ეკატერინე გორგოძე ანტალიის ტურნირის ფინალში კარპატელს დანებდა

AutoSharing Option
გუშინ, 13 დეკემბერს, ანტალიაში დამთავრდა ჩოგბურთელ ქალთა 10.000-იანი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ასპარეზობის რეიტინგფავორიტმა ეკატერინე გორგოძემ ფინალური ორთაბრძოლა დათმო და მეორე ადგილს დასჯერდა.

ჩვენებურმა ზედიზედ ოთხ მეტოქეს აჯობა - ავსტრიელ ნატაშა ბრედლის (6:0, 3:6, 6:2), ხორვატ მარიანა დრაჟიჩს (6:1), 6:2), უკრაინელ ალონა ფომინას (6:1, 6:4) და ბრაზილიელ პიგოსს (6:4, 4:6, 6:0), მაგრამ გადამწყვეტი ორთაბრძოლისას რუმინელ ელენა გაბრიელა რუსეს ვერაფერი მოუხერხა - 6:1, 6:7, 2:6.

საგულისხმოა, რომ კარპატელმა ნახევარფინალში მეორე ნომრად განთესილ სოფიო ქვაცაბაიას მოუგო - 5:7, 6:1, 6:1. მანამდე ქართველმა ჩოგბურთელმა
პორტუგალიელი კლაუდია სისნსი (6:4, 2:6, 6:2), საცუკი ტაკამურა (6:7, 7:6, 6:1) და ბულგარელი პეტია არშინკოვა (6:4, 6:3) ჩამოიშორა გზიდან.

* * *
დღეიდან თურქეთის დედაქალაქი ანკარა ჩოგბურთელ ქალთა 50.000-იან საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს, რომლის ძირითად ბადეში მე-7 ნომრად განთესილი სოფიო შაფათავა მოსინჯავს ძალებს. სტარტზე იგი რუმინელ კრისტინა დინუს შეხვდება.

წყვილებში ასპარეზობის მეოთხე ნომერი შაფათავა და სინდი ბურგერი (ჰოლანდია) კიმ-ალისე გრაიდეკსა (გერმანია) და ეკატერინა იაშინასთან (რუსეთი) გაარკვევენ ურთიერთობას.

* * *
ანტალიაში ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) საკვალიფიკაციო ბადეში ჩაება გიორგი ჯავახიშვილი, რომელმაც ორი მეტოქე დაამარცხა: ბულგარელები - ფერდენ შევკედოვი (6:0, 6:2) და ალექს მარტინსკი (6:1, 6:1).

დღეს ძირითად ბადეში გასასვლელად რუმინელ ნიკოლ ფრენზას დაუპირისპირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული