ჩვენებურმა სტარტი საკვალიფიკაციო ეტაპიდან აიღო. იქ პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორეში ბრაზილიელ გუსტავო გუერესს აჯობა - 6:3, 6:1, გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ავსტრიელი მაქსიმილიან ნეუჩრისტი დაამარცხა - 7:5, 5:7, 7:5 და ძირითად ბადეში გააღწია, სადაც 22 სექტემბერს იტალიელ ერიკ ჩრეპალდის დაუპირისპირდა.
დაძაბული პაექრობა ქართველმა ჩოგბურთელმა სამ სეტში მოიგო - 6:4, 6:7, 7:6 და მერვედფინალში უკრაინელი დენის მოლჩანოვის მძლეველ (6:3, 6:3) მიხალ კონეჩნისთან (ჩეხეთი) გაარკვევს ურთიერთობას.
ალექსანდრე მეტრეველი
რაც შეეხება ქართველ ჩოგბურთელ ვაჟთა საკლასიფიკაციო მდგომარეობას, მათი მაჩვენებლები ასეთია: 96 (94). ნიკოლოზ ბასილაშვილი (561 ქულა), 418 (422). ალექსანდრე მეტრეველი (98), 891 (889). გიორგი ცივაძე (18), 1145 (1133). გიორგი ჯავახიშვილი (7), 1402 (1396). ალექსანდრე ბაკში (3), 2058 (2052). ირაკლი მეტრეველი (1).
* * *
უკრაინულ ბუჩაში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) წყვილთა პაექრობის რეიტინგფავორიტები არიან სოფიო შაფათავა და ეკატერინე გორგოძე. პირველ წრეში მათ ალონა ფომინა (უკრაინა) და დეა ჰერდზელასი (ბოსნია) დაამარცხეს - 6:1, 3:6, 10:6.
ქართველთა დუეტი მეოთხედფინალში მარგარიტა ლაზარევას (რუსეთი) და ვალერია სტრახოვას (უკრაინა) შეხვდება. რუსულ-უკრაინულმა ტანდემმა სტარტზე მასპინძლები - ნატალია მალენკო და კატერინა სლიუსარი ჩამოიშორა გზიდან - 7:6, 6:3.
ერთეულებში სოფიო ქვაცაბაია ჰანა პოზნიხირენკოსთან დამარცხდა - 3:6, 3:6.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"