მუგურუსა ლიდერების მატჩში უპირისპირდებოდა გერმანელ ანჟელიკ კერბერს. შეხვედრა საათი და 39 წუთი გაგრძელდა და კორტზე, ძირითადად, თანაბარი ბრძოლა მიდიოდა.
ორივე სეტში პირველი ბრეიკი ესპანელმა შეასრულა, მაგრამ ორივეჯერ კერბერმა შეძლო ანგარიშის გათანაბრება. ორივე პარტიაში მუგურუსამ გადამწყვეტი ბრეიკი 4:4-ზე შეასრულა და შემდეგ სეტზე წარმატებით ჩააწოდა.
საერთო ჯამში, მუგურუსა უფრო აქტიურად თამაშობდა (38 "ვინერსი" 20-ის წინააღმდეგ) და ბრეიკ-პოინტების რაოდენობაც მეტი
აღსანიშნავია, რომ ეს ჩოგბურთელები წელს უკვე მეხუთედ შეხვდნენ ერთმანეთს. წლის დასაწყისში, სიდნეის ტურნირზე კერბერმა მოიგო, შემდეგ კი გერმანელი ზედიზედ სამჯერ დამარცხდა როლან გაროსზე, უიმბლდონზე და სულ ახლახანს, უჰანის ტურნირზე.
* * *
ამ მატჩამდე შედგა პირველ ტურში დამარცხებულების დუელი - ჩეხური დერბი პეტრა კვიტოვასა და ლუსი საფაროვას შორის.
პირველ პარტიაში ჩოგბურთელები შესანიშნავად თამაშობდნენ საკუთარ მოწოდებაზე. პირველ ათ გეიმში არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ დაფიქსირებულა. უფრო ხშირად, მეტოქეები "მშრალი" ანგარიშით იგებდნენ საკუთარ გეიმებს. თუმცა სეტის ბოლოს გაჩნდა ბრეიკის შანსები.
ჯერ დაფარული სეტბოლი ჰქონდა საფაროვას, მაგრამ ძალიან კარგად ითამაშა კვიტოვამ. მომდევნო გეიმში კი უკვე პეტრამ მიიღო შანსი მიღებაზე. კვიტოვამ რამდენიმე ბრწყინვალე შეტევა განახორციელა და არ დაუშვა ტაი-ბრეიკის ჩატარება.
მეორე სეტი მან ცუდად დაიწყო - შეცდომებს უმატა და საფაროვა ორი ბრეიკით დაწინაურდა - 3:0. ასეთი ხასიათის მატჩში, თითქოს მესამე სეტის თამაში გარდაუვალი იყო, მაგრამ პეტრამ ძალიან მალე გამოასწორა სიტუაცია. მან სრულად მოიპოვა ინიციატივა და აშკარად სჯობდა თანამემამულეს.
საფაროვამ შეძლო დაფარული მატჩბოლების მოგერიება 3:4-ზე და ისევ მივიდა 5:5-მდე, მაგრამ მე-12 გეიმში პირველი სეტის სიტუაცია განმეორდა. კვიტოვამ მატჩში მეოთხედ აიღო მეტოქის მოწოდება და მოგება გაიფორმა - 7:5, 7:5. შეხვედრა საათი და 47 წუთი გაგრძელდა.
თეთრ ჯგუფში ორი ტურის შემდეგ ასეთი მდგომარეობაა:
1. გარბინ მუგურუსა - 2 მოგება/0 წაგება, სეტები - 4:0, გეიმები - 25:17.
2. ანჟელიკ კერბერი - 1 მოგება/1 წაგება, სეტები - 2:2, გეიმები - 21:20.
3. პეტრა კვიტოვა - 1 მოგება/1 წაგება, სეტები - 2:2, გეიმები - 22:23.
4. ლუსი საფაროვა - 0 მოგება/2 წაგება, სეტები - 0:4, გეიმები - 19:27.
ბოლო ტურში მუგურუსა კვიტოვას ეთამაშება, კერბერი - საფაროვას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"