აშშ-ის ღია პირველობა: კოშმარული წილისყრა მარეისთვის

AutoSharing Option
ამერიკის ღია პირველობის წინ, სამი ფავორიტს გამოყოფენ - ნოვაკ ჯოკოვიჩს, როჯერ ფედერერსა და ენდი მარეის. სავსების ლოგიკური არჩევანია, თუ გავითვალისწინებთ "მასტერსის" სერიის ტურნირებზე ამ სამეულის მაღალ შედეგებს. სერბს, შვეიცარიელსა და ბრიტანელს შორის, ყველაზე რთული გზა ფინალამდე მარეის აღმოაჩნდა.

ავსტრალიელი ნიკ კირგიოსი განთესილებს შორის ვერ ვერ მოხვდა და ერთ-ერთი ყველაზე არასასურველი მეტოქე იყო პირველ წრეში. წილისყრამ ნიკი ენდი მარეისთან გაუშვა და შესაბამისად, სწორედ ამ ჩოგბურთელების დაპირისპირება იქნება ცენტრალური საწყის რაუნდში.

სტენ ვავრინკასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ, კირგიოსმა მკვეთრად უკლო თამაშს და რამდენიმე
მატჩი წააგო, თუმცა აშშ-ის ღიაზე მარეისთან უბრძოლველად არაფერს დათმობს.

საინტერესოა, რომ მარეი და კირგიოსი ავსტრალიის ღიას მეოთხედფინალში შეხვდნენ ერთმანეთს, ასევე როლან გაროსის მესამე წრეში და ორივეჯერ ბრიტანელმა სამ სეტში მოიგო. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ენდიმ იოლად გაიმარჯვა ამ შეხვედრებში. სხვათა შორის, უახლოეს პერიოდში მათ კიდევ ერთხელ მოუწევთ შეხვედრა. ბრიტანელებმა დევისის თასის მოგების ისტორიული შანსი მიიღეს. და ნახევარფინალში მათ სწორედ ავსტრალიის ნაკრები დაუპირისპირდება.

მეოთხედფინალში შესაძლებელია მატჩი მარეისა და ვავრინკას შორის. შვეიცარიელმა მეოთხედფინალამდე ძალიან იოლი ბადე მიიღო. სტენს პრობლემები, შესაძლოა, სოკმა და სიმონმა შეუქმნან, მაგრამ ვავრინკამ - აშკარა ფავორიტია.

ბადის ამ ნახევარში ვავრინკასა და მარეის როჯერ ფედერერი ერგოთ. მსოფლიოს მეორე ნომრისთვის წილისყრა ასევე იღბლიანი აღმოჩნდა. ლეგენდას მერვედფინალში, სავარაუდოდ, მოწოდებების რომელიმე ოსტატთან - ჯონ ისნერთან ან ივო კარლოვიჩთან მოუწევს შეხვედრა.

მეოთხედფინალში სავარაუდო მეტოქედ კი ტომაშ ბერდიხი მოსჩანს. ჩეხს განთესვის მაღალი ნომერი აქვს, მაგრამ დიდი ხანია შორის არის ოპტიმალური ფორმისგან. გამორიცხული არ არის, რომ ფედერერმა ეკონომ-რეჟიმში მიაღწიოს ნახევარფინალამდე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მის ასაკში.

* * *
ნოვაკ ჯოკოვიჩს კიდევ უფრო უპრობლემო გზა აქვს მეოთხედფინალამდე. მისთვის ყველაზე რთულ მეტოქედ მოსჩანს ბელგიელი დავიდ გოფენი, რომელსაც ცოტა ხნის წინ, ცინცინატის "მასტერსზე" მოუგო. ხუთსეტიან ფორმატში, გოფენს კიდევ უფრო ნაკლები შანსი აქვს.

რაფაელ ნადალთან დაკავშირებით კი არსებობს კითხვის ნიშნები. ესპანელს პირველ წრეში ბორნა ჩორიჩი ჰყავს! სრულებითაც არ არის იოლი მეტოქე მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანისთვის. ამბიციური ხორვატი არ აღიარებს ავტორიტეტებს და ეს იქნება მეორე ცენტრალური მატჩი პირველ წრეში.

მესამე რაუნდში ნადალი, შესაძლოა, ფაბიო ფონინის შეხვდეს. იტალიელს არ ექნება დავიწყებული ჰამბურგის ამასწინდელი ფინალი რაფას წინააღმდეგ, რომელიც ჩოგბურთელებს შორის სიტყვიერი კინკლაობით დასრულდა.

ფაბიოს შეუძლია ანერვიულოს ფავორიტი, მით უმეტეს, რომ ამ სეზონში ორჯერ ჰყავს დამარცხებული. მერვედფინალში კი სავარაუდო მეტოქე შეიძლება იყოს მილოშ რაონიჩი ან ფელისიანო ლოპესი. ამ უკანასკნელმა, ცინცინატის "მასტერსზე" სძლია რაფაელს.

განთესვის მიხედვით, ნახევარფინალში ჯოკოვიჩის ყველაზე მოსალოდნელი მეტოქეა კეი ნიშიკორი. მაგრამ იაპონელს არაფერი აქვს გარანტირებული. უკვე სასტარტო მატჩში მას ელის შეხვედრა ბენუა პერთან, რომელმაც შესანიშნავი ფორმა აკრიფა.

ცონგა, ჩილიჩი, მონფილსი, დიმიტროვი, ფერერი - ეს ჯგუფი ნახევარფინალის საგზურისთვის დიდ ბრძოლას გვიპრდება. თუ აშშ-ის ღიაზე ერთი სენსაციური ნახევარფინალისტი უნდა იყოს, ის სწორედ ბადის ამ ნაწილიდან უნდა გამოჩნდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული