ეკატერინე გორგოძე ანტალიაში იგებს, ალექსანდრე მეტრეველი - ბანკოკში

AutoSharing Option
გუშინ, 13 იანვარს, ანტალიაში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) წარმატებით ითამაშა ეკატერინე გორგოძემ: ერთეულებში მეორე ნომრად განთესილმა ჩვენებურმა სტარტზე ავსტრიელ ივანა ჰორვატს სძლია - 6:0, 6:1 და მერვედფინალში გავიდა, სადაც ხორვატ მარიანა დრაჟიჩს შეხვდება. ამ უკანასკნელმა უნგრელ აგნეს ბუკტას მოუგო - 6:2, 7:5.

წყვილებში გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია ასპარეზობის რეიტინგფავორიტები არიან, თუმცა ივანა ჰორვატისა (ავსტრია) და იანა მორდერგერის (გერმანია) დუეტს პირველი სეტი მხოლოდ დაძაბული პაექრობის შემდეგ ტაიბრეიკში მოუგეს - 7:6, მეორეში კი 6:4 გაიმარჯვეს და მეოთხედფინალში ქრისტინა
ადამესკუსა (რუმინეთი) და ქემრე ანილს (თურქეთი) დაუპირისპირდებიან.

თურქულ-რუმინულმა წყვილმა კი სტარტზე ესენ კოკჩესა (თურქეთი) და ეკატერინა წიკლაურის (რუსეთი) ტანდემი ჩამოიშორა გზიდან - 6:3, 6:1. საგულისხმოა, რომ ადამესკუმ ერთეულების პირველ წრეში ქვაცაბაია დაამარცხა.

* * *
ბანკოკის ჩელენჯერტურნირში (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი) ცდის ძალებს ალექსანდრე მეტრეველი.

პირველ წრეში მან ინდოელი სამან სინგხი დაჯაბნა - 6:2, 1:6, 6:4. დღეს მერვედფინალში მასპინძელ კიტიპონ ვაჩირამანოვონგის მძლეველ (6:4, 7:5) მარკო ტეპავაჩთან (სერბეთი) გაარკვევს ურთიერთობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული