ჩეხების ცუდი დღე წლის ტურნირში

AutoSharing Option
წლის შემაჯამებელი ტურნირის მეორე დღეს ბრძოლაში "თეთრი" ჯგუფის მონაწილეები ჩაებნენ. თავდაპირველად, ურთიერთობა გაარკვიეს ესპანელმა გარბინ მუგურუსამ და ჩეხმა ლუსი საფაროვამ.

ამ მატჩში შეიძლებოდა ფავორიტად მუგურუსას დასახელება. მან შესანიშნავად ჩაატარა სეზონის მეორე ნახევარი და ორი უმაღლესი კატეგორიის ტურნირის ფინალში ითამაშა - უჰანსა და პეკინში, გუშინ კი ახალ კლასიფიკაციაში მარია შარაპოვას გაასწრო და მსოფლიოს მესამე ჩოგანი გახდა. რაც შეეხება საფაროვას, ის დიდი ხანი არ თამაშობდა ინფექციური დაავადების გამო და კორტზე მხოლოდ გასულ კვირას დაბრუნდა.

ვარაუდი გამართლდა. პირველ სეტში ბრძოლა მხოლოდ ჩეხის მოწოდებებზე
იყო. მუგურუსა ფანტასტიკურად თამაშობდა საკუთარ გეიმებში და მხოლოდ ოთხი ქულა დაუთმო მეტოქეს. მიღებაზე კი ესპანელმა ცხრა ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და აქედან ორი შანსი გამოიყენა - 6:3.

მეორე სეტის სტარტი უკეთ საფაროვას გამოუვიდა. პირველივე გეიმში მან თავისი პირველი ბრეიკი შეასრულა. ჩეხმა ეს უპირატესობა მეექვსე გეიმამდე შეინარჩუნა, რის შემდეგაც, მესამედ დათმო საკუთარი მოწოდება - 3:3.

მერვე გეიმში მუგურუსამ ოთხი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოყენა, მეცხრეში კი ორი ასეთი შანსი გაუშვა ხელიდან საფაროვამ. საბოლოოდ, ყველაფერი ტაი-ბრეიკზე გაირკვა. მე-13 გეიმში მუგურუსა მუდმივად წინ იყო - 3:0, 4:1... ჩეხმა გარძოლება შეძლო და 4:5-ზე ორი მოწოდება ჰქონდა, თუმცა ორივე წააგო და 4:7 დამარცხდა ტაი-ბრეიკზე.

მუგურუსამ ამ მოგებით რევანში აუღო ჩეხს წელს, როლან გაროსის მეოთხედფინალში მარცხისთვის.

* * *
დღის მეორე მატჩშიც დიდი იყო პირველ სეტში ერთი ჩოგბურთელის მეორეზე უპირატესობა. კერძოდ, გერმანელმა ანჟელიკ კერბერმა მხოლოდ ორი ქულა წააგო საკუთარ გეიმებში ჩეხი პეტრა კვიტოვას წინააღმდეგ, თავად კი ორი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და ორივე შანსი გარდასახა მომგებიან ქულაში - 6:2.

და აქაც, მეორე სეტში სერიოზული ბრძოლა გაჩაღდა და ყველაფერი ტაი-ბრეიკზე გაირკვა. კვიტოვამ ბრეიკით დაწინაურება მოახერხა - 3:1. ამის შემდეგ, ორივე ჩოგბურთელის მოწოდება მოიშალა და ზედიზედ სამი ბრეიკი დაფიქსირდა. ეს სერია კერბერმა შეწყვიტა, საკუთარი გეიმი მოიგო და ანგარიში გაათანაბრა - 4:4, რასაც მოჰყვა მორიგი ბრეიკი მისი მხრიდან. მაგრამ გერმანელმა მატჩზე ჩაწოდება ვერ მოახერხა და უფრო მეტიც, მე-12 გეიმში ორი სეტბოლი გადარჩენა მოუწია.

დაინიშნა ტაი-ბრეიკი, რომელშიც გერმანელი იდეალურად აწვდიდა. მან ერთი მინი-ბრეიკიც არ დაუთმო მეტოქეს და დამაჯერებლად მოიგო საჩოგბურთო ლატარია - 7:3. კვიტოვამ 44 უნებლიე შეცდომით დაასრულა შეხვედრა.

კერბერისთვის ეს მოგება მნიშვნელოვანია, რადგან ის აქამდე ორჯერ გამოდიოდა წლის შემაჯამებელ ტურნირზე და ექვსიდან მხოლოდ ერთი მატჩი ჰქონდა მოგებული. გერმანელი წელს ეცდება გატეხოს ნავსი და პირველად დაძლიოს ჯგუფური ეტაპის ბარიერი.

ოთხშაბათს, მეორე ტურში მუგურუსა კერბერს შეხვდება, ხოლო კვიტოვა და საფაროვა ჩეხურ დერბის შემოგვთავაზებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული