შაფათავა ჯერ ერთეულთა მეორე წრეში ასპარეზობის რეიტინგფავორიტ კარინ კნაპს (იტალია) დაუპირისპირდა და ორ სეტში დათმო შეხვედრა - 2:6, 3:6.
სამაგიეროდ, წყვილებში იყოჩაღა. ეკატერინე გორგოძესთან ერთად იგი პირველ ნომრადაა განთესილი. გუშინ ჩვენებურებმა მასპინძლები - ნასტასია ბურნეტი და კრისტინა ფერანდო დაამარცხეს - 6:2, 7:6 და ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც ისევ იტალიელებთან - დებორა ჩიეზასა და მარტინა კოლმეგნას დუეტთან გაარკვევენ ურთიერთობას.
აპენინელებმა მეოთხედფინალში მე-4 ნომრად განთესილი კატალინა პელა (არგენტინა) და
მეორე ნახევარფინალში ბასეკ ერაიდინი (თურქეთი), ალისე მატეუჩი (იტალია) და სინდი ბურგერი (ჰოლანდია), სტეფანი ფოგთი (ლიხტენშტეინი) ითამაშებენ.
* * *
ბაქოში ქალთა 10.000-იან ტურნირს გამოეთიშა ანა შანიძე - ერთეულთა მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელი ბელორუს სადაფმოხ ტოლიბოვასთან დამარცხდა - 3:6, 6:7. წყვილებში შანიძემ სტარტზევე წააგო შეხვედრა.
* * *
უზბეკეთში, ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) თამაშობდა გიორგი ცივაძე. ერთეულებში მან რუსი დმიტრი სურჩენკო კი დაჯაბნა (6:3, 6:4), მაგრამ მერვედფინალში მის თანამემამულე მარკოს კალოველონისთან წააგო - 6:4, 6:7, 2:6.
წყვილებში ცივაძე დენის ევსეევთან (ყაზახეთი) ერთად ვერაფერს გახდა მესამე ნომრად განთესილ სანჯარ ფაიზიევისა (უზბეკეთი) და მარკოს კალოველონისის (რუსეთი) ტანდემთან - 4:6, 2:6.
* * *
ანტალიის 10.000-იან ტურნირში ცდიდა ძალებს გიორგი ჯავახიშვილი, მაგრამ იგი პირველ წრეს ვერ გასცდა: ერთეულებში კორეელ სეუნქრი ჩოისთან დამარცხდა - 2:6, 6:1, 2:6, ხოლო წყვილებში ანდრეი მოლაკთან (რუსეთი) ერთად ნილს ბრინკმანსა (გერმანია) და თომას სტატსბერგერთან (ავსტრია) წააგო - 3:6, 2:6.* * *
მომავალ კვირას, სავარაუდოდ, სოფიო შაფათავა გერმანულ ესენში ქალთა 50.000-იან საერთაშორისო ტურნირში მოსინჯავს ძალებს, ეკატერინე გორგოძე იტალიურ პადოვაში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) გამოვა, ანა შანიძე ბაქოში რჩება და ახალ 10.000-იან შეჯიბრებაში იასპარეზებს, ხოლო ანტალიის ტურნირში გიორგი ჯავახიშვილთან ერთად, შესაძლოა, შოთა მეფარიძეც ჩაებას. (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"