TOP10 დატოვა მარია შარაპოვამ. რა თქმა უნდა, ამ მოვლენაზე ცნობილმა დოპინგ-სკანდალმა იქონია გავლენა, მაგრამ ეს ვარდნა ისედაც მოხდებოდა, რადგან რუს ჩოგბურთელს ტრავმები მოეძალა და ბოლო რვა თვის განმავლობაში, მხოლოდ სამ ტურნირში შეძლო მონაწილეობა.
საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ ტოპ-ათეულიდან გამოვარდნა დააჩქარა ბელარუსმა ვიქტორია აზარენკამ. მან ფინალში სერენა უილიამსი დაამარცხა და პირველად 2014 წლის აგვისტოს შემდეგ, TOP10-ში დაბრუნდა,
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ის არის, რომ მეორე ჩოგანი გახდა პოლონელი აგნიეშკა რადვანსკა. მან ანჟელიკ კერბერს გაუსწრო, რომელიც, ჯერჯერობით, ძალიან წარუმატებლად თამაშობს ავსტრალიის ღია პირველობის მოგების შემდეგ. რადვანსკასთვის რეიტინგში მეორე ადგილი - პირადი რეკორდის გამეორებაა, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წლის ივლისში დაამყარა.
ინდიან უელსის ნახევარფინალისტი კაროლინა პლიშკოვა თანდათან ქვემოთ ეშვებოდა კლასიფიკაციაში, მაგრამ კალიფორნიაში წარმატებამ ხუთი საფეხურით წინ წაწია და მე-14 ადგილზე გადავიდა. მისმა თანამემამულემ პეტრა კვიტოვამ ამ სეზონში საუკეთესო ტურნირი ჩაატარა - მეოთხედფინალამდე მივიდა, რითაც მეცხრედან მეშვიდე ადგილამდე გადაინაცვლა.
შარშანდელი ტიტულის დაცვა ვერ შეძლო სიმონა ჰალეპმა - მეოთხედფინალში წააგო სერენა უილიამსთან. ამ მარცხის მიუხედავად, რუმინელსაც საუკეთესო ტურნირი ჰქონდა სეზონში. ჯერჯერობით, ის მეხუთე პოზიციაზეა, მაგრამ უახლოესი მდევრები - სუარეს-ნავარო, კვიტოვა, ვინჩი და აზარენკა ახლოს არიან.
* * *
მამაკაცებს შორის, რეიტინგში გადაადგილებები, ტრადიციულად, ნაკლები იყო, უფრო ზუსტად, TOP10-ში საერთოდ არაფერი შეცვლილა. ინდიან უელსში ისევ ნოვაკ ჯოკოვიჩმა გაიმარჯვა, რომელმაც დაადასტურა თავისი შარშანდელი ქულები. ფინალის ქულები ვერ დაიცვა როჯერ ფედერერმა, რადგან ტრავმის გამო არ თამაშობდა. თუმცა ენდი მარეიმ შვეიცარიელთან უპირატესობის გაზრდა ვერ მოახერხა, რადგან ადრეულ ეტაპზე წააგო.
მილოშ რაონიჩმა არა მხოლოდ დაიცვა ქულები ნახევარფინალისთვის, არამედ უფრო წინ წავიდა და ფინალში ითამაშა. კანადელი უკვე მე-12 ადგილზეა. რიშარ გასკეს მეათე ადგილამდე მას 150 ქულაზე ნაკლები რჩება. კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო ტურნირი ჩაატარა დავიდ გოფენმა, რომელმაც ნახევარფინალამდე მიაღწია. ბელგიელმა მე-15 პოზიციაზე გადაინაცვლა.
ახალგაზრდა გერმანელმა ალექსანდრ ზვერევმა კინაღამ გამოთიშა ტურნირს რაფაელ ნადალი, მაგრამ, საბოლოოდ, მატჩბოლიდან დათმო შეხვედრა. მიუხედავად ამისა, ზვერევი უკვე 52-ე ნომერია და ახლოს არის კარიერაში პირველად TOP50-ში მოხვედრასთან.
WTA. TOP10
1(1). სერენა უილიამსი (აშშ) 9 505
2(3). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 5 775
3(2). ანჟელიკ კერბერი (გერ) 5 700
4(4). გარბინ მუგურუსა (ესპ) 4 776
5(5). სიმონა ჰალეპი (რუმ) 3 960
6(6). კ. სუარეს ნავარო (ესპ) 3 800
7(9). პეტრა კვიტოვა (ჩეხ) 3 698
8(15). ვიქტორია აზარენკა (ბლრ) 3 595
9(10). რობერტა ვინჩი (იტა) 3 540
10(8). ბელინდა ბენჩიჩი (შვეიც) 3 450
ATP. TOP10
1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 16 540
2(2). ენდი მარეი (ბრიტ) 8 370
3(3). როჯერ ფედერერი (შვეიც) 7 695
4(4). სტენ ვავრინკა (შვეიც) 6 405
5(5). რაფაელ ნადალი (ესპ) 4 990
6(6). კეი ნიშიკორი (იაპ) 4 070
7(7). ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 3 810
8(8). დავიდ ფერერი (ესპ) 3 505
9(9). ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) 3 130
10(10). რიშარ გასკე (საფ) 2 795
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"