როჯერ ფედერერი ასეთი თამაშით როლან გაროსზე უარს იტყვის

AutoSharing Option
როჯერ ფედერერი ვერ ახერხებს პროფესიულ ტურში ღირსეულად დაბრუნებას. "დიდი სლემის" ტურნირების 17-გზის ჩემპიონმა ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში წაგების შემდეგ, მუხლზე ოპერაცია გადაიტანა და დაახლოებით სამი კვირის წინ, მონტე კარლოს "მასტერსზე" დაბრუნდა, სადაც მეოთხედფინალიდან გამოეთიშა ბრძოლას.

ზურგის ტრავმის გამო, როჯერმა გამოტოვა მადრიდის "მასტერსი" და გუშინ ჩაება რომის ანალოგიური კატეგორიის ტურნირში, მაგრამ პირველივე მატჩში იმედგაცრუება ელოდა. შვეიცარიელმა 79 წუთში ორ სეტში წააგო 22 წლის ავსტრიელ დომინიკ ტიმთან.

პირველ სეტში ფედერერი ცუდად არ გამოიყურებოდა. პირველმა შეასრულა ბრეიკი, მაგრამ იქვე დაუბრუნა მეტოქეს მოწოდება. მეორე
ბრეიკის რეალური შანსი როჯერს მე-11 გეიმში ჰქონდა, მაგრამ ორი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, ტაი-ბრეიკზე კი ნამდვილი კრახი ელოდა - 2:1-დან ზედიზედ ექვსი გათამაშება დათმო და 2:7 წააგო შემოკლებული გეიმი.

მეორე პარტია კი ისე წარიმართა, რომ ფედერერს ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მიუღია, ტიმმა კი 2:2-ზე შეასრულა ბრეიკი და მშვიდად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე. ავსტრიელს ამ სეზონში 32 მოგება დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ნოვაკ ჯოკოვიჩს ჩამორჩება. შეგახსენებთ, რომ ამ 32 გამარჯვებაში არის რაფაელ ნადალის ძლევა ბუენოს აირესის ტურნირის ფინალში. მეოთხედფინალში დომინიკი იაპონელ კეი ნიშიკორის შეხვდება.

მატჩის შემდეგ, ფედერერის შესახებ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა ცნობილმა ჟურნალისტმა ბენ როტენბერგმა. მან საკუთარ "ტვირეტზე" დაწერა, რომ არსებობს შესაძლებლობა, ლეგენდამ უარი თქვა როლან გაროსზე, რომელიც 22 მაისს დაიწყება.

"ფედერერზე ძალიან იმოქმედა ტიმთან წაგებამ. მან თქვა, რომ თუ პარიზში ისეთივე ფორმაში იქნება, როგორც რომში, მაშინ როლან გაროსზე არ ითამაშებს. მომდევნო ცხრა დღე გადამწყვეტი იქნება", - დაწერა როტენბერგმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული