საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები ფედერაციის თასისთვის ემზადება

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელები მიმდინარე კვირას რამდენიმე საერთაშორისო ტურნირში ჩაებნენ. სამწუხაროდ, მათ თავიანთი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინეს.

სოფიო შაფათავამ საფრანგეთში ქალთა 50-იანი შეჯიბრების საკვალიფიკაციო ეტაპიდან აიღო სტარტი. პირველ ორ წრეში იტალიელებს - ნასტასია ბურნეტსა და ჯორჯია ბრეშას სძლია, ძირითად ბადეში გადასასვლელი შეხვედრა კი რუს ეკატერინა ალექსანდროვასთან დათმო - 4:6, 2:6.

სოფიომ ვერც წყვილებში იყოჩაღა - ვალენტინა ივახნენკოსთან (რუსეთი) ერთად მირთი ჟორჟეს (საფრანგეთი) და იზაბელა შინიკოვას (ბულგარეთი) დუეტთან დამარცხდა - 0:6, 2:6.

სოფიო შაფათავა ახლა საქართველოს ნაკრების სხვა წევრებთან (ეკატერინე გორგოძე, სოფიო ქვაცაბაია,
ოქსანა კალაშნიკოვა, კაპიტანი მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი
) ერთად ისრაელის ქალაქ ეილათში გაემგზავრება, სადაც 3-6 თებერვალს ფედერაციის თასის გათამაშების პირველ ევრო-აფრიკულ ზონაში მსოფლიო ჯგუფის პლეი ოფში გასასვლელად იბრძოლებს.

ჩვენი გუნდი B ჯგუფში დიდ ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკასთან გაარკვევს ურთიერთობას. მეტოქეთა სავარაუდო შემადგენლობები ასეთია:

დიდი ბრიტანეთი: იოჰანა კონტა, ჰიზერ უოტსონი, ენ სმიტი, ჯოსელინ რაე;
სამხრეთი აფრიკა: ჩანელ სიმონდსი, ილზე ჰატინგი, მადრი ლე რუ, მიშელ სამონსი.

შეგახსენებთ, რომ ეილათში კიდევ 11 ქვეყნის წარმომადგენლები შეიკრიბებიან. ისინი წილისყრით სამ ჯგუფში გადანაწილდნენ.

A ჯგუფი: შვედეთი, პორტუგალია, უკრაინა.
C ჯგუფი: ხორვატია, ესტონეთი, ისრაელი, თურქეთი.
D ჯგუფი: უნგრეთი, ბელგია, ბულგარეთი, ლატვია.

შეჯიბრების რეგლამენტით, პირველ ნახევარფინალში A და C ჯგუფების, ხოლო მეორეში B და D ჯგუფების საუკეთესო გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს. გამარჯვებულები ფედერაციის თასის მსოფლიო ჯგუფის პლეი ოფში ითამაშებენ.

ჯგუფებში ბოლო ადგილებზე გასულნი პირველ ზონაში დასარჩენად იასპარეზებენ.

* * *
ანტალიაში 10.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოდიოდა ანა ახალკაცი. პირველი შეხვედრა მან შოვალ ფანანს (ისრაელი) მოუგო - 6:2, 6:3, მეორეში კი მასპინძელ აილა აქშუს დანებდა - 3:6, 1:6.

წყვილებში ანამ და იტალიელმა არიანა კაპოგროსმა პირველი ბარიერი გადალახეს - გუშინ სტეფანი ბელოვუკოვიჩსა (ავსტრალია) და დანაი პეტრულას (საბერძნეთი) აჯობეს - 6:2, 7:5.

მეოთხედფინალში ქართულ-იტალიური დუეტი მე-2 ნომრად განთესილ ლინა ჯორჩესკასა (მაკედონია) და იოანა ლორედანა როსკას (რუმინეთი) დაუპირისპირდება. ლინამ და იოანამ სტარტზე თურქები - აზრადენიზ კომლეკი და ზეინეპ ოზთურქი ჩამოიშორეს გზიდან - 6:2, 6:2.

* * *
აქტობეში (ყაზახეთი) ჩოგბურთელ ვაჟთა ტურნირში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) ასპარეზობა დაასრულეს გიორგი ცივაძემ და გიორგი ჯავახიშვილმა.

ძირითადი ბადის პირველ წრეში ცივაძე კორეელ იონგ-კიუ ლიმთან დამარცხდა - 3:6, 4:6, ჯავახიშვილს კი დუჟე კეკეზმა (ხორვატია) მოუგო - 6:1, 6:2.

ორივე ქართველი ჩოგბურთელი მომავალი კვირიდან ბაქოს 10.000-იან საერთაშორისო ტურნირში ითამაშებს. შესაძლოა, მათ ირაკლი მეტრეველიც შეუერთდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული