მარიამ ბოლქვაძეს შარმ ალ შეიხში განთესილები უბრძოლველად ნებდებიან

AutoSharing Option
თბილისელი მარიამ ბოლქვაძე წარმატებით განაგრძობს ორ ფრონტზე ბრძოლას ეგვიპტური შარმ ალ შეიხის ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი).

ერთეულთა თანრიგის მეორე წრეში მან იტალიელი კლაუდია კრეშენზი დაამარცხა - 6:2, 6:2 და მეოთხედფინალში მეტოქეობას გაუწევს რუს მარგარიტა სკრიაბინას, რომელმაც გუშინ ემა ბურგიჩ ბუკო (ბოსნია-ჰერცეგოვინა) ჩამოიშორა გზიდან - 6:4, 6:4.

ბოლქვაძე ფრანგ ვიქტორია მუნტეანთან ერთად წყვილებში მე-2 ნომრად განთესილ ნასტია კოლარისა (სლოვენია) და კრისტინა შაკოვეცის (გერმანია) დუეტს უნდა შეხვედროდა, მაგრამ მეტოქეები კორტზე არ გამოცხადდნენ, რადგან შაკოვეცმა ერთეულებში მუნტეანთან ორთაბრძოლისას პირველ სეტში
ტრავმა მიიღო და პაექრობა ვეღარ განაგრძო.

ქართულ-ფრანგულ ტანდემს ნახევარფინალში მეტოქედ კაროლინ კურზი (ავსტრია) და სადაფმოხ ტოლიბოვა (ბელორუსი) ეყოლება. ამ დუეტმა გუშინ პირველი სეტი ასპარეზობის მეოთხე ნომრებს - ელენა-ტეოდორა კადაფსა (რუმინეთი) და ტარა კუროვიჩს (სერბეთი) 6:3 მოუგო. განთესილები ტრავმის გამო მერე კორტზე ვეღარ გავიდნენ.

* * *
უზბეკეთში 25.000-იან ტურნირებს გამოეთიშნენ სოფიო შაფათავა და ალექსანდრე მეტრეველი.

შაფათავამ ოლგა დოროშინასთან (რუსეთი) ერთად წყვილებში ასპარეზობის რეიტინგფავორიტებთან - ქსენია ლუკინასა და პოლინა მონოვასთან წააგო - 2:6, 7:5, 7:10.

მეტრეველმა მას შემდეგ, რაც პირველი ხელი დათმო ილია ივაშკასთან (ბელორუსი) - 0:6, მეორე სეტში 0:2-ზე წინააღმდეგობა შეწყვიტა.

მეტრეველი მომავალ კვირას ბუხარის 25.000-იან ტურნირში, შაფათავა კი სტამბოლში 50.000-იან ტურნირში ითამაშებს.

* * *
კატოვიცეს დიდ საერთაშორისო შეჯიბრებას (საპრიზო ფონდი 250.000 დოლარი) დაემშვიდობა თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა - წყვილებში ჩვენებური და ჰოლანდიელი დემი შუურსი რუსებთან - ვალენტინა ივახნენკოსა და მარია მელნიკოვასთან დამარცხდნენ - 5:7, 6:1, 5:10.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული