რეიტინგები: ფედერერი მარეის ვერ დაეწია

AutoSharing Option
მამაკაცების სეზონი დასრულდა და შეიძლება ATP-ის რეიტინგის შეჯამება.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა მეოთხედ დაასრულა სეზონი პირველი ჩოგანის რანგში. ამასთან, ის კარიერაში პირველად ლიდერობდა კლასიფიკაციას მთელი წლის განმავლობაში. პირველ პოზიციაზე გატარებული კვირების რაოდენობით, ნოვაკი უკვე მეხუთე ადგილზე გადავიდა - ცოტა ხნის წინ მან ჯონ მაკინროის გაუსწრო.

მეოთხე ადგილზე მყოფ ჯიმი კონორსამდე ჯოკოვიჩს 90 კვირა უკლია. სერბი უკვე ზედიზედ 73 კვირაა ლიდერობს რეიტინგში, რაც ხანგრძლივობით მეცხრე უწყვეტი სერიაა ისტორიაში. შეგახსენებთ, რომ რეკორდი როჯერ ფედერერს ეკუთვნის - 237 კვირა.

2015 წელს, რეიტინგის TOP5-ში მხოლოდ ერთი
დებიუტანტი ვიხილეთ. ის გახდა მილოშ რაონიჩი, რომელიც მაისში ერთი კვირით აღმოჩნდა მეოთხე ადგილზე. ასევე საკუთარი პირადი რეკორდები გაამყარეს კეი ნიშიკორიმ და ტომაშ ბერდიხმა - მათაც პირველად მიაღწიეს მეოთხე პოზიციამდე.

რაც შეეხება ტოპ-ათეულს, აქაც ერთი დებიუტანტი იყო - კევინ ანდერსონი. ამასთან, სამხრეთაფრიკელი, რომელიც ამბობდა, რომ საუკეთესო ათეულში მოხვედრა მისი ოცნებაა, TOP10-ში მხოლოდ ერთი კვირა იმყოფებოდა.

საერთო ჯამში, ზედა ეშელონში ძველმა ლიდერებმა შეინარჩუნეს ადგილები. ეს შესამჩნევი იყო ATP-ის წლის შემაჯამებელი ჩემპიონატის შემადგენლობით, რომელშიც 2014 წელთან შედარებით, ერთი ცვლილება მოხდა - მარინ ჩილიჩის ნაცვლად დავიდ ფერერმა ითამაშა. წელს, სეზონის შემაჯამებელ ტურნირზე დებიუტანტები ვერ ვიხილეთ.

ჯერჯერობით, არც ისე ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე მოჩანს, რომლებმაც ვეტერანები უნდა შეცვალონ. პროგრესი ჰქონდათ ბერნარდ ტომიჩსა და დომინიკ ტიმს, რომლებმაც წელი ტოპ-ოცეულში დაასრულეს. 21 წლამდე ჩოგბურთელთაგან ორი მოთამაშეა TOP50-ში - ნიკ კირგიოსი და ბორნა ჩორიჩი.

* * *
აქვე ვისაუბროთ წლის შემაჯამებელ ტურნირზე, სადაც გაიმართა რეიტინგის მეორე ადგილისთვის ბრძოლა ენდი მარეისა და როჯერ ფედერერს შორის. ბრიტანელს ორი მოგება სჭირდებოდა ამ პოზიციის გასანაღდებლად, მაგრამ ენდიმ მხოლოდ დავიდ ფერერს მოუგო, რაფაელ ნადალთან და სტენ ვავრინკასთან კი დამარცხდა.

ამით ბრიტანელმა შანსი მისცა ფედერერს. ამასთან, როჯერს ტურნირის მოგება სჭირდებოდა, თან ისე, რომ გზად არც ერთი მატჩი არ უნდა წაეგო. შვეიცარიელმა იდეალურად ჩაატარა ჯგუფური ეტაპი, სადაც თვით ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუგო, შემდეგ ფინალში გავიდა, სადაც ისევ ნოვაკს შეხვდა.

შვეიცარიელისა და სერბის მეორე მატჩში უფრო ძლიერი ჯოკოვიჩი აღმოჩნდა. სერბმა კარიერაში საუკეთესო სეზონი ბოლო ტიტულით დაასრულა. საბოლოოდ, მან წელს 16 585 ქულა დააგროვა! მისი უპირატესობა ენდი მარეისთან 7915 ქულას შეადგენს! ნოვაკმა მთელი რიგი ტურნირები უნდა ჩააგდოს, რომ მისი მეტოქეები ასე თუ ისე ღირსეულ მანძილამდე მიუახლოვდნენ სერბს.

საერთოდ, ATP-ის წლის შემაჯამებელი ჩემპიონატის შემდეგ ტოპ-ათეულში არც ერთი ცვლილება არ მოხდა. ნადალმა რთული სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულა. ესპანელმა შესანიშნავად ჩაატარა წლის დასკვნითი ნაწილი. ბოლო ტურნირზე მან 600 ქულა დააგროვა, რითაც სოლიდური სხვაობა დააფიქსირა მდევრებთან - ბერდიხთან, ფერერთან და ნიშიკორისთან.

მარეიმ კარიერაში პირველად დაასრულა წელი მეორე ადგილზე. ამასთან, მას აქვს ქულების მარაგის შევსების შესაძლებლობა. მაგალითად, დევისის თასის ფინალში ენდის შეუძლია 275 ქულა გამოიმუშავოს.

ATP. TOP10
1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 16 585
2(2). ენდი მარეი (ბრიტ) 8 670
3(3). როჯერ ფედერერი (შვეიც) 8 265
4(4). სტენ ვავრინკა (შვეიც) 6 865
5(5). რაფაელ ნადალი (ესპ) 5 230
6(6). ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 4 630
7(7). დავიდ ფერერი (ესპ) 4 340
8(8). კეი ნიშიკორი (იაპ) 4 235
9(9). რიშარ გასკე (საფ) 2 850
10(10). ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) 2 635

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული