ალექსანდრე მეტრეველი ისრაელის 10 000-იან ტურნირში ვერცხლს დასჯერდა

AutoSharing Option
თბილისელმა ალექსანდრე მეტრეველმა გასულ კვირას წარმატებით იასპარეზა ისრაელში ჩოგბურთელ ვაჟთა 10.000-იან საერთაშორისო ტურნირში.

მეორე ნომრად განთესილმა ჩვენებურმა ზედიზედ ოთხ მეტოქეს სძლია: დაამარცხა ანტონი ბელიერი (შვეიცარია, 6:2, 7:6), შაჰარ ელბაზი (ისრაელი, 6:0, 6:2), დანიელ კუკერმანი (ისრაელი, 6:3, 6:2), მაქსიმ ჯანვიერი (საფრანგეთი, 6:4, 6:4) და ფინალში ასპარეზობის მეოთხე ნომერ პეტერ კობელტს (აშშ) შეხვდა.

ამ უკანასკნელმა ნახევარფინალში ტურნირის რეიტინგფავორიტი ამირ ვეინტრაუბი (ისრაელი) ჩამოიშორა გზიდან - 6:2, 2:6, 6:4. ამერიკელმა ჩოგბურთელმა გადამწყვეტ პაექრობაში ქართველსაც აჯობა - 6:3, 6:4 და მთავარი პრიზი მოიპოვა. მეტრეველი ვერცხლით
დაკმაყოფილდა.

* * *
ახალგაზრდა ჩოგბურთელი ანა შანიძე ანტალიის ქალთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაება.

27 მარტს სტარტზე მან გერმანელ ლინდა პრენკოვიჩს მოუგო: პირველი ხელი 5:7 დათმო, მეორეში 6:4 იმარჯვა; მესამე სეტში 2:0 რომ დაწინაურდა, მეტოქემ ტრავმის გამო ასპარეზობის გაგრძელება ვერ შეძლო.

მეორე წრეში შანიძე კორეელ იუ ჟინ ანისთან გაარკვევს ურთიერთობას. აზიელმა ჩოგბურთელმა რუს იულია კულიკოვას აჯობა - 6:2, 4:6, 6:4.

* * *
მიმდინარე კვირას კიდევ სამი ქართველი ჩოგბურთელი ქალი იასპარეზებს სხვადასხვა ტურნირში: სოფიო შაფათავა საფრანგეთში იმყოფება და 50.000-იანი ტურნირის პირველ წრეში ტერეზა შმიტკოვას (ჩეხეთი) შეხვდება, სოფიო ქვაცაბაია და მარიამ ბოლქვაძე, შესაბამისად, ბრაზილიასა და ეგვიპტეში ითამაშებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული