გორგოძე და ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის 1/4-ფინალში გავიდნენ

AutoSharing Option
ანტალიაში გრძელდება ჩოგბურთელ ქალ-ვაჟთა 10.000-იანი საერთაშორისო ტურნირები. მანდილოსნებში ძალებს ორი ქართველი ცდის.

პირველ ნომრად განთესილმა ეკატერინე გორგოძემ მეორე წრეში ხორვატი მირიანა დრაჟიჩი დაამარცხა - 6:1, 6:2 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ასპარეზობის მეშვიდე ნომერ ალონა ფომინას (უკრაინა) დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა დომინიკ კოვინგტონი (დიდი ბრიტანეთი) ჩამოიშორა გზიდან - 6:0, 6:3.

წარმატებას მიაღწია მეორე ნომერმა სოფიო ქვაცაბაიამაც - იაპონელ საცუკი ტაკამურას აჯობა დაძაბულ პაექრობაში - 6:7, 7:6, 6:1. მეოთხედფინალში ჩვენებურს მეტოქეობას გაუწევს ბულგარელი პეტია არშინკოვა, რომელმაც გუშინ ნატალი კალიმუნზეროვას (ჩეხეთი) სძლია - 6:2,
6:2.

მეოთხედფინალში ასევე ითამაშებენ: ლაურა რიგოზი (ბრაზილია)-ჯული ნოე (დანია), მერლის ჟუპერი (ავსტრია)-ელენა გაბრიელა რუსე (რუმინეთი).

* * *
ანტალიაშივე, ჩოგბურთელ ვაჟთა ტურნირზე გიორგი ჯავახიშვილი ასპარეზობის რეიტინგფავორიტ რიკარდო ბელოტის დაუპირისპირდა. აპენინელმა ჩვენებურს ორ სეტში აჯობა - 6:2, 6:2. ჯავახიშვილი შეჯიბრებას გამოეთიშა.

ამის მიუხედავად, იგი თურქეთში რჩება და მომდევნო კვირიდან ანტალიის ახალ 10.000-იან ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, ანკარაში ქალთა 50.000-იან ტურნირში კი სოფიო შაფათავა მოსინჯავს ძალებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული