ისევე, როგორც ერთი კვირის წინ, მადრიდში, ქალთა ტურნირზე ძალიან ბევრი სენსაცია მოხდა. ზედიზედ მეორედ, პირველი წრიდან გამოეთიშა ბრძოლას ანჟელიკ კერბერი. ესპანეთში მან ბარბორა სტრიკოვასთან წააგო, იტალიაში კი ეჟენი ბუშართან დამარცხდა - 1:6, 7:5, 5:7. ზურგის ტრავმა აწუხებს ვიქტორია აზარენკას, რის გამოც მადრიდში მესამე წრის მატჩზე არ გავიდა, რომში კი ირინა ბეგუსთან 3:6, 2:6 დათმო. პირველივე მატჩი წააგო მადრიდის ჩემპიონმა სიმონა ჰალეპმა - მას ავსტრალიელმა
ასე რომ, საწყის რაუნდებში TOP8-დან ექვსმა ჩოგბურთელმა წააგო: კერბერის, აზარენკასა და ჰალეპის გარდა, ესენი იყვნენ რობერტა ვინჩი, კარლა სუარეს-ნავარო და პეტრა კვიტოვა. მეოთხედფინალისკენ გზა გაიკვლიეს მხოლოდ სერენა უილიამსმა და გარბინ მუგურუსამ.
დასკვნით ეტაპებზე დაძაბული მატჩები ნაკლებად იყო - შვიდ შეხვედრაში (მეოთხედფინალები, ნახევარფინალები და ფინალი) მხოლოდ ერთხელ გახდა საჭირო სამი სეტის ჩატარება - მედისონ კისმა ბარბორა სტრიკოვა დაამარცხა. ნახევარფინალში კისს რთული მეტოქე ჰყავდა მუგურუსას სახით. თამაში თანაბარი გამოვიდა და გადამწყვეტ მომენტებში ამერიკელის უფრო ზუსტმა მოქმედებამ გადაწყვიტა ყველაფერი - 7:6(5), 6:4.
ფინალში კისის მეტოქე გახდა სერენა უილიამსი. ეს იყო პირველი ამერიკული ფინალი WTA-ის ტურში ბოლო სამწლინახევრის განმავლობაში. სერენას გზა ფინალამდე გაცილებით იოლი გამოვიდა. მეოთხედფინალში მან გაანადგურა სვეტლანა კუზნეცოვა - 6:2, 6:0, რითაც რევანში აუღო რუსს მაიამიში დამარცხებისთვის, ნახევარფინალში კი მხოლოდ ხუთი გეიმი მისცა ირინა ბეგუს.
* * *
რომის ტურნირამდე, უილიამსი ცხრა თვე ვერ ახერხებდა ტიტულის მოპოვებას. მან წელს ორ ფინალში ითამაშა, მაგრამ ორივეში წააგო - ჯერ ავსტრალიის ღიაზე ანჟელიკ კერბერთან და შემდეგ, ინდიან უელსში ვიქტორია აზარენკასთან.
გადამწყვეტი მატჩი უილიამსის შეცდომებით დაიწყო, რამაც კისს ბრეიკით წინ გასვლის საშუალება მისცა - 3:1. სეტის შუაში ახალგაზრდა ჩოგბურთელმა ვერ შეძლო საკუთარი მოწოდების შენარჩუნება - ორი ორმაგი შეცდომით სერენას საპასუხო ბრეიკი შეასრულებინა. საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც თანაბარ თამაშში ოდნავ უკეთ მსოფლიოს პირველი ჩოგანი გამოიყურებოდა.
მეორე სეტში უილიამსის უპირატესობა უკვე აშკარა იყო. მან თავიდანვე ორმაგი ბრეიკით დაწინაურება მოახერხა - 3:0 და კარიერაში 70-ე ტიტული გაიფორმა - 7:6(5), 6:3. კისიც მხოლოდ ქებას იმსახურებს. მან პირველად ითამაშა ასეთი დონის ტურნირის ფინალში და ორშაბათიდან, პირველად გახდა TOP20-ის წევრი.
1/4 ფინალი
გარბინ მუგურუსა (ესპ, 3)-ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც, 11) 7:5, 6:2; ირინა ბეგუ (რუმ)-მისაკი დოი (იაპ) 6:2, 7:6(3); მედისონ კისი (აშშ)-ბარბორა სტრიკოვა (ჩეხ) 6:4, 4:6, 6:3; სერენა უილიამსი (აშშ, 1)-სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 9) 6:2, 6:0.
1/2 ფინალი
მედისონ კისი (აშშ)-გარბინ მუგურუსა (ესპ, 3) 7:6(5), 6:4; სერენა უილიამსი (აშშ, 1)-ირინა ბეგუ (რუმ) 6:4, 6:1.
ფინალი
სერენა უილიამსი (აშშ, 1)-მედისონ კისი (აშშ) 7:6(5), 6:3.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"