დევისის თასი. II ჯგუფი: საქართველო-დანია ახალ სასახლეში გაიმართება

AutoSharing Option
ფოტოზე: გიორგი ჯავახიშვილი, გიორგი ცივაძე, ირაკლი მეტრეველი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, ვლადიმერ გაბრიჩიძე

შარშან დევისის თასის გათამაშების ევრო-აფრიკული ზონის მესამე ჯგუფში საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ნაკრებმა III ჯგუფში ალბანეთს, ისლანდიას, მალტას, ესტონეთს სძლია და მე-2 ჯგუფში აღზევდა, სადაც წლეულს 16 გუნდი პირველ ჯგუფში გადასასვლელი 2 საგზურისთვის იბრძოლებს.

სტარტზე ისინი ასე დაწყვილდნენ: ლიტვა-ნორვეგია, სამხრეთი აფრიკა-ლუქსემბურგი, ბულგარეთი-თურქეთი, ბოსნია/ჰერცეგოვინა-ტუნისი, მონაკო-ლატვია, ეგვიპტე-ბელორუსი, ზიმბაბვე-ფინეთი. საქართველო-დანიის შეხვედრას 4-6 მარტს თბილისში სპორტის ახალი სასახლე უმასპინძლებს.

29 თებერვალს აქვე ამ პაექრობასთან დაკავშირებით სტუმარ-მასპინძელთა პრესკონფერენცია გაიმართა. მასმედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს სპორტისა და ახალგაზრდობის
საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე მეტრეველმა, ჩვენი ქვეყნის ნაკრების ლიდერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა და დანიის გუნდის კაპიტანმა კენეტ კარლსენმა უპასუხეს.

გუნდები ასეთი შემადგენლობებით დაუპირისპირდებიან ერთმანეთს: საქართველო - ნიკოლოზ ბასილაშვილი, გიორგი ცივაძე, გიორგი ჯავახიშვილი, ირაკლი მეტრეველი (დევისის თასზე იგი პირველად იასპარეზებს), გუნდის კაპიტანი ვლადიმერ გაბრიჩიძე.

დანია - ფრედერიკ ნიელსენი, ბენჟამინ ჰანსესტადი, ტომას კრომანი, კრისტინ სიესგაარდი, კაპიტანი კენეტ კარლსენი.

შეხვედრის ოფიციალური წილისყრა 3 მარტს თბილისის საკრებულოს დარბაზში ჩატარდება. 4 მარტს, 13 საათიდან ერთეულთა ორი შეხვედრა გაიმართება. 5 მარტს წყვილები (15:00), 6-ში კი ისევ ერთეულები (13:00) ითამაშებენ.

დანიასთან წარმატების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები მე-2 წრეში ზიმბაბვე-ფინეთს შორის უძლიერესს უმასპინძლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული