ავსტრალიის ღია პირველობა: ფედერერი vs ჯოკოვიჩი: 45-ედ

AutoSharing Option
მამაკაცების მეოთხედფინალებმა არ გაამართლა ჩოგბურთის მოყვარულთა იმედები. პირველები კორტზე როჯერ ფედერერი და ტომაშ ბერდიხი გავიდნენ. წინა წრეში, შვეიცარიელმა ძალიან იოლად გაიარა დავიდ გოფენის ბარიერი, ბერდიხს კი ხუთი სეტი დასჭირდა რობერტო ბაუტისტა-აგუტის დასამარცხებლად.

ამ ფაქტორის გათვალისწინებითაც, ფედერერი ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ მატჩის დებიუტი ჩეხს დარჩა. როჯერი არც ისე კარგად შევიდა თამაშში და პირველ გეიმებში ბევრ შეცდომას უშვებდა, თუმცა მალე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება.

ფედერერს ჰქონდა სათამაშო უპირატესობა, მაგრამ ვერ ახერხებდა მის რეალიზებას. ტომაშს საერთოდ არ მისდიოდა პირველი მოწოდება და მის ყველა გეიმზე ბრძოლა
იყო. მან მაინც მიაღწია ტაი-ბრეიკამდე, მაგრამ იქ როჯერმა თავიდანვე მოიპოვა სამბურთიანი უპირატესობა და პარტიის ბოლომდე შეინარჩუნა.

მეორე სეტში ფედერერი ახალ დონეზე გავიდა. ის აგრძელებდა აქტიურად თამაშს და ამასთან, თითქმის აღარ ცდებოდა, ასეთ დროს კი შვეიცარიელი შეუჩერებელია. მან მოკლე დროში მოიგო მეორე პარტია, მესამეში კი ოდნავ გაუჭირდა. ტომაში ისევ დაწინაურდა ბრეიკით, მაგრამ კვლავ ვერ შეინარჩუნა უპირატესობა.

4:4-ზე როჯერმა მოიგო გრძელი გეიმი მიღებაზე და შემდეგ იოლად აიღო საკუთარი მოწოდება - 7:6(4), 6:2, 6:4. შვეიცარიელმა 48 "ვინერსი" შეასრულა, რომლებიც სეტებში თანაბრად გადაანაწილა - თითოში 16.

* * *
როჯერის მეტოქე ირკვეოდა ნოვაკ ჯოკოვიჩისა და კეი ნიშიკორის შეხვედრაში. აქ ყველა ბრძოლას ელოდა, რადგან ახსოვდათ ის 100 უნებლიე შეცდომა, რომელიც სერბმა ჟილ სიმონთან წინა წრის შეხვედრაში დაუშვა. მაგრამ, ამჯერად, მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა გაცილებით სუფთად ითამაშა.

ნიშიკორი აქტიურ მოქმედებას ცდილობდა, მაგრამ ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა, რაც იაპონელისთვის დამახასიათებელი არ არის. 54 უნებლიე შეცდომით, ჯოკოვიჩის დამარცხება შეუძლებელია, შესაბამისად, მივიღეთ სერბის დამაჯერებელი გამარჯვება - 6:3, 6:2, 6:4.

ახლა, წინ გვაქვს ფედერერისა და ჯოკოვიჩის რიგით 45-ე დაპირისპირება. ურთიერთშეხვედრათა ანგარიში თანაბრია - 22:22.

1/4 ფინალი
კაცები

ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ნიშიკორი (იაპ, 7) 7:6(4), 6:2, 6:4
ფედერერი (შვეიც, 3)-ბერდიხი (ჩეხ, 6) 6:3, 6:2, 6:4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული