როჯერ ფედერერი ცინცინატიში უნაკლო იყო

AutoSharing Option
როჯერ ფედერერმა არ შეავსებინა ნოვაკ ჯოკოვიჩს "მასტერსის" სერიის ტურნირებზე ტიტულების სრული კოლექცია. სერბმა მეხუთედ წააგო ცინცინატის "მასტერსის" ფინალი, შვეიცარიელმა კი ეს ტურნირი მეშვიდედ მოიგო.

როჯერმა ფანტასტიკური ტურნირი ჩაატარა. ხუთ მატჩში, ჯამში 49 გეიმი ჰქონდა საკუთარ მოწოდებაზე და ერთი ბრეიკიც კი არ შეასრულებინა არც ერთ მეტოქეს. ჯოკოვიჩს კი ისევ ჰქონდა რთული მატჩები და კვლავ ვერ დატოვა დამაჯერებელი შთაბეჭდილება. ჩოგბურთელები 41-ედ ხვდებოდნენ ერთმანეთს და ანგარიში თანაბარი იყო - 20:20.

ფინალში ფედერერმა აგრესიული თამაში შესთავაზა მეტოქეს. შვეიცარიელმა ქულების 40 პროცენტი დაუბრუნა ჯოკოვიჩს და
ბრეიკის არაერთი შანსი მიიღო. ნოვაკმა სამი ბრეიკ-პოინტი მოიგერია მესამე გეიმში, კიდევ ერთი ექვსწუთიან მეხუთე გეიმში. საბოლოოდ, საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც შვეიცარიელმა ადრეული მინი-ბრეიკი აიღო და 3:1 დაწინაურდა. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ფედერერმა პირველ სეტში, ბოლო 11 ქულიდან 10 მოიგო. 52 წუთში მის ანგარიშზე 20 "ვინერსი" და ბადესთან 21-დან მოგებული 16 ქულა მოდის.

ფედერერი აგრძელებდა ზეწოლას და პირველი ბრეიკიც შეასრულა მაშინ, როცა სერბმა ორმაგი შეცდომა დაუშვა. შვეიცარიელი 3:0 დაწინაურდა და უნაკლო მოწოდების ხარჯზე, ეს უპირატესობა უპრობლემოდ შეინარჩუნა. როჯერმა შეხვედრა 32 "ვინერსითა" და შვიდი ეისით დაასრულა.

ფედერერმა კარიერაში 87-ე ტიტული მოიპოვა, "მასტერსის" სერიაში კი 24-ედ გაიმარჯვა. როჯერმა დაიბრუნა კლასიფიკაციაში მეორე პოზიცია, რომელიც ერთი კვირის წინ, ენდი მარეის გადაულოცა.

ფინალი
როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1) 7:6(1), 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული