აზარენკას ტრიუმფი - ძველი ვიკა დაბრუნდა

AutoSharing Option
ასევე სამი ტურნირის გაიმართა გასულ კვირას ქალების ტურში. ჩვენ უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ ბევრმა ფავორიტმა ვერ შეძლო კორტზე გასვლა სხვადასხვა ტრავმის გამო - სერენა უილიამსმა, მარია შარაპოვამ, სიმონა ჰალეპმა, გარბინ მუგურუსამ, პეტრა კვიტოვამ....

რეიტინგის ლიდერების არყოფნაში, ბრისბენში გაილაღა ვიქტორია აზარენკამ, რომელმაც ხუთ მატჩში, ჯამში მხოლოდ 14 გეიმი დათმო და ფინალში გერმანელი ანჟელიკ კერბერი გაანადგურა - 6:3, 6:1. ბელარუსს 23 "ვინერსი" ჰქონდა, თან მხოლოდ ცხრა უნებლიე შეცდომა დაუშვა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ აზარენკა დაუბრუნდა იმ ფორმას, რომელიც რეიტინგში ლიდერობისას ჰქონდა,
საერთოდ კი მან 2013 წლის აგვისტოს შემდეგ პირველი ტურნირი მოიგო. ბრისბენში ნაჩვენები თამაში იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ ვიკა ავსტრალიის ღია პირველობაზე ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება.

* * *
ავსტრალიის ღიას კიდევ ერთი აშკარა ფავორიტი იქნება აგნიეშკა რადვანსკა, რომელსაც კარიერაში საუკეთესო მომენტი უდგას. მან 2015 წელი შემაჯამებელი ჩემპიონატის მოგებით დაიწყო, დეკემბერში, საჩვენებელ ტურნირში - პრემიერლიგაში ითამაშა და ყველაზე ეფექტურ მოთამაშედ დასახელდა, ახლა კი, ჩინეთის შენჟენში იოლი გასეირნება მოიწყო - ისე აიღო მთავარი პრიზი, რომ სეტი არ წაუგია, თან მხოლოდ ერთ პარტიაში დათმო ოთხი გეიმი.

ფინალში პოლონელმა საათსა და 16 წუთში სძლია ამერიკელ ელისონ რისკეს - 6:3, 6:2. აგნიეშკამ კარიერაში მე-18 ტიტული მიითვალა.

ოკლენდში გაიბრწყინა ამერიკელმა სლოუნ სტივენსმა, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა გამარჯვებას კაროლინ ვოზნიაცკის უწინასწარმეტყველებდა. მაგრამ ამერიკელმა დანიელის დამარცხება ორდღიან ნახევარფინალში მოახერხა (6:2, 7:6), რის შემდეგაც, გადამწყვეტ მატჩში გერმანელ იულია გორგესს გაუსწორდა - 6:2, 7:5.

გორგესმა ვერც ერთხელ ვერ აიღო მეტოქის მოწოდება და მატჩის პირველ ნაწილში თანაბარი ბრძოლის შემდეგ, ბოლო 11 გეიმიდან ცხრა დათმო. სტივენსისთვის ეს მხოლოდ მეორე ტიტულია კარიერაში.

* * *
გასულ კვირას, ასევე გაიმართა ჰოპმანის თასის 28-ე გათამაშება. წლევანდელი ტურნირი იმით იყო გამორჩეული, რომ მასში ავსტრალიის ორმა ნაკრებმა ითამაშა - "ოქროს ავსტრალიამ" და "მწვანე ავსტრალიამ".

A ჯგუფში იმაჯვა უკრაინის ნაკრებმა. ამ გუნდის წევრებმა - ელინა სვიტოლინამ და ალექსანდრ დოლგოპოლოვმა ყველა ერთეულთა მატჩი მოიგეს, წყვილთა მატჩებში დამარცხდნენ და სამივე შეხვედრა 2:1 დაასრულეს.

მეორე ჯგუფში იდეალური შედეგი აჩვენეს "მწვანე" ავსტრალიელებმა. აქ გადამწყვეტი აღმოჩნდა მასპინძლების შეხვედრა ბრიტანეთთან. ნიკ კირგიოსმა, მოულოდნელად, ენდი მარეის მოუგო, გადამწყვეტი ქულა კი ავსტრალიამ წყვილებში აიღო.

ფინალში პირველები კორტზე დარია გავრილოვა და სვიტოლინა გავიდნენ. ავსტრალიელმა რთული გამარჯვება მოიპოვა - 6:4, 7:6(6). აღვნიშნავთ, რომ მეორე სეტში სვიტოლინას ხუთი სეტბოლი ჰქონდა. ამის შემდეგ, კირგიოსმა დამაჯერებლად სძლია დოლგოპოლოვს - 6:3, 6:4. ასე რომ, ისტორიაში მხოლოდ მეორედ, მასპინძელმა ნაკრებმა შეძლო ჰოპმანის თასის მოგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული