აშშ-ის ღია პირველობა: უილიამსების გზები გადაიკვეთა

AutoSharing Option
ქალთა ტურნირზეც ორი მეოთხედფინალური წყვილი ჩამოყალიბდა. წინა ორ ეტაპზე რთული მოგებების შემდეგ, ამჯერად, ყველაფერი მშვიდად ჰქონდა სერენა უილიამსს, რომელიც თანამემამულე მედისონ კისს ხვდებოდა.

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა სამი ბრეიკი შეასრულა და ბრწყინვალე იყო საკუთარ მოწოდებაზე - მის მეტოქეს არც ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი არ ჰქონია. სერენამ ძალიან სუფთად ითამაშა:

მართალია, მისთვის უჩვეულოდ ცოტა - 18 "ვინერსი" ჰქონდა, სამაგიეროდ, მხოლოდ ექვსი უნებლიე შეცდომა დაუშვა - 6:3, 6:3.

სერენა მეოთხედფინალში კარიერაში 27-ედ შეხვდება თავის უფროს დას - ვინუს უილიამსს. მათ შორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიშია -
15:11 უმცროსი დის სასარგებლოდ. სერენა ასევე იგებს "დიდი სლემის" ტურნირებზე - 8:5.

გუშინ, ვინუსი ამ ტურნირის სენსაციას, ძირითად ბადეში კვალიფიკაციიდან მოხვედრილ ესტონელ ანეტ კონტავეიტს ეთამაშებოდა. ბალტიისპირელს აშკარად გაუმართლა ბადის მხრივ - მერვედფინალამდე TOP30-ის არც ერთ წევრს არ შეხვედრია, უილიამსთან კი თითქმის უშანსოდ იყო.

ბრძოლა მხოლოდ პირველი სეტის სტარტზე ვიხილეთ, მაგრამ 2:2-დან მოყოლებული, ამერიკელმა ვეტერანმა დიდი უპირატესობა მოიპოვა და 49 წუთში გაუსწორდა ესტონელ თინეიჯერს. ვინუსს ერთადერთი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია - 6:2, 6:1.

* * *
ამერიკის ღია პირველობაზე აღარ დარჩნენ რუსი ჩოგბურთელები. ამ ქვეყნის ბოლო წარმომადგენელი, შარშანდელი ნახევარფინალისტი ეკატერინა მაკაროვა ფრანგს კრისტინა მლადენოვიჩთან დამარცხდა - 6:7(2), 6:4, 1:6. ამით, მლადენოვიჩი კარიერაში პირველად გავიდა "დიდი სლემის" ტურნირის მეოთხედფინალში.

მაკაროვამ უკეთ დაიწყო შეხვედრა და პირველ სეტში ორჯერ იგებდა ბრეიკით, მაგრამ პარტიის ბოლო ნაწილი უკეთ ფრანგმა ჩაატარა. მას სეტზე ჩაწოდებაც შეეძლო, თუმცა მაკაროვამ ტაი-ბრეიკამდე მიაღწია, მაგრამ იქ მხოლოდ ორი ქულა აიღო.

მეორე სეტში ჩოგბურთელები ძალიან კარგად თამაშობდნენ საკუთარ მოწოდებაზე და თითქოს საქმე მეორე ტაი-ბრეიკამდე მიდიოდა, თუმცა მეათე გეიმში მაკაროვამ მიღებაზე ბრწყინვალედ იმოქმედა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

ისე ჩანდა, რომ დაძაბული ბრძოლა გადამწყვეტ სეტშიც უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. მლადენოვიჩმა კიდევ უფრო მოუმატა თამაშს, ორივე მხრიდან უზუსტეს დარტყმებს ასრულებდა და მოწოდებაც მუშაობდა. რუსს კი კორტზე გადაადგილება უჭირდა და ამან გამოიწვია გამანადგურებელი ანგარიში. კრისტინა პირველი ფრანგია მარიონ ბარტოლის (უიმბლდონი-2013) შემდეგ, ვინც "დიდ სლემზე" მეხუთე მატჩამდე მიაღწია.

მისმა შემდეგმა მეტოქემ, იტალიელმა რობერტა ვინჩიმ უბრძოლველად გააღწია მეოთხედფინალში. კანადელ ეჟენი ბუშარს, რომელიც ორი დღით ადრე, გასახდელში დაეცა და ტვინის შერყევა მიიღო, ექიმებმა არ მისცეს კორტზე გასვლის უფლება.

ქალები
1/8 ფინალი

სერენა უილიამსი (აშშ, 1)-მედისონ კისი (აშშ, 27) 6:3, 6:3; ვინუს უილიამსი (აშშ, 23)-ანეტ კონტავეიტი (ესტ) 6:2, 6:1; კრისტინა მლადენოვიჩი (საფ)-ეკატერინა მაკაროვა (რუს, 13) 7:6(2), 4:6, 6:1; რობერტა ვინჩი (იტა)-ეჟენი ბუშარი (კან, 25) უარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული