და პირველი პარტია 6:4 მოიგო. ის აგრესიულად და სწრაფად თამაშობდა, თან ჯოკოვიჩი
მეორე სეტში დოლგოპოლოვს თავიდანვე წინ გასვლის შანსი მიეცა, მაგრამ ორი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა. ცოტა ხანში კი გამოჩნდა, რომ ნოვაკი ბოლომდე კარგად ვერ გრძნობდა თავს - მუცლის არეში ტკივილი აწუხებდა. საქმეს მხოლოდ ექიმის დახმარებით ეშველა - სერბმა რაღაც აბი მიიღო და ორი წუთში მსოფლიოს პირველი ჩოგანი გაცილებით უკეთ ათამაშდა, ყოველ შემთხვევაში, საჭირო ძალით ასრულებდა დარტყმებს.
ამასობაში, დოლგოპოლოვმა ბრეიკით დაწინაურების მეორე შანსი მიიღო, მაგრამ 4:3-ზე მორიგი ბრეიკ-პოინტი გაანიავა, შემდეგ კი საკუთარი გეიმი დათმო ზედიზედ დაშვებული ოთხი შეცდომით. თითქოს ჯოკოვიჩს იოლად უნდა მიეყვანა სეტი მოგებამდე, მაგრამ უკრაინელმა იქვე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. სერბი მუდმივად მდევრის როლში იყო - 0:3, 3:4, 4:5, მაგრამ ჯოკოვიჩმა უკანა ხაზზე გრძელ გათამაშებებში შეიტყუა მეტოქე და მაინც მოიგო მე-13 გეიმი და სეტი. არადა, მხოლოდ 5 "ვინერსითა" და 16 უნებლიე შეცდომით ამის გაკეთება რთულია.
ნოვაკმა ამ წარმატებას არა თამაშით, არამედ მებრძოლი სულით, ფსიქოლოგიითა და გადამწყვეტ მომენტებში მობილიზაციით მიაღწია. დოლგოპოლოვი ბევრს ცდილობდა, უფრო აქტიურად თამაშობდა და "ვინერსიც" გაცილებით მეტი ჰქონდა, მაგრამ ამან შედეგი ვერ მოიტანა.
მესამე სეტში მისი თამაშის ტემპი დაეცა და ჯოკოვიჩი ძალიან იოლად აკონტროლებდა სიტუაციას - 4:6, 7:6(5), 6:2. ახლა, სერბმა მიიღო შანსი "მასტერსის" სერიის ტურნირებზე პრიზების სრული კოლექცია შეაგროვოს. სხვათა შორის, ნოვაკი ზედიზედ მეათე ტურნირის ფინალში გავიდა. ეს პირველად მოხდა 2005-06 წლების სეზონების შემდეგ, როცა ზედიზედ 17 გადამწყვეტი მატჩი ითამაშა როჯერ ფედერერმა.
* * *
ჯოკოვიჩს სწორედ ფედერერთან უნდა ეთამაშა გუშინ, გვიან ღამით ცინცინატის "მასტერსის" ფინალი. როჯერისა და ენდი მარეის ნახევარფინალი აფიშის მიხედვით ხმაურიანი იყო, მაგრამ სინამდვილეში, სანახაობა არ გამოვიდა. ენდიმ მეოთხედფინალის შემდეგ აღიარა, რომ გადაღლილი იყო. მან გასულ კვირას მონრეალის "მასტერსი" მოიგო, ცინცინტიში კი ორი ურთულესი სამსეტიანი შეხვედრა გადაიტანა დიმიტროვთან და გასკესთან. ამიტომაც, აშკარა ფავორიტად შვეიცარიელი მოსჩანდა, რომელიც კანადის ტურნირის გამოტოვების შემდეგ, დასვენებული და ბრძოლისთვის განწყობილი ჩანდა. გარდა ამისა, მან წინა ოთხი შეხვედრა მოუგო ბრიტანელს.
მარეი კარგად აწვდიდა და მეტოქეს მხოლოდ ორი ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა, მაგრამ ფედერერს ერთი ბრეიკიც ეყო ფინალში გასასვლელად. შვეიცარიელის მოწოდება აუღებელი ციხე-სიმაგრე გახდა ბრიტანელისთვის, რომელიც ერთხელაც ვერ მივიდა ბრეიკ-პოინტამდე.
საერთო ჯამში, ფედერერი გაცილებით აქტიურად თამაშობდა და რეგულარულად აგროვებდა "ვინერსებს". ენდის ჰქონდა მატჩის მესამე სეტში გადაყვანის რეალური შანსი, მაგრამ წააგო მეორე პარტიის ტაი-ბრეიკი - 4:6, 6:7(6). საინტერესოა, რომ მარეი, რომელიც მიღებაზე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელად მიიჩნევა, ზედიზედ მეორე მატჩია ფედერერთან ბრეიკს ვერ აკეთებს.
ფედერერს ფინალში დამატებითი მოტივაცია გაუჩნდა - მოგების შემთხვევაში, შვეიცარიელი დაიბრუნებს რეიტინგში მეორე ადგილს, რომელიც წინა ორშაბათს სწორედ მარეიმ წაართვა.
1/8 ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-დავიდ გოფენი (ბელ, 13) 6:4, 2:6, 6:3; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 15) 6:1, 6:1; ენდი მარეი (ბრიტ, 3)-გრიგორ დიმიტროვი (ბულ, 16) 4:6, 7:6(3), 7:5; სტენ ვავრინკა (შვეიც, 5)-ივო კარლოვიჩი (ხორ) 6:7(2), 7:6(5), 7:6(5); ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 6)-ტომი რობრედო (ესპ) 6:0, 6:1; რიშარ გასკე (საფ, 12)-მარინ ჩილიჩი (ხორ, 7) 7:5, 6:3; ფელისიანო ლოპესი (ესპ)-რაფაელ ნადალი (ესპ, 8) 5:7, 6:4, 7:6(3); ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ)-იერჟი იანოვიჩი (პოლ, 14) 6:3, 3:6, 6:4.
1/4 ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-სტენ ვავრინკა (შვეიც, 5) 6:4, 6:1; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-ფელისიანო ლოპესი (ესპ) 6:3, 6:4; ენდი მარეი (ბრიტ, 3)-რიშარ გასკე (საფ, 12) 4:6, 6:1, 6:4; ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 6) 6:4, 6:2.
1/2 ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ) 4:6, 7:6(5), 6:2; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-ენდი მარეი (ბრიტ, 3) 6:4, 7:6(6).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"