მონტე კარლოს მასტერსი: ნადალმა ძველი გემო გაიხსენა

AutoSharing Option
რაფაელ ნადალი დაბრუნდა იმ ტურნირის მწვერვალზე, რომელშიც 2005-12 წლებში დომინირებდა, როცა ზედიზედ რვაჯერ მოიგო მონაკოს "მასტერსის" მთავარი პრიზი. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ესპანელმა აქ ტიტულის აღება ვერ შეძლო და წელს ნავსის გატეხა.

თუ წლევანდელ ტურნირზე ნადალის განვლილ გზას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ტიტული იოლად არ მოუგია. ყველაზე მარტივად მან მეოთხედფინალში გაიმარჯვა როლან გაროსის ჩემპიონის სტენ ვავრინკას წინააღმდეგ (6:1, 6:4), სამაგიეროდ, მდევრის როლში აღმოჩნდა ენდი მარეისთან ნახევარფინალში (2:6, 6:4, 6:2).

ნადალს ფინალშიც დიდი ბრძოლა დასჭირდა გაელ მონფილსის დასამარცხებლად. 29 წლის ფრანგმა ნახევარფინალში
თანამემამულე ჟო-ვილფრიდ ცონგა გაანადგურა, რომელმაც, თავის მხრივ, მეოთხედფინალში თვით როჯერ ფედერერს აჯობა.

საერთოდ, მონფილსი წელს ძალიან კარგ სეზონს ატარებს: 26-დან 20 მატჩი აქვს მოგებული, ითამაშა როტერდამის ტურნირის ფინალში, მეოთხედფინალამდე მიაღწია ავსტრალიის ღიაზე, აგრეთვე ინდიან უელსისა და მაიამის "მასტერსებზე".

ნადალთან ფინალში მონფილსი საკუთარმა მოწოდებამ დააღალატა, თუმცა მიღებაზე თამაშობდა კარგად. პირველ სეტში, ესპანელი ორჯერ გავიდა წინ ბრეიკით, მაგრამ მონფილსმა ორჯერ გაათანაბრა ანგარიში.

მიუხედავად ამისა, რაფას უპირატესობა მაინც იგრძნობოდა. ნადალს მეათე გეიმში მესამე ბრეიკის შესრულება შეეძლო, მაგრამ სამი სეტბოლი ვერ გამოიყენა, თუმცა მე-12 გეიმში კიდევ ორი ასეთი შანსი მიიღო და მეხუთე სეტბოლიდან გამოგლიჯა პარტია მეტოქეს - 7:5. პირველ სეტში ნადალს 10 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და სამი გამოიყენა, მონფილსმა - ექვსიდან ორი.

ასევე ხუთი ბრეიკი იხილა მაყურებელმა მეორე სეტში, ოღონდ პარტიის სცენარი საპირისპირო იყო: მონფილსი გაიჭრა ორჯერ წინ და ნადალი იბრუნებდა დაკარგულ მოწოდებას. ყველაფერი მე-11 გეიმში გადაწყდა, როცა გაელმა მეოთხე ცდიდან აიღო მეტოქის გეიმი და შემდეგ სეტზე იოლად ჩააწოდა - 7:5. ამ პარტიაში ბრეიკ-პოინტების შეფარდება 7:6 იყო ფრანგის სასარგებლოდ.

წინა ორი სეტის სცენარიდან გამომდინარე, თითქოს გადამწყვეტ პარტიაში დიდი ბრძოლა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ნადალმა უმაღლეს დონეზე ჩაატარა მატჩის დასკვნითი ნაწილი: 30 წუთში მან ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა ფრანგს, თავად ხუთი ბრეიკ-პოინტიდან სამი გამოიყენა და "მშრალი" ანგარიშით მოიგო სეტი.

შეხვედრა ორი საათი და 47 წუთი გაგრძელდა. ნადალს 21 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და რვაჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, მონფილსის ანალოგიური მაჩვენებლები იყო - 13 და 5.

რაფამ კარიერაში ATP-ის მე-100 ფინალი ითამაშა და 68-ე ტიტული მოიპოვა, გარდა ამისა, 28-ედ იმარჯვა "მასტერსის" სერიის ტურნირებზე, რითაც რეკორდსმენ ნოვაკ ჯოკოვიჩს გაუთანაბრდა. ეს იყო ნადალის პირველი გამარჯვება ATP-ის დონეზე შარშანდელი აგვისტოს შემდეგ.

1/4 ფინალი
ენდი მარეი (ბრიტ, 2)-მილოშ რაონიჩი (კან, 10) 6:2, 6:0; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 8)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 3) 3:6, 6:2, 7:5; რაფაელ ნადალი (5)-სტენ ვავრინკა (შვეიც, 4) 6:1, 6:4; გაელ მონფილსი (საფ, 13)-მარსელ გრანოლერსი (ესპ) 6:2, 6:4.

1/2 ფინალი
რაფაელ ნადალი (5)-ენდი მარეი (ბრიტ, 2) 2:6, 6:4, 6:2; გაელ მონფილსი (საფ, 13)-ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 8) 6:1, 6:3.

ფინალი
რაფაელ ნადალი (5)-გაელ მონფილსი (საფ, 13) 7:5, 5:7, 6:0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული