როჯერ ფედერერი: ფანებს ზურგს ვერ შევაქცევ

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, "დიდი სლემის" ტურნირების 17-გზის ჩემპიონს როჯერ ფედერერს ნახევრადადამიანსა და ნახევრადრობოტს უწოდებენ.

მოწოდება - ძლიერი, მიღება - დამაჯერებელი, აზროვნება - მოქნილი, ამტანობა - უძლიერესი, ხასიათი - მტკიცე. ახლა ჩვენ გავარკვევთ, აქვს თუ არა ფედერერს სუსტი წერტილი, ნერვები და ჰობი.

- როჯერ, ძალიან მდიდარი ადამიანი ხართ, კორტზე დაახლოებით 90 მილიონი დოლარი გამოიმუშავეთ, მოიგეთ შვიდი უიმბლდონი... ეს ფული და დიდება სიცოცხლის ბოლომდე შეყოფათ! მაინც რა გაიძულებთ მძიმე ვარჯიშებისა და ჩოგბურთის თამაშის გაგრძელებას?
- არც ისე ადვილია ჩოგბურთის მიტოვება. როცა
ასეთ გიჟურ რითმს მიეჩვევი, ერთბაშად გაჩერება და პენსიონერის მონოტონური ცხოვრების დაწყება ძნელია. გარდა ამისა, გარკვეული ვალდებულებები მაქვს სპონსორებთან, პრესასთან და გულშემატკივრებთან.

არ შემიძლია ერთ დილას გავიღვიძო და ყველა ჩემი დანაპირები ქარს გავატანო. ასე მოქცევას ვერასდროს შევძლებ. და არც მინდა. ყოველთვის ვოცნებობდი დიდი სპორტსმენი გამოვსულიყავი და რადგან ასეთი შანსი მომეცა, მას ხელიდან არ გავუშვებ.

- რა აიძულებს ჩოგბურთელს წელიწადში ამდენი ტურნირის ჩატარებას? სპონსორების მოთხოვნები, რეიტინგში წამყვანი პოზიციები თუ მაინც ფული?
- ჩოგბურთელები თავად ვართ საკუთარი თავის პატრონები. განვსხვავდებით ფეხბურთელებისგან, რომლებსაც არ შეუძლიათ რამდენიმე დღე შვებულება აიღონ, რათა თხილამურებით ისრიალონ ან პლაჟზე ინებივრონ. ჩოგბურთელი თავად ირჩევს, რომელ ტურნირში მიიღოს მონაწილეობა და რომელი გამოტოვოს.

შეჯიბრებების რაოდენობა ფიზიკურ ფორმაზე, კარიერის გეგმებზე და სიხარბეზეა დამოკიდებული. და, რა თქმა უნდა, სპონსორებზე. საპატიო მიზეზის გამო, არ შემიძლია გამოვტოვო დიდი სლემის ან "მასტერსის" სერიის ტურნირები. დღეს იმდენს აღარ ვთამაშობ, რამდენსაც ახალგაზრდობაში. მაგალითად, გასულ წელს მხოლოდ 17 ტურნირში მივიღე მონაწილეობა. ზოგიერთი ჩოგბურთელი კი, სეზონში 35 ტურნირზე თამაშობს.

- როგორ ხარჯავთ თქვენს მილიონებს?
- მშობლებს სახლი ვუყიდე, ჩემთვის კარგი ბინა შევიძინე... ძალიან მიყვარს სპორტული ავტომობილები - მაგალითად, "მერსედესის" კაბრიოლეტი. მსოფლიოში მხოლოდ პირველი კლასით ვმოგზაურობ. და კიდევ, უფრო და უფრო მომწონს ცნობილი იტალიელი დიზაინერების შეკერილი ტანსაცმლის შეძენა. განსაკუთრებით, "პრადა" მიყვარს. შესანიშნავია, როცა ფულზე ფიქრი არ გიწევს. ფული გარკვეულწილად ცხოვრებას გიადვილებს.

- თქვენ, ისევე როგორც დევიდ ბექჰემს, მეტროსექსუალს გიწოდებენ. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- სიმართლე გითხრათ, ვერ ვიგებ რას ნიშნავს მეტროსექსუალი. ისე კი, საკუთარ გარეგნობაზე მართლაც ვზრუნავ. ხშირად დავდივარ ჩემს პარიკმახერთან და ჩემი მეუღლეც მონდომებით ზრუნავს ჩემს გარეგნობაზე.

- თაყვანისმცემელი გოგონები აქტიურად გავიწროებენ?
- თითქმის არა, რადგან ჩემი მეუღლე ეჭვიანობით არ მომკვდარა, ე.ი. ყველაფერი წესრიგშია.

* * *
2003 წლის იანვარში, ავსტრალიის ღია პირველობის დაწყების წინ, როჯერ ფედერერმა მოულოდნელად გაათავისუფლა თავისი მწვრთნელი პეტერ ლუნდგრენი, რაც უამრავი ჭორის საბაბი გახდა. ამბობდნენ, რომ შვედი სპეციალისტი ცდილობდა ფედერერი თავის ნათესავზე დაექორწინებინა.

და მწვრთნელის ასე სწრაფად მოშორების ინიციატორი გახდა, როჯერის მომავალი მეუღლე - მიროსლავა ვავრინეცი. ფედერერისთვის მიროსლავა ყველაფერია - ცოლი, აგენტი, პრეს-ატაშე, სტილისტი, სპარინგ-პარტნიორი და როგორც ამბობენ, მწვრთნელიც. მათ ერთმანეთი სიდნეის ოლიმპიადაზე გაიცნეს, სადაც ვავრინეცი შვეიცარიის საჩოგბურთო ნაკრებში თამაშობდა.

* * *
- დღეს, თითქმის ყველა ცნობილი სპორტსმენი თავის გულუხვობას გვიჩვენებს და საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ქველმოქმედება ყოველი კონტრაქტის აუცილებელი პუნქტია. ასეა სინამდვილეში?
- ჩვენ, წამყვანი სპორტსმენები ისეთი მდიდრები ვართ, ჩვენი ცხოვრება ისეა უზრუნველყოფილი, რომ ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს უჩნდება იმათი დახმარების სურვილი, ვისაც ჩვენგან განსხვავებით, არც ისე გაუმართლა ცხოვრებაში.

ჩვენ სამხრეთ აფრიკაში გვაქვს საკუთარი სპეციალური ფონდი, რომელიც ყველაფრით უზრუნველყოფს ამ ქვეყნის 30 პატარა მოქალაქეს. მე თვალს ვადევნებ იმას, რომ მათ დღეში ორჯერ ნორმალური კვება ჰქონდეთ და კარგი განათლება მიიღონ. ეს ქვეყანა იმიტომ ავირჩიე, რომ დედაჩემი წარმოშობით სამხრეთ აფრიკიდანაა. თუმცა უკვე სხვა აფრიკულ ქვეყნებზეც გადავედით.

- სამაგიეროდ, თქვენი ყოფილი კოლეგა ანა კურნიკოვა, რომელსაც ტურნირი არასოდეს მოუგია და არანაირი ფონდი არ შეუქმნია, თავს მაინც შესანიშნავად გრძნობს!
- მიუხედავად ყველაფრისა, ანა კურნიკოვას მაგალითს ჩოგბურთის განვითარებისთვის დადებითად მივიჩნევ. მან ქალ ჩოგბურთელებს ასწავლა - როგორ უნდა მიიპყრონ საყოველთაო ყურადღება არა მარტო კორტზე, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში. მან ჩვენი სპორტის პოპულარიზაციაზე იმუშავა. და საერთოდ, ჩოგბურთს უხდებიან ლამაზი გოგონები!

* * *
ერთ-ერთი, უიმბლდონის მოგების შემდეგ, ფედერერი ბაზელში გაემგზავრა და იქ თავის საყვარელ საფეხბურთო გუნდს - "ბაზელს" ეწვია. საერთოდ, როჯერი ყოველთვის ოცნებობდა ფეხბურთელი გამხდარიყო და ახლა, "ბაზელისგან" ხშირად იღებს საჩუქრებს. მაგალითად, საფეხბურთო მაისურა, რომელზეც ეწერა "ფედერერი №1", აგრეთვე "ოქროს ბუცი"... და კიდევ, ფედერერი ამბობს, რომ მას ხშირად ესიზმრება - როგორ გააქვს გოლები "მარაკანას", "სან სიროსა" და სხვა დიდი არენების მინდვრებზე.

