ავსტრალიის ღია პირველობა: ჯოკოვიჩის მე-19 ფინალი

AutoSharing Option
როჯერ ფედერერის დამარცხების შემდეგ, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი მეცხრამეტედ გავიდა "დიდი სლემის" ტურნირების ფინალში და მე-11 ტიტულის მოგებას შეეცდება.

"დიდ სლემზე" ფინალების რაოდენობით, 28 წლის ჯოკოვიჩმა პიტ სამპრასს გაუსწრო და ივან ლენდლს გაუთანაბრდა. ახლა, ის მხოლოდ რაფაელ ნადალსა (20 ფინალი) და როჯერ ფედერერს (27) ჩამორჩება.

დღის მთავარი მატჩი, რა თქმა უნდა, ნოვაკ ჯოკოვიჩისა და როჯერ ფედერერის დაპირისპირება იყო, რომელიც ღამის სესიაში გაიმართა. ჩოგბურთელები 45-ედ ხვდებოდნენ ერთმანეთს, ანგარიში კი 22:22 იყო და ნოვაკს პირველად ჰქონდა შანსი წინ გასულიყო ამ ისტორიულ დაპირისპირებაში.

მას
შემდეგ, რაც ჯოკოვიჩმა ჟილ სიმონთან მერვედფინალში 100 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ბევრმა მიიჩნია, რომ როჯერს გაუჩნდა სერბის დამარცხების კარგი შანსი. ცნობისთვის, "დიდი სლემის" ტურნირებზე ნოვაკი 2012 წლის უიმბლდონიდან მოყოლებული, ყოველთვის ამარცხებდა შვეიცარიელ ლეგენდას.

აქედან გამომდინარე, ფედერერს "ჯოკოვიჩის სინდრომი" შეეყარა. სერბის წინააღმდეგ, როჯერის დამაჯერებლობა სადღაც ქრება. შვეიცარიელი დაძაბულია, აქტიურად ვერ თამაშობს და ბევრ შეცდომას უშვებს. დაახლოებით ასეთი რამ მოხდა გუშინაც. პირველი სეტი ჯოკოვიჩმა 22 (!) წუთში მოიგო. ნოვაკი თავიდანვე ჩაერთო თამაშში, მეტოქეს უმაღლესი ტემპი და უკანა ხაზიდან თამაში შესთავაზა. მსოფლიოს პირველ ჩოგანს ბევრი "ვინერსი" არ ჰქონია, სამაგიეროდ, თითქმის არ უშვებდა შეცდომას. ფედერერი კი ცდებოდა და ამას ვერაფერს უხერხებდა. ჯოკოვიჩმა ფანტასტიკური ჩოგბურთი აჩვენა და პირველი სეტი 6:1 მოიგო.

არაფერი შეცვლილა მეორე სეტში. ნოვაკი ბევრს არბენინებდა მეტოქეს უკანა ხაზზე, თან უნაკლოდ აწვდიდა - მთელი სეტის განმავლობაში, მან საკუთარ გეიმებში მხოლოდ სამი ქულა დათმო. თან "ვინერსების" რაოდენობას მოუმატა და ასეთი ნოვაკის წინააღმდეგ ფედერერი უძლური იყო. ანგარიში გახდა - 6:1, 6:2. შვეიცარიელმა კარიერაში მხოლოდ მეორედ ვერ შეძლო "დიდი სლემის" ტურნირების მატჩებში პირველ ორ სეტში სამზე მეტი გეიმის მოგება.

და მაინც, მატჩის ამგვარი სცენარის მიუხედავად, განადგურება არ გამოვიდა. მესამე სეტში ფედერერმა, როგორც იქნა, კონცენტრირება შეძლო. თავდაპირველად, შვეიცარიელმა მოწოდება გააუმჯობესა და არ მისცა მეტოქეს თავიდანვე წინ გასვლის საშუალება. მთავარი მოვლენები სეტის შუაში განვითარდა. როჯერმა გადაარჩინა ბრეიკ-პოინტიდან საკუთარი გეიმი, შემდეგ კი მოიგო ურთულესი, 12-წუთიანი გეიმი მიღებაზე. მას ისევ ბევრი შეცდომა ჰქონდა უკანა ხაზზე, მაგრამ ამის კომპენსირებას კარგი მოწოდების ხარჯზე ახერხებდა: მთელი პარტიის განმავლობაში, ნოვაკს მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა.

ბრეიკის შემდეგ, ფედერერმა გაჭირვებით, მაგრამ შეძლო ორი თავისი მოწოდების მოგება და მატჩის მეოთხე სეტში გადაყვანა. მესამე პარტიის დასრულების შემდეგ, ორგანიზატორებმა კორტი გადახურეს მოსალოდნელი წვიმის გამო და მატჩი 10 წუთის შემდეგ განახლდა.

მეოთხე სეტში გაგრძელდა დაძაბული და სწრაფი ჩოგბურთი. 4:3-მდე ორივენი დამაჯერებლად ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებებს, მაგრამ შემდეგ, ნოვაკმა ბრეიკი შეასრულა. ამას მოჰყვა მატჩზე ჩაწოდება და ჯოკოვიჩი ზედიზედ მეხუთედ გავიდა "დიდი სლემის" ტურნირების ფინალში - 6:1, 6:2, 3:6, 6:3.

"მე ვითამაშე ფანტასტიკური პირველი ორ პარტია. სწორედ ეს არის აუცილებელი, როცა როჯერს ხვდები. დღე მე ყველაფერი გამომდიოდა. მონდომებით ვმუშაობდი იმისთვის, რომ ფედერერთან და ნადალთან კონკურენტუნარიანი ვყოფილიყავი. ეს რთული იყო, მაგრამ, ახლა, კარიერის პიკზე ვიმყოფები", - განაცხადა სერბმა. ის ზედიზედ მე-17 ტურნირის ფინალში გავიდა, რაც ფანტასტიკური მიღწევაა! რეკორდი ივან ლენდლს ეკუთვნის, რომელმაც 80-იანი წლების დასაწყისში ზედიზედ 18 ფინალი ითამაშა.

1/2 ფინალი
კაცები

ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ფედერერი (შვეიც, 3) 6:1, 6:2, 3:6, 6:3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული