ნოვაკი სერიოზულად ანერვიულა მსოფლიოს 23-ე ნომერმა, ესპანელმა რობერტო ბაუტისტა-აგუტმა. პირველ სეტში სერბმა 4:3-ზე გააკეთა ბრეიკი და შემდეგ სეტზე ჩააწოდა. მეორეშიც ყველაფერი მშვიდად მიდიოდა - ნოვაკი 4:2-ს იგებდა და ორმაგი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ, მოულოდნელად, ზედიზედ ოთხი გეიმი წააგო!
ჯოკოვიჩი ძალიან გაბრაზდა - ჩოგანი კორტზე დაახეთქა, მაისურა შემოიხია... როგორც ჩანს, ამან უშველა,
ნოვაკის შემდეგი მეტოქეც ესპანელი იქნება - ფელისიანო ლოპესი, რომელიც იოლად გაუსწორდა რაფაელ ნადალის მძლეველ ფაბიო ფონინის - 6:3, 7:6(5), 6:1. ფელისიანომ პირველი მოწოდებით ქულების 82 პროცენტი აიღო და მეტოქეს 40 უნებლიე შეცდომა დააშვებინა. ლოპესი მეოთხედ გავიდა "დიდი სლემის" ტურნირის მეოთხედფინალში. წინა სამ შემთხვევაში, ეს უიმბლდონზე ხდებოდა. რაც შეეხება ჯოკოვიჩთან ურთიერთშეხვედრებს, სერბი ესპანელს 5:0-ს უგებს.
* * *
მეორე მეოთხედფინალური წყვილი მარინ ჩილიჩმა და ჟო-ვილფრიდ ცონგამ შეადგინეს. ჩილიჩი აგრძელებს აშშ-ის ღიაზე ტიტულის დაცვას. ხორვატმა მორიგ შეხვედრაში ფრანგი ჟერემი შარდი ოთხ სეტში დაამარცხა - 6:3, 2:6, 7:6(2), 6:1. ჩემპიონს მხოლოდ მეორე სეტში ჰქონდა ჩავარდნა, როცა ორჯერ დათმო საკუთარი მოწოდება, თუმცა დანარჩენ სამ სეტში თავისი გეიმი არ წაუგია და ორ საათსა და 26 წუთში მოიგო. ხორვატის ანგარიშზე 52 "ვინერსი" იყო.
ცონგამ გაცილებით იოლად მოიპოვა მეოთხედფინალში თამაშის უფლება, როცა საათსა და 42 წუთში მოუგო თანამემამულე ბენუა პერს - 6:4, 6:3, 6:4. მართალია, ჟომ 35 უნებლიე შეცდომა დაუშვა, მაგრამ ერთხელაც არ მოუწია ბრეიკ-პოინტის მოგერიება.
კაცები
1/8 ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპ, 23) 6:3, 4:6, 6:4, 6:3; ფელისიანო ლოპესი (ესპ, 18)-ფაბიო ფონინი (იტა, 32) 6:3, 7:6(5), 6:1; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 19)-ბენუა პერი (საფ) 6:4, 6:3, 6:4; მარინ ჩილიჩი (ხორ, 9)-ჟერემი შარდი (საფ, 27) 6:3, 2:6, 7:6(2), 6:1.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"