* * *
- ერთხელ "ბაზელის" მწვრთნელმა თქვა, რომ თქვენ შესანიშნავი ფორვარდი ხართ. ეს სიმართლეა?
- ერთხელ ვივარჯიშე ამ გუნდთან ერთად და უდიდესი სიამოვნება მივიღე. 12 წლის ასაკში, ვოცნებობდი ერთდროულად დიდი ფეხბურთელი და დიდი ჩოგბურთელი გამოვსულიყავი.

მაგრამ, სამწუხაროდ არჩევანის გაკეთება მომიხდა. ჩოგბურთი ავირჩიე, რადგან აქ მარტო შენს თავზე ხარ დამოკიდებული. ფეხბურთში კი, მაგალითად მეკარის ერთმა შეცდომამ, შეიძლება მთელი მონდომება წყალში ჩაგიყაროს. რაც შეეხება ჩემს ფორვარდობას, აქ მწვრთნელმა გადაამეტა.

- ვინ არიან თქვენი საყვარელი ფეხბურთელები?
- ზიდანი და ტოტი.

- ფეხბურთელებს აქვთ ერთი უცნაური თვისება - თავისუფალ დროსაც კი, მეგობრებთან ერთად ბურთის გორება. თქვენ არ გიჩნდებათ თავისუფალ დროს ჩოგბურთის თამაშის სურვილი?
- არასოდეს! თავისუფალ დროს შემიძლია ვითამაშო სქვოში, რა თქმა უნდა, ფეხბურთი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ჩოგბურთი.

- საერთოდ, შვებულებას როგორ ატარებთ?
- ყველაზე მეტად უსაქმრობა მიყვარს. დროის მშვიდად გატარება ოჯახის წრეში. მსოფლიოს გარშემო ისედაც ბევრს ვმოგზაურობ, რომ თავისუფალ დროსაც სახლიდან გაქცევის სურვილი მიჩნდებოდეს. მართლაც ძალიან მომწონს უბრალოდ შინ ჯდომა.

- ჯონ მაკინროიმ ფედერერს ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი უწოდა. როგორ მოგწონთ ეს კომპლიმენტი?
- ადრე არ მიყვარდა ამგვარი კომპლიმენტები, რადგან მეშინოდა, რომ მათ ვერ გავამართლებდი. ახლა კი, მსიამოვნებს. მიყვარს, როცა მაქებენ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ თუ საუკეთესოს გიწოდებენ, შესაბამისად, შენ ეს ყველა ტურნირში უნდა დაამტკიცო.

- როგორ მოგწონთ პოპულარობა?
- როცა დიდ ჩოგბურთელობაზე ვოცნებობდი, მაშინ არ ვფიქრობდი, რომ ვალდებული ვიქნებოდი გაუთავებლად ჩამომერიგებინა ავტოგრაფები, დავსწრებოდი აუცილებელ ღონისძიებებს და ა.შ. ასეთ მომენტებში, მირჩენვია შინ დავჯდე და ოჯახთან ერთად მშვიდად ვივახშმო. მაგრამ მესმის, რომ საჩოგბურთო სამყაროს და აგრეთვე ჩემს გულშემატკივრებს ზურგს ვერ შევაქცევ.

- აქვს თუ არა ფედერერს სუსტი წერტილი?
- რა თქმა უნდა, ბოლოს და ბოლოს რობოტი ხომ არ ვარ. არის ჩემს თამაშში რაღაც, რისი გაუმჯობესებაც საჭიროა. ძალიან მიყვარს კონკურენცია და ყველაფერში სრულყოფილების მიღწევა. ყველანაირ წვრილმანშიც იდეალისკენ მივისწრაფი. მაგრამ არ მესმის, რატომ მთვლის ზოგიერთი ადამიანი მოსაწყენ პიროვნებად. მათ ხომ არ ვუნახივარ ჩვეულებრივ, არასპორტულ ცხოვრებაში!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული