- სიმართლე გითხრათ, ფანტასტიკურ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი ასეთ წარმატებას. როცა შარშან, იანვარში ლეანდერ პაესთან ერთად მიქსტი მოვიგე, საკუთარ თავს ვუთხარი: "როგორც იქნა, "დიდი სლემის" კიდევ ერთი ტურნირი დავიპყარი!" და ამის შემდეგ წავი
- გასულ წელს, "დიდ სლემზე" წყვილებსა და მიქსტში მოგებულ ხუთ ტიტულს, ახლა, ავსტრალიაში კიდევ ორი მთავარი პრიზი დაუმატეთ: წყვილებში სანია მირზასთან ერთად, მიქსტში ლეანდერ პაესთან დუეტში. ორივე პარტნიორი ინდოელია. ეს შემთხვევით მოხდა?
- ეს დამთხვევაა, თუმცა გარკვეული კანონზომიერებაც არსებობს. ინდოეთს ყოველთვის ჰყავდა წყვილებში თამაშის ოსტატები - სწრაფები, ათლეტურები.
მაგალითად, პაესისა და ბჰუპატის დუეტი - თანამედროვე ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიმაჩნია. სანია მირზაც შესანიშნავი ჩოგბურთელია: ბრწყინვალე ბექჰენდი აქვს, ძალიან კარგად თამაშობს ბადესთან. თავის დროზე, ერთეულებში საუკეთესო ოცდაათს შორის შედიოდა. კიდევ იმით გამიმართლა, რომ ორივე პარტნიორი ძალიან განსხვავებულია. ლეანდერი უფრო უკნიდან მოქმედებს, სანია კი ხშირად გადის ბადესთან. ეს საშუალებას მაძლევს - სათამაშო სტილი ვცვალო და არ გავხდე სტერეოტიპებზე დამოკიდებული.
- რა თვისებები უნდა ჰქონდეს პარტნიორს კარგი ურთიერთმოქმედებისთვის?
- პირველ რიგში, უნდა იმუშაოს დუეტის ძლიერ მხარეებზე. აირჩიოს ის ტაქტიკა, რომელსაც წარმატება მოაქვს. საერთოდ, წყვილებში თამაშისას, ძალიან ბევრია დამოკიდებული სწორ ტაქტიკურ მოქმედებაზე. როგორც წესი, იგებს ის დუეტი, რომელიც საკუთარ თამაშს მოახვევს თავს მეტოქეს.
- აუცილებელია პარტნიორთან მეგობრობა?
- მეგობრობა გაცილებით ამარტივებს საქმეს. დღეს, საერთოდ ვერ ვითამაშებდი ადამიანთან, რომელთანაც საერთო ენას ვერ ვპოულობ. კორტზე ერთობლივი გამოსვლა შეიძლება ქორწინებას შევადაროთ. იმდენ დროს ვატარებთ ერთად, რომ თანდათან მეუღლეები ვხდებით. ან დები, როგორც ეს სანია მირზას შემთხვევაშია.
- ხდება თუ არა ისე, რომ დგებით წყვილში ჩოგბურთელის გვერდით და მაშინვე ხვდებით - არაფერი გამოვა?
- პირველი ვარჯიშის მიხედვით არ შეიძლება სერიოზული დასკვნების გაკეთება. თუ რაღაც არ გამოდის, საჭიროა კიდევ სცადო. ავიღოთ ჩემი და ფლავია პენეტას დუეტი. თავიდან ვერ ავაწყვეთ თამაში, მაგრამ 2014 წლის შემოდგომაზე ამერიკის ღია პირველობის ფინალამდე მივაღწიეთ. და მხოლოდ გადამწყვეტი მატჩი წავაგეთ. სხვა საქმეა, რომ პენეტა, პირველ რიგში, ერთეულების მოთამაშე იყო. ეს ეტყობოდა მის დამოკიდებულებას წყვილთა მატჩებსა და ვარჯიშებზე.
ხანდახან, ფლავიას მოუცლელობის გამო, მისი შემცვლელის ძებნა მიწევდა. რაღაც მომენტში ერთბაშად სამი პარტნიორი მყავდა: პენეტა და კიდევ ორი გოგონა, რომლებიც მას სპარინგების დროს ცვლიდნენ. ამ მხრივ, სანიასთან უფრო მარტივად არის ყველაფერი. ის ჩემსავით მხოლოდ წყვილებში და მიქსტში გამოდის, რაც გვიადვილებს პროცესის ორგანიზებას.
- კვლავაც შესანიშნავ ფორმაში იმყოფებით. დღევანდელი ვარჯიშები ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც 10-15 წლის იყო?
- ადრე თითქმის ორჯერ მეტს ვვარჯიშობდი. დატვირთვები გაცილებით დიდი იყო, რადგან მაშინ ერთეულებშიც გამოვდიოდი. ახლა, უკვე 35 წლის ვარ და პირველ პლანზე რეაბილიტაცია გამოდის. ხანდახან ვარჯიშის სურვილი მაქვს, მაგრამ საკუთარ თავს ვაკავებ: "საკმარისია, დამშვიდდი". კორტზე დამატებითმა სამუშაომ, შესაძლოა, ზიანი მოიტანოს და არა სარგებელი: სხეული, უბრალოდ, აღდგენას ვერ ასწრებს. ჩვენ ხომ წელიწადში 35-40 თვე მთელს მსოფლიოში ვმოგზაურობთ.
- კვების მხრივ, რა ხდება?
- ბუნებრივია, გიწევს მუდმივად აკონტროლო რაციონი. ბოლო წლებში, სპორტის ჩვენი სახეობა სერიოზულად შეიცვალა - ძალის გარდა, სულ უფრო მეტად გჭირდება ამტანობა. საკმარისია დააკვირდეთ მამაკაც ჩოგბურთელებს: ისინი გამხდრები არიან. თუ ზედმეტი წონა გაქვს, მხოლოდ კორტზე გადაადგილება არ არის პრობლემა - ნელდება რეაქციის სიჩქარე, ვერ ასწრებ რეაგირებას მეტოქის დარტყმებზე.
- შვეიცარია თავისი შოკოლადით არის განთქმული. ნუთუ ამაზეც უარს ამბობთ?
- არა, ტკბილეულობა მიყვარს. ალბათ, სწორედ ეს არის ჩემი ყველაზე დიდი ცოდვა. თუ ჩემს წინ ტორტს ან ნამცხვარს ვხედავ, თავის შეკავება მიჭირს. განსაკუთრებით შვეციარიაში, სადაც კონდიტერთა ოსტატობამ უდიდეს სიმაღლეებს მიაღწია.
- კარიერაში პრაქტიკულად ყველაფერი მოიგეთ. რა გაიძულებთ წინსლვას?
- შარშანდელი სეზონის შემდეგ, მოტივაციის პოვნა რთული არ არის. სურვილი გაქვს იგივე წარმატებით გააგრძელო გამოსვლა. ამასთან, ეს წელი ოლიმპიურია. ესეც დამატებითი მოტივაციაა.
- უკვე გამოცხადებულია, რომ რიო-დე-ჟანეიროში როჯერ ფედერერთან ერთად ითამაშებთ მიქსტში. როგორ დაიბადა თქვენი დუეტი?
- როჯერს ჯერ კიდევ 2012 წლის ოლიმპიადის წინ ჰქონდა შეთავაზება. მაგრამ მაშინ დროებით შეწყვეტილი მქონდა კარიერა და მზად არ ვიყავი. გამოვდიოდი საჩვენებელ ტურნირებზე, არარეგულარულად ვვარჯიშობდი და ფორმიდან ვიყავი ამოვარდნილი.
მოკლედ, მაშინ უარის თქმა მომიწია. შარშან, დუბაის ტურნირზე უკვე თავად მივედი მასთან ასეთი წინადადებით. ვუთხარი: "თუ ისევ გაქვს თავში ეს იდეა, სიამოვნებით მოვსინჯავდი". და ფედერერი დაუფიქრებლად დამთანხმდა.
- თუ რიოში ოქროს მედალს მიიღებთ, რა ადგილს დაიკავებს ის თქვენი ჯილდოების კოლექციაში?
- ეს იქნება ღირსეული ექსპონატი, მაგრამ არა უძვირფასესი. "დიდი სლემის" ტურნირების ხარჯზე, ჩოგბურთი გამორჩეულია სპორტის სხვა სახეობებისგან. ამ ტურნირებს დიდი ხნის ტრადიცია აქვთ - ას წელზე მეტი, ოლიმპიადის პროგრამაში კი ჩოგბურთი არც ისე დიდი ხნის წინათ დაბრუნდა.
1988 წლამდე, ჩვენი თამაში იქ, უბრალოდ, არ იყო. ჩვენ - საკუთარი ტრადიციები და ტურნირების განსაკუთრებული სისტემა გვაქვს. ვფიქრობ, ნებისმიერი ჩოგბურთელისთვის ყველაზე დიდი პატივი "დიდი სლემის" რომელიმე ჩემპიონატის მოგებაა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"