გუშინ, ფინალში როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი შეხვდნენ ერთმანეთს.
ფედერერს 2012 წელს, ინდიან უელსის "მასტერსის" შემდეგ არ ჰყავდა დამარცხებული ნადალი. იქედან მოყოლებული, ესპანელმა ხუთი მატჩი მოუგო ლეგენდას, თან მხოლოდ ერთი - თავის საყვარელ გრუნტზე. საერთოდ ურთიერთშეხვედრებში შვეიცარიელი 10:23-ს აგებდა.
რა თქმა უნდა, მოტივირებული იყო ნადალიც. გრუნტის საფარს თუ არ ჩავთვლით, ბოლო ტურნირი მას გასული
ნადალი უკეთ შევიდა თამაშში და პირველივე გეიმში ბრეიკ-პოინტი მიიღო. როჯერი დებიუტში არც ისე კარგად აწვდიდა, ჩავარდნები ჰქონდა, მაგრამ მაინც უდანაკარგოდ გაიარა სასტარტო გეიმები, შემდეგ კი ათამაშდა.
საბოლოოდ, როჯერმა სეტი ორმაგი ბრეიკით მოიგო, თუმცა ასეთი იოლი არ ყოფილა ყველაფერი. ნადალს ჰქონდა სეტში დაბრუნების შანსი, მაგრამ ვერ გამოიყენა, 3:5-ზე კი საკუთარი გეიმი ჩააგდო და სამი შეცდომა დაუშვა.
მეორე სეტში კარდინალურად არაფერი შეცვლილა. ფედერერი ისევ ფლობდა ინიციატივას, ღრმად თამაშობდა და ნადალი კორტიდან გაყავდა. გარდა ამისა, შვეიცარიელმა მოწოდებაც გააუმჯობესა და ეს ეისების რაოდენობაში გამოიხატა. ორ გეიმში მასპინძელს ბრეიკის შანსი ჰქონდა, მაგრამ ნადალმა გაძლო და პარტიის ბოლოს დასაჩუქრდა კიდეც.
რაფაელი ყველა ბურთზე იბრძოდა, თან, ხშირ შემთხვევაში, ეს კარგად გამოსდიოდა. შესაბამისად, ფედერერს რისკზე წასვლა უწევდა. და სწორედ ასეთ დროს დაშვებული რამდენიმე შეცდომა საკუთარი მოწოდების წაგებად დაუჯდა, რის შემდეგაც, ნადალმა სეტზე ჩააწოდა.
მესამე სეტში თითქმის თანაბარი თამაში მიდიოდა. ნადალს მთელი პარტიის განმავლობაში არ მიუღია არც ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი, ფედერერს კი მეტოქის მოწოდების მოგების პირველი შესაძლებლობა მეოთხე გეიმში მიეცა, მაგრამ რაფაელი გადარჩა.
თუმცა ესპანელმა მაინც ვერ მიიყვანა სეტი ტაი-ბრეიკამდე. მერვე გეიმში ნადალმა გეიმბოლი გაფლანგა, ბრეიკ-პოინტი მისცა მეტოქეს და დაისაჯა ამის გამო. მომდევნო გეიმში ფედერერმა მეორე ცდიდან გამოიყენა მატჩბოლი.
ზედიზედ მესამე ტურნირია, ნადალი ახლოს იყო ტიტულთან, მაგრამ ისევ ცოტა დააკლდა. თუმცა მისმა გულშემატკივრებმა არ უნდა ინერვიულონ - ის სწორ გზაზეა.
როჯერმა კი შემტევ სტილში მოიგო კარიერაში 88-ე ტიტული. გარდა ამისა, დღეიდან ფედერერი ისევ გახდება რეიტინგის მეორე ნომერი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"