ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის ნახევარფინალში გავიდნენ

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელები - ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია ანტალიაში ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) წყვილთა შორის პირველ ნომრად არიან განთესილნი.

ჩვენებურებმა უკვე მეორე შეხვედრა მოიგეს - გუშინ ქრისტინა ადამესკუსა (რუმინეთი) და ქემრე ანილს (თურქეთი) აჯობეს - 6:3, 6:2 და ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც ასპარეზობის მესამე ნომერ უნგრელებს - ანა ბონდარსა და რებეკა სტოლმარს დაუპირისპირდებიან. მადიარებმა მეოთხედფინალში მინამი აკიამა (იაპონია) და ანა სლოვაკოვა (ჩეხეთი) ჩამოიშორეს გზიდან - 6:4, 6:3.

მეორე ნახევარფინალში ითამაშებენ ანგელ ბუკტა (უნგრეთი), იულია გრაბნერი (ავსტრია)-ტარა მოორი (დიდი
ბრიტანეთი), ჟასმინა ტინჯიჩი (ბოსნია).

ეკატერინე გორგოძემ ერთეულებშიც მოიპოვა მეორე გამარჯვება - გუშინ ხორვატ მარიანა დრაჟიჩს დააყრევინა ფარ-ხმალი - 6:4, 6:3. მეოთხედფინალში იგი უკრაინელი ოლექსანდრა ანდრეევას მძლეველ (6:2, 6:4) პია ჩუკთან (სლოვენია) გაარკვევს ურთიერთობას.

* * *
ბანგკოკში ჩოგბურთელ ვაჟთა ჩელენჯერტურნირზე (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი) წარმატებით ასპარეზობს ალექსანდრე მეტრეველი.

გუშინ მერვედფინალში იგი სერბ მარკო ტეპავაჩს შეხვდა. პირველი ხელი ქართველმა ჩოგბურთელმა 3:6 დათმო, მეორეში 6:4 იმარჯვა. მესამე სეტში 2:0-ს რომ იგებდა, მეტოქემ ტრავმის გამო ორთაბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო.

მეოთხედფინალში მეტრეველი მესამე ნომრად განთესილ ტაივანელ ჯეისონ იუნს გაუწევს მეტოქეობას. ამ უკანასკნელმა ბენჟამინ ბალეტერი (მონაკო) დაჯაბნა - 6:2, 6:2.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული