ცონგას მძლეველი გავლილია - ბასილაშვილმა კიტცბუელის ტურნირი მოგებით დაიწყო

AutoSharing Option
დევისის თასზე ზიმბაბვესთან ორი მატჩის მოგების შემდეგ საქართველოს ნაკრების ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრიის ქალაქ კიტცბუელში გაემგზავრა ATP-ის "250" კატეგორიის ტურნირში მონაწილეობისთვის.

გუშინ, 19 ივლისს, ქართველმა პირველი წრის მატჩი ჩაატარა და ამ სეზონში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას მიაღწია - 6:4, 7:6(4).

ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიოს 79-ე ნომერი, ჩეხი ლუკაშ როსოლი იყო. ქართველის მსგავსად, როსოლმაც ითამაშა დევისის თასზე - მსოფლიოს ჯგუფის მეოთხედფინალში საფრანგეთის წინააღმდეგ. და იმ მატჩში, ლუკაშმა თვით ჟო-ვილფრიდ ცონგას დამარცხება შეძლო. ასე რომ, ჩეხი უფორმობას ნამდვილად არ უჩიოდა.

გუშინდელი მატჩის პირველ სეტში
პირველი ბრეიკ-პოინტი ბასილაშვილმა მოიპოვა (მეორე გეიმში), მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა. ამის შემდეგ ინიციატივა ჩეხის მხარეს გადავიდა - როსოლი იოლად იღებდა საკუთარ მოწოდებებს, მეხუთე და მეშვიდე გეიმებში კი ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა.

ბასილაშვილმა მნიშვნელოვან მომენტებში საიმედოდ ითამაშა და ბრეიკის გაკეთების საშუალება არ მისცა ჩეხს. საქმე ტაიბრეიკამდე მიდიოდა, როცა ბასილაშვილმა 5:4-ზე მაღალ დონეზე ითამაშა მიღებაზე და მეტოქის მოწოდება "მშრალი" ანგარიშით მოიგო - 6:4.

მეორე სეტი გაცილებით რთული აღმოჩნდა ქართველი ჩოგბურთელისთვის, რადგან თითქმის სულ მდევრის როლში იყო. როსოლი ორჯერ იგებდა ბრეიკით - 1:0 და 6:5, მაგრამ ნიკოლოზმა ორივეჯერ შეძლო უკუბრეიკის გაკეთება, თან ისე, რომ სეტბოლამდეც არ მიიყვანა როსოლი.

მეორე სეტის ტაი-ბრეიკიც ჩეხის უპირატესობით დაიწყო - 3:1 დაწინაურდა. ბასილაშვილმა მეექვსე გათამაშებაში შეასრულა მინი-ბრეიკი და გაათანაბრა ანგარიში, ხოლო 5:4-ზე ზედიზედ ორჯერ აიღო მეტოქის მოწოდებაზე ქულა და შემოკლებულ გეიმში 7:4 იმარჯვა.

ბასილაშვილს შვიდი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და სამი გამოიყენა, როსოლს - ექვსი და ორი გამოყენებული შანსი. თამაში საათი და 34 წუთი გაგრძელდა.

მეორე წრეში ქართველის მეტოქე იქნება ჰოლანდიელი იგორ სისლინგი, რომელმაც ერთი დღით ადრე 2:0 დაამარცხა კენი დე სხეპერი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებები
პაატა
00:47 21-07-2016
0
სტაბილურობა აკლია ამ ბიჭს თორემ წელიწადში ერთ ხმაურიან გამარჯვებას სულ გვთავაზობს! წარმატებები ნიკოლოზ!!!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული