ეკატერინე გორგოძე-სოფიო ქვაცაბაიას დუეტმა ჩიმკენტში მთავარი პრიზი მოიგო

AutoSharing Option
18 ოქტომბერს, ყაზახურ ჩიმკენტში დამთავრდა ჩოგბურთელ ქალ-ვაჟთა საერთაშორისო ტურნირები, რომლებშიც ოთხი ქართველი მონაწილეობდა.

მანდილოსანთა შეჯიბრებაში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) წყვილთა შორის ეკატერინე გორგოძემ და სოფიო ქვაცაბაიამ იყოჩაღეს. ასპარეზობის რეიტინგფავორიტმა ჩვენებურებმა ზედიზედ აჯობეს კამილა ბოლატოვა (ყაზახეთი)-ეკატერინა გრინევიჩს (რუსეთი - 6:1, 6:1, ვიქტორია კლიმუშკინა (რუსეთი)-ალექსანდრა სტახანოვას (უზბეკეთი) - 6:2, 6:1, არინა ფოლც (უზბეკეთი)-დარია ლოდიკოვას (რუსეთი) - 6:2, 6:2 და ფინალში გავიდნენ, სადაც კამილა კერიმბაიევა (ყაზახეთი)-მარგარიტა ლაზარევას (რუსეთი) დუეტი დაამარცხეს 7:5, 6:2 და მთავარი პრიზი მოიპოვეს.

ერთეულებში მესამე ნომრად განთესილმა ეკატერინე გორგოძემ იოლად
განვლო ოთხი წრე - დაჯაბნა დარია შევჩენკო (ყაზახეთი, 6:1, 6:1), გუზელ იუსუპოვა (უზბეკეთი, 6:0, 6:2), არინა ფოლცი (უზბეკეთი, 6:4, 6:2) და პოლინა ნოვიკოვა (რუსეთი, 6:0, 6:3), ფინალში კი პოლინა კერიმბაიევას (ყაზახეთი) დანებდა - 2:6, 2:6.

სოფიო ქვაცაბაიამ, რომელმაც წინა კვირას მსგავს ტურნირში გაიმარჯვა ერთეულებში, ამჯერად მხოლოდ ორი წრე განვლო, მეოთხედფინალში კი პოლინა ნოვიკოვასთან წააგო - 6:3, 3:6, 3:6.

ჩიმკენტშივე ვაჟთა 15.000-იან ტურნირში მეორე ნომრად განთესილმა ალექსანდრე მეტრეველმა ფინალს უწია: გზიდან ჩამოიშორა ოდილ აკრამოვი (უზბეკეთი, 6:3, 6:0), როი სარუთ დე ვალკი (ჰოლანდია, 6:0, 6:3), ტიმურ ხაბიბულინი (ყაზახეთი, 6:2, 6:0), ანტონ გალკინი (რუსეთი, 6:3, 6:0). გადამწყვეტ პაექრობაში რეიტინგფავორიტ მასპინძელთან - დმიტრი პოპკოსთან პირველი ხელი 4:6 დათმო, მეორე სეტს 0:2-ს აგებდა, თამაშის გაგრძელება რომ ვერ შეძლო და მეორე ადგილს დასჯერდა.

გიორგი ცივაძე სტარტზევე დამარცხდა პოლ მონტებანთან (ჰოლანდია).

წყვილებში მეტრეველმა და ცივაძემ ჯერ მესამე ნომერი რუსები - ანტონ გალკინი და დმიტრი სურჩენკო დაჯაბნეს - 6:1, 6:2, შემდეგ მათ გზას გაუყენეს ჰოლანდიელები - როი დე ვალკი და პოლ მონტებანი - 7:6, 6:7, 11:9. ნახევარფინალში პირველ ნომრებთან - ივან გახოვსა (რუსეთი) და იარასლაუ შილასთან (ბელორუსი) წააგეს - 6:3, 3:6, 1:10.

* * *
ვენაში, ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 1.745.040 ევრო) საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსინჯა ძალები ნიკოლოზ ბასილაშვილმა (რეიტინგით 93-ე).

18 ოქტომბერს იგი პირველსავე შეხვედრაში 27 წლის იაპონელ იუიჩი სუგიტასთან (133-ე) დამარცხდა - 3:6, 5:7 და შეჯიბრებას გამოეთიშა.

* * *
თბილისელი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა ლუქსემბურგშია და 250.000-დოლარიან შეჯიბრებაში იასპარეზებს წყვილთა შორის. იგი იაპონელ მისაკი დოისთან არის შეამხანაგებული და სტარტზე ქსენია კნოლისა (შვეიცარია) ელისე მერტენსის (ბელგია) დუეტს დაუპირისპირდება.

სოფიო შაფათავა საფრანგეთის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი) ითამაშებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული