ATP World Tour Finals: ნადალი უკვე ფავორიტია

AutoSharing Option
წლის შემაჯამებელი ტურნირის მეორე ფინალისტი რაფაელ ნადალი გახდა. ესპანელი 22-ედ ხვდებოდა ენდი მარეის და ერთ-ერთი ყველაზე იოლი გამარჯვება მოიპოვა ბრიტანელ ჩოგბურთელზე.

მარეიმ მხოლოდ პირველ ნახევარ საათში გაუწია ნადალს რეალური წინააღმდეგობა. მასპინძლისთვის ყველაფერი შესანიშნავად იწყებოდა: ენდიმ პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა, მაგრამ უპირატესობის განვრცობა ვერ შეძლო. უკვე მეორე გეიმიდან დაიწყო მან უნებლიე შეცდომების დაშვება, რამაც მისი განადგურება გამოიწვია.

რაფამ მომენტალურად შეასრულა უკუბრეიკი და თამაშზე კონტროლი დააწესა, რომელიც ბოლომდე აღარ დაუკარგავს. მარეის მთავარი პრობლემა მოწოდება იყო: პირველ ბურთს 43 პროცენტის სიზუსტით ახვედრებდა მიზანში,
მეორე მოწოდებაზე კი მხოლოდ 10 ქულა აიღო 29 შესაძლებლიდან. ასეთი სტატისტიკით ნადალის დამარცხება შეუძლებელია.

ამის წყალობით, ნადალმა ხუთი ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ ბოლო მომენტში მარეი ახერხებდა გადარჩენას, თუმცა მეათე გეიმში, მეექვსე ცდაზე რაფამ მაინც შეასრულა მეორე ბრეიკი და ამით პირველი სეტი მოიგო.

მეორე სეტის დასაწყისი პირველის ბოლო ნაწილს ჰგავდა. ენდი საკუთარ მოწოდებაზე იტანჯებოდა, ნადალი კი იოლად იღებდა ქულებს. ერთადერთი გეიმი ბრიტანელმა სეტის შუაში აიღო - 0:3-ზე. ესპანელმა კი ბრეიკების რიცხვი ოთხამდე აიყვანა - 6:4, 6:1. აღვნიშნავთ, რომ ენდის ამ მატჩში ერთადერთი ბრეიკ-პოინტის შანსი ჰქონდა.

ურთიერთშეხვედრებში ნადალმა 16:6 წაიყვანა ანგარიში.

* * *
მეორე მატჩში სტენ ვავრინკასა და დავიდ ფერერს შორის, დაახლოებით იგივე სცენარი განვითარდა: ერთმა ჩოგბურთელმა შეხვედრის დასაწყისში უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ ვერ შეძლო მისი შენარჩუნება, მეორე სეტში კი განადგურდა.

შეხვედრის სტარტი ესპანელს დარჩა, რომელმაც ბრეიკით წაიყვანა ანგარიში - 3:1. ფერერმა ეს სხვაობა მეცხრე გეიმამდე შეინარჩუნა და 5:3-ზე სეტზე აწვდიდა.

ვეტერანს სეტბოლიც ჰქონდა, მაგრამ ორმაგი შეცდომა დაუშვა და ამის შემდეგ, მისი თამაში მთლიანად მოიშალა. ვავრინკამ ზედიზედ ოთხი გეიმის აღებით 7:5 მოიგო პირველი სეტი. მეორე პარტიაში კი ფერერს ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია და შვეიცარიელმა იოლად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე - 7:5, 6:2.

ილიე ნასტასეს ჯგუფი
II ტური
რაფაელ ნადალი (ესპ, 5)-ენდი მარეი (ბრიტ, 2) 6:4, 6:1.
სტენ ვავრინკა (შვეიც, 4)-დავიდ ფერერი (ესპ, 7) 7:5, 6:2.

სატურნირო მდგომარეობა
1. რაფაელ ნადალი - 2 მოგება/2 წაგება (სეტები - 4:0; გეიმები - 24:10)
2. სტენ ვავრინკა - 1/1 (2:2; 18:19)
3. ენდი მარეი - 1/1 (2:2; 17:20)
4. დავიდ ფერერი - 0/2 (0:4; 15:25)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული