კუალა ლუმპურში ტურნირი 2009 წლიდან იმართება. განთესვის უმაღლესი ნომრები ესპანელმა ვეტერანებმა - დავიდ ფერერმა და ფელისიანო ლოპესმა მიიღეს. და სწორედ მათ გააღწიეს ფინალამდე. ფერერი გზად, ძირითადად, ვეტერანებს უსწორდებოდა (შტეპანეკი, ბეკერი), ლოპესი - ახალგაზრდებს (პოსპიშილი, კირგიოსი).
ტურნირზე მეოთხე ნომრად განთესილი იყო გრიგორ დიმიტროვი, რომელიც ძალიან სუსტ სეზონს ატარებს. 24 წლის ბულგარელმა
კიდევ ერთმა ახალგაზრდამ, არაორდინარულმა და სკანდალურმა ნიკ კირგიოსმა ბულგარელზე ოდნავ უკეთ ითამაშა: ნახევარფინალამდე მივიდა, სადაც ორი ტაი-ბრეიკი წააგო ფელისიანო ლოპესთან. სხვათა შორის, კირგიოსისთვის კუალა ლუმპურის ტურნირი პრაქტიკულად საშინაოა, რადგან დედა წარმოშობით მალაიზიელი ჰყავს.
თავად ფელისიანომ კი, რომელიც ამასწინდელი ქორწილის შემდეგ გაცილებით უკეთ ათამაშდა, ფინალში მაინც წააგო თავისზე უმცროს, მაგრამ უფრო მეტად ტიტულოვან თანამემამულესთან დავიდ ფერერთან. ლოპესი პირველ სეტში ბრეიკით იგებდა, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო და პარტია 5:7 წააგო. ფერერმა ინიციატივა მოიპოვა და თამაშზე კონტროლი ბოლომდე აღარ გაუშვია ხელიდან. მეორე სეტში ლოპესი რთულად ინარჩუნებდა საკუთარ მოწოდებას 5:5-მდე, მაგრამ შემდეგ ბრეიკ-პოინტი ვერ მოიგერია, მომდევნო გეიმში კი ფერერმა მატჩბოლები მიიღო, რომელთაგან მეორე გამოიყენა.
ფერერი 50-ედ მონაწილეობდა ATP-ის ტურნირის ფინალში და 25-ე ტიტული მოიპოვა. ამასთან, 20 ფინალში დავიდის მეტოქეები ესპანელი ჩოგბურთელები იყვნენ. გარდა ამისა, კუალა ლუმპურში ტიტული მეოთხე იყო ამ სეზონში ფერერისთვის - დოჰას, რიო-დე-ჟანეიროსა და აკაპულკოს შემდეგ. ამ გამარჯვების წყალობით, ფერერი ათასი ქულით დაშორდა რიშარ გასკეს "ჩემპიონთა რბოლაში" და პრაქტიკულად გაინაღდა წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაში - მეშვიდედ კარიერაში და მეექვსედ ზედიზედ. ჩვეულებრივ რეიტინგში კი დავიდმა რაფაელ ნადალს გაუსწრო და მეშვიდე ადგილზე გადავიდა.
ფინალი
დავიდ ფერერი (ესპ, 1)-ფელისიანო ლოპესი (ესპ, 2) 7:5, 7:5.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"