ელენა იანკოვიჩს ჩინეთი უყვარს

AutoSharing Option
გუშინდელ ნომერში მოგიყევით გასული კვირის ყველაზე პრესტიჟულ - ტოკიოს ტურნირზე, რომელიც "პრემიერ" კატეგორიისა იყო და მასში აგნიეშკა რადვანსკამ გაიმარჯვა.

ასევე ჩატარდა ტურნირი ჩინეთის ქალაქ გუანგჯოუში, რომელიც International-ის კატეგორიას განეკუთვნება. ორგანიზატორებმა იყოჩაღეს და მსოფლიოს მეორე ჩოგანის, რუმინელი სიმონა ჰალეპის დათანხმება შეძლეს, რომელმაც მეოთხედფინალიდან დატოვა ტურნირი, როცა ძალიან მოულოდნელად დამარცდა ჩეხ დენისა ალერტოვასთან. ეს უკანასკნელი 22 წლისაა და ეს იყო ამ თვეში მისი მეორე მოგება TOP10-ის ჩოგბურთელთან.

მანამდე მან აშშ-ის ღიაზე დაამარცხა კარლა სუარეს-ნავარო. პირველ პარტიაში ალერტოვამ სეტზე ჩაწოდება ვერ შეძლო და
ამას შეიძლებოდა გაეტეხა ახალგაზრდა ჩოგბურთელი, მაგრამ მან მოახერხა მომდევნო შვიდი გეიმიდან ექვსის აღება და მალე მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა - 6:4, 6:3. ნახევარფინალში კი ჩეხმა ტურნირის მესამე ნომერი, იტალიელი სარა ერანი გამოთიშა ბრძოლას.

ბადის მეორე მხრიდან ფინალამდე ელენა იანკოვიჩმა მიაღწია. გზად მან ორი რუსი დაამარცხა - ელენა ვესნინა და მეოთხედფინალში სვეტლანა კუზნეცოვა. ამ მატჩებს შორის იყო სამსაათიანი მარათონი იტალიელ ფრანჩესკა სკიავონესთან. ელენას ნახევარფინალშიც გაუჭირდა. მას ხელი აწუხებდა, თან მის წინააღმდეგ შესანიშნავად თამაშობდა ბელგიელი იანინა ვიკმაიერი, რომელმაც, ამასწინ, ტოკიოში ტიტული მოიპოვა. ბელგიელს მესამე სეტში მატჩბოლიც ჰქონდა, მაგრამ, საბოლოოდ, იანკოვიჩი მაინც უფრო ძლიერი გამოდგა.

ფინალამდე ელენამ თითქმის ცხრა საათი გაატარა კორტზე. თითქოს, გადამწყვეტ მატჩში მას ძალა აღარ უნდა ჰქონოდა, მაგრამ იანკოვიჩმა უბრალოდ გაანადგურა ალერტოვა - 6:2, 6:0. ჩეხისთვის ეს პირველი ფინალი იყო კარიერაში, იანკოვიჩმა კი მე-14 ტიტული გაიფორმა.

* * *
შემადგენლობის მხრივ, ყველაზე მოკრძალებული იყო სეულის ტურნირი. აქ პირველ ნომრად რუმინელი ირინა ბეგუ იყო განთესილი, რომელმაც ფინალამდე გააღწია. აქ მისი მეტოქე ბელარუსი ალექსანდრა სასნოვიჩი იყო. ამ ჩოგბურთელმა კვალიფიკაცია გაიარა და შემდეგ, ძირითად ბადეში სამი ღირსეული მოწინააღმდეგე დაამარცხა - ალექსანდრა დულგერუ, მაგდალენა რიბარიკოვა და სლოუნ სტივენსი, თანაც მათთან მატჩებში ყოველ სეტში სამზე მეტი გეიმი არ წაუგია.

გადამწყვეტ შეხვედრაში, 3:3-მდე თანაბარი თამაში მიდიოდა, მაგრამ შემდეგ ბეგუმ ზედიზედ რვა გეიმი აიღო - 6:3, 6:1. ნებისმიერ შემთხვევაში, ბელარუსისთვის ფინალში თამაში დიდი წარმატება გახლდათ, რადგან აქამდე, WTA-ის ტურნირებზე მეოთხედფინალზე შორს არ იყო გასული.

WTA. გუანგჯოუ
ფინალი
ელენა იანკოვიჩი (სერ, 4)-დენისა ალერტოვა(ჩეხ) 6:2, 6:0.

WTA. სეული
ფინალი
ირინა ბეგუ (რუმ, 1)-ალექსანდრა სასნოვიჩი (ბლრ) 6:3, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული