წინა კვირას ჩვენებურმა ჰაილბრონის (გერმანია) ტურნირზე (საპრიზო ფონდი 64.000 ევრო) გაიმარჯვა, 100 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა და მსოფლიო კლასიფიკაციაში 105-ე ადგილამდე აღზევდა. საგულისხმოა, რომ 24 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა კარიერაში მე-6 ჩელენჯერი მოიგო: 2014 წელს უზბეკეთსა და იტალიაში, შარშან ისრაელსა და ჰოლანდიაში, წლეულს - ჩინეთსა და გერმანიაში მიაღწია წარმატებას.
საფრანგეთის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე 24 წლის ბასილაშვილი მე-14 ნომრადაა განთესილი. 17 მაისს იგი 23 წლის ფრანგ ტრისტან ლამასინეს
ბასილაშვილმა 2 ეისი მოაწოდა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა, 13-დან 6 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.
მე-2 რაუნდში იგი ესპანელ დანიელ ხიმენო ტრავერს შეხვდება. ამ უკანასკნელმა იტალიელი ლუკა ვანი დაჯაბნა - 6:3, 3:6, 6:4.
ძირითად ბადეში გასასვლელად სამი მატჩის მოგებაა საჭირო. "როლან გაროსზე" წარმატებული გამოსვლა ბასილაშვილს კლასიფიკაციაში წინ წასწევს. ამჟამად 563 ქულით 105-ე საფეხურზეა.
* * *
საქართველოს ჩოგბურთელი ქალები ამჟამად გერმანიასა და იტალიაში იმყოფებიან. ოქსანა კალაშნიკოვა ნიურნბერგში (საპრიზო ფონდი 250.000 დოლარი) წყვილთა შორის ასპარეზობს გერმანელ ტატიანა მარიასთან (წყვილებში 57-ე) ერთად.
მეორე ნომრად განთესილმა ქართულ-გერმანულმა დუეტმა რუსებს - ვალენტინა ივახნენკოს (117-ე) და მარია მელნიკოვას პირველი ხელი დაძაბულ ორთაბრძოლაში მოუგო - 7:6. მეორე სეტში მსგავსი ანგარიშით ივახნენკო-მელნიკოვას ტანდემმა იმარჯვა. ოქსანამ და ტატიანამ ტაი ბრეიკში მეტოქეს 10:8 აჯობეს და მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც ისევ რუსებთან - ნათელა ძალამიძესა (135-ე) და ვერონიკა კუდერმეტოვასთან (165-ე) გაარკვევენ ურთიერთობას. ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობლებმა ნაო ჰიბინო (იაპონია, 121-ე) და ლაურა პოგოსი (ბრაზილია, 192-ე) ჩამოიშორეს გზიდან - 6:2, 6:3.
* * *
იტალიაში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) საკვალიფიკაციო ეტაპზე სოფიო ქვაცაბაიამ ანა მარია ბატისტას (იტალია) კი სძლია - 6:1, 6:0, მაგრამ მეორე წრეში ნიკოლეტა დასკალუსთან (რუმინეთი) ვერაფერს გახდა - 6:7, 4:6.ძირითადი ბადის სტარტზე სოფიო შაფათავამ, რომელიც მე-5 ნომრადაა განთესილი, პირველი ხელი მარტინა კარაგეროსთან 4:6 დათმო, მეორეში წარმატებას მიაღწია - 6:3, მესამეში მასპინძელი 3:2-ს რომ იგებდა, უამინდობის გამო ორთაბრძოლა კარგა ხნით შეწყდა. პაექრობის განახლების შემდეგ შაფათავამ მეტოქეს 6:4 აჯობა და მერვედფინალში ეკატერინე გორგოძისა და სოფია კოვალეცის (უკრაინა) დუეტში გამარჯვებულს შეხვდება.
წყვილებში შაფათავა არგენტინელ ფლორენსია მოლინეროსთან ერთად ასპარეზობის რეიტინგფავორიტია და შეჯიბრებაში მეოთხედფინალიდან ჩაებმება, სადაც ჩინელებს - ია ძი რენსა და ვუშუან ჟენს გამოცდის.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"