გარბინ მუგურუსა უკვე მეოთხე ჩოგანია

AutoSharing Option
ქალებს გასულ კვირას ერთი ტურნირი ჰქონდათ, რომელიც პეკინში გაიმართა და ის უმაღლესი კატეგორიისა იყო. აქ ფინალური წყვილი შეადგინეს გარბინ მუგურუსამ და ტიმეა ბაშჩინსკიმ.

გადამწყვეტი მატჩის ასეთ შემადგენლობას სენსაციურს ვერ ვუწოდებთ. პეკინში პეტრა კვიტოვასა და სიმონა ჰალეპის გავარდნის შემდეგ, მუგურუსას ყველაზე მაღალი განთესვის ნომერი ჰქონდა. ბაშჩინსკიც წელს შესანიშნავ სეზონს ატარებს. წლის დასაწყისში მას 15-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა, გავიდა როლან გაროსის ნახევარფინალში და უიმბლდონის მეოთხედფინალში. თუმცა ლონდონის შემდეგ, შვეიცარიელმა აშკარად მოუკლო და ზედიზედ ოთხი ტურნირზე (ტორონტო, ცინცინატი, ნიუ ჰევენი და აშშ-ის ღია)
პირველ წრეში გამოეთიშა ბრძოლას. ფორმა ტიმეამ პეკინში დაიბრუნა, როცა TOP8-ის ორი წარმომადგენელი - კარლა სუარეს ნავარო და ანა ივანოვიჩი დაამარცხა და ფინალში გავიდა. სხვათა შორის, ამის წყალობით მან კარიერაში პირველად შეაბიჯა კლასიფიკაციის ტოპ-ათეულში, ხოლო თუ გადამწყვეტ მატჩს მოიგებდა წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაშს გაინაღდებდა.

და ბაშჩინსკიმ ფინალში შთამბეჭდავი სტარტი აიღო, ფლობდა უპირატესობას და 5:2 წაიყვანა ანგარიში. ამ მომენტისთვის, მუგურუსას არც ერთი საკუთარი გეიმი არ ჰქონდა მოგებული. შვეიცარიელმა ვერ შეძლო კარგად დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა, მუგურუსამ კი ზედიზედ ხუთი გეიმის აღება შეძლო და პირველი სეტი 7:5 მოიგო. ესპანელი მეორე სეტშიც მდევრის როლში აღმოჩნდა, მაგრამ აქ კიდევ უფრო მალე მოეგო გონს და 0:2 შემოატრიალა პარტიის ბედი - 6:4.

მიუხედავად იმისა, რომ მუგურუსამ წელს მხოლოდ პირველი ტიტული მოიგო, მას ბრწყინვალე სეზონი გამოუვიდა. ამ გამარჯვებით ის მეოთხე პოზიციაზე გადავიდა WTA-ის კლასიფიკაციაში და მესამე ადგილზე მყოფ მარია შარაპოვას მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. ორი კვირის შემდეგ, ჩოგბურთელებს გამოაკლდებათ შარშან, წლის შემაჯამებელ ტურნირზე მოპოვებული ქულები და ესპანელი აუცილებლად აღმოჩნდება რუსის წინ. იმასაც შეგახსენებთ, რომ მუგურუსას უკვე გარანტირებული აქვს WTA-ის დასკვნით ჩემპიონატში თამაში.

მომდევნო კვირას უნდა გაიმართოს International-ის კატეგორიის სამი ტურნირი ტიანძინში, ჰონგ კონგსა და ლინცში. წლის შემაჯამებელ ტურნირზე მოხვედრის პრეტენდენტებიდან ტიანძინში ითამაშებენ - ფლავია პენეტა, აგნიეშკა რადვანსკა და კაროლინა პლიშკოვა, ჰონგ კონგში - მუგურუსა, ვინუს უილიამსი და ანჟელიკ კერბერი, ხოლო ლინცში აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ პირველად გავა კორტზე ლუსი საფაროვა.

China Open
პეკინი (ჩინეთი)
ფინალი
გარბინ მუგურუსა (ესპ, 5)-ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც, 12) 7:5, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული