ქართველი ჩოგბურთელები: ბასილაშვილმა რუსეთის ამომავალ ვარსკვლავს მოუგო

AutoSharing Option
20 წლის ჩოგბურთელი კარენ ხაჩანოვი რუსეთის ამომავალ ვარსკვლავად მიაჩნიათ, საერთაშორისო კლასიფიკაციაში მას მე-100 ადგილი უკავია. ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩრდილოელ მეზობელს რეიტინგში ოთხი საფეხურით ჩამორჩება.

გუშინ, 6 ივლისს, ისინი გერმანული ბრაუნშვაიგის ვაჟთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 106.500 ევრო) მერვედფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ჩვენებურმა მე-8 განთესვის მქონე მეტოქე სამ სეტში დაამარცხა - 6:2, 4:6, 6:4 და მეოთხედფინალში გავიდა, თან სარეიტინგო 25 ქულა გამოიმუშავა.

რიოს ლიცენზიანტ ქართველს მესამე მეტოქედ ასპარეზობის ბრაზილიელი რეიტინგფავორიტი, კლასიფიკაციაში 62-ე საფეხურზე მყოფი 28 წლის ტომას ბელუჩი ეყოლება. ამ უკანასკნელმა მეორე
წრეში ანტე პავიჩს (ხორვატია) მოუგო - 6:4, 6:3.

* * *
ბუდაპეშტში ჩოგბურთელ ქალთა 100.000-იან ტურნირში ეკატერინე გორგოძემ ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა. მასპინძელ აგნეს ბუკტას დამარცხების შემდეგ მის გზას გაუყენა მე-7 ნომრად განთესილი ბარბარა ჰაასი (ავსტრია).

ავსტრიელმა ჩვენებურს მხოლოდ პირველ სეტში გაუწია წინააღმდეგობა, თუმცა მაინც დანებდა - 5:7, მეორეში კი გორგოძე კორტის ბატონ-პატრონი იყო - 6:1.

მეოთხედფინალში ქართველი ბულგარელ ელიცა კოსტოვას გაუწევს მეტოქეობას. ამ უკანასკნელმა გუშინ გზიდან თანამემამულე სესილ კარანტაჩევა ჩამოიშორა - 6:4, 6:2, არადა, კარატანჩევამ სტარტზე ასპარეზობის ჩინელ რეიტინგფავორიტ საისაი ჟანს აჯობა.

წყვილებში ეკატერინე გორგოძემ და სოფიო ქვაცაბაიამ აგნეს ბუკტას (უნგრეთი) და ვივიენ იუჰაშოვას (სლოვაკეთი) მოუგეს - 7:5, 7:5. ნახევარფინალში ქართველთა მეტოქე იქნება მე-2 ნომრად განთესილი ჩეხების (ლენა კუნჩიკოვა, კაროლინა სტუჩლა) დუეტი, რომელმაც ოლგა იანჩუკისა (უკრაინა) და ანასტასია პრიბილოვას (რუსეთი) ტანდემი დაჯაბნა - 6:3, 6:0.

* * *
მესამე განთესვის მქონე სოფიო შაფათავამ იტალიის ქალაქ ტურინის ქალთა 25.000-იანი ტურნირის მერვედფინალშიც მასპინძელს აჯობა: ამჯერად თანამემამულე ფედერიკა არჩიდიაკონოს მძლეველი ნასტასია ბურნეტი ჩამოიშორა გზიდან - 6:3, 6:3.

მეოთხედფინალში ჩვენებური მაკედონიელ ლინა ჯორჩესკას შეხვდება. ლინამ მეორე წრეში პოლონური ბარიერი (მაგდანელა ფრეჩი) გადალახა - 6:3, 6:1.

წყვილებში იტალიელ ალის მატეუჩისთან შეამხანაგებული შაფათავა ასპარეზობის რეიტინგფავორიტია. ქართულ-იტალიურმა დუეტმა ჯულია გატო-მონტიკონე-ანასტასია გრიმალსკას (ორივე - იტალია) ტანდემს მოუგო - 6:4, 5:7, 10:7.

ნახევარფინალში სოფიოსა და ჯულიას არგენტინელები - ხულიეტა ლარა ესტაბლე და დანიელა ფარფანი გაუწევენ მეტოქეობას. მეორე ნახევარფინალში ოლგა პარესი (ესპანეთი), კამილა როსატელო (იტალია) და ლინა ჯორჩესკა (მაკედონია), დალილა იაკუპოვიჩი (სლოვენია) ითამაშებენ.

* * *
18 წლის თბილისელმა მარიამ ბოლქვაძემ (რეიტინგით 486-ე) უიმბლდონის გოგონათა ტურნირის ძირითად ბადეში ორი გამარჯვების შემდეგ მესამე შეხვედრა 17 წლის ამერიკელ სოფიო კენინთან (328-ე) წააგო - 6:4, 3:6, 2:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული