ჩოგბურთი. ტურნირები: ვეტერანების კვირა

AutoSharing Option
გასული კვირა დატვირთული იყო საჩოგბურთო მოვლენებით - ქალთა და მამაკაცთა პროფესიულ ტურში ერთბაშად შვიდი ტურნირი გაიმართა და ბევრგან თავი ვეტერანმა ჩოგბურთელებმა გამოიჩინეს.

როგორც უკვე ვწერდით, კიტცბუელში 34 წლის იტალიელმა პაოლო ლორენციმ გაიმარჯვა, რომელმაც ფინალში ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი დაამარცხა. თუმცა აპენინელი არ ყოფილა გასული კვირის ყველაზე ასაკოვანი ტრიუმფატორი. ფელისიანო ლოპესი მასზე ერთი თვით უფროსია და 34 წლის ესპანელმა კარიერაში პირველად მოიგო ტურნირი გრუნტზე. ის გშტაადში პირველ ნომრად იყო განთესილი და დაამტკიცა ფავორიტის სტატუსი - მთელს დისტანციაზე მხოლოდ ერთი სეტი წააგო (დასტინ
ბრაუნთან).

კიდევ ერთმა იტალიელმა ფაბიო ფონინიმ მოიპოვა ტიტული უმაგში. მან ფინალში ანდრეი მარტინი დაამარცხა, რომელიც პირველად თამაშობდა ATP-ის ტურნირის გადამწყვეტ მატჩში.

მამაკაცებს შორის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი კი ვაშინგტონში იმართებოდა. აქ ნიუპორტში გამარჯვების შემდეგ თამაშობდა ივო კარლოვიჩი, რომელიც საფირმო მოწოდების წყალობით ზედიზედ გაუსწორდა ბერნარდ ტომიჩს, ჯეკ სოკსა და სტივ ჯონსონს და ფინალში გავიდა.

იქ მისი მეტოქე ფრანგი გაელ მონფილსი იყო, რომელმაც ნახევარფინალში ალექსანდრ ზვერევი გაანადგურა. გადამწყვეტ მატჩში თავიდან, კარლოვიჩი უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა. მან მოიგო პირველი სეტი და მეორეში ბრეიკი შეასრულა. მთელი ტურნირის განმავლობაში, ვეტერან ხორვატს საკუთარი გეიმი წაგებული არ ჰქონდა, ასე რომ, როცა 5:4-ზე კარლოვიჩი მატჩზე აწვდიდა, ტიტულის ბედი ყველას გარკვეული ეგონა. მაგრამ, ივომ მოულოდნელად დათმო საკუთარი მოწოდება, შემდეგ მატჩბოლი ვერ გამოიყენა ტაი-ბრეიკში. მატჩში გარდატეხა მოხდა და მესამე სეტი მონფილმა მოიგო. საინტერესოა, რომ ფრანგმა კარიერაში პირველად გაიმარჯვა ATP500-ის კატეგორიის ტურნირში, სულ კი 25-ე ფინალი ითამაშა და მხოლოდ მეექვსე ტიტულს დაეუფლა.

* * *
ქალთა ტურნირებზე უფრო ბევრი ვარსკვლავი ვიხილეთ. მაგალითად, ბაშტადში ჩავიდა ანჟელიკ კერბერი. გერმანელმა მოიგო პირველი წრე, მაგრამ მეორე რაუნდის მატჩზე აღარ გავიდა. საბოლოოდ, შვედეთში მთავარი პრიზი მეორე გერმანელმა ლაურა ზიგემუნდმა მოიპოვა. მან 28 წლის ასაკში კარიერაში პირველი ტიტული დაისაკუთრა.

ვაშინგტონში ქალებს შორისაც იყო ტურნირი, ოღონდ მოკრძალებული International-ის კატეგორიის. აქ პირველ ნომრად ავსტრალიელი სამანტა სტოსური იყო განთესილი, რომელმაც გაიარა ალა კუდრიავცევასა და კაროლინ ვოზნიაცკის ბარიერი, მაგრამ მულოდნელად დამარცხდა ჯესიკა პეგულასთან. მეორე ნომრად განთესილი სლოუნ სტივენსი კი პირველ რაუნდში სენსაციურად გაანადგურა რისა ოძაკიმ. საბოლოოდ, ფინალში იანინა ვიკმაიერმა და ლორენ დევისმა ითამაშეს. ბელგიელმა დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია და კარიერაში მეხუთე ტიტულს დაეუფლა. თან იანინამ წყვილთა თანრიგშიც მოახერხა გამარჯვება.

ყველაზე წარმომადგენლობითი იყო სტენფორდის ტურნირი. ბადის ზედა მხარეს გაიბრწყინა 36 წლის ვინუს უილიამსმა, რომელმაც დამაჯერებლად მოიპოვა კარიერაში მე-80 ფინალში თამაშის უფლება. ამით მან რეიტინგში ვიქტორია აზარენკას გაუსწრო და მეექვსე ჩოგანი გახდა.

ბადის ქვედა მხარეს, განთესვის ყველაზე მაღალი ნომერი დომინიკა ციბულკოვას ჰქონდა. მისი ქორწილიდან ერთი კვირა იყო გასული, სლოვაკმა კი ნახევარფინალამდე მისვლა შეძლო და ამით ტოპ-ათეულში მოიპოვა ადგილი. თუმცა ფინალში გადასასვლელი შეხვედრა დათმო ბრიტანელ იოჰანა კონტასთან.

კონტამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბევრ წარმატებას მიაღწია და შემთხვევით არ არის კლასიფიკაციაში მე-14 ადგილზე. ამასთან, ბრიტანელი პირველად თამაშობდა ფინალში WTA-ის დონეზე. გადამწყვეტი მატჩი ვინუსთან საინტერესო გამოვიდა. კონტა იგებდა მეორე სეტს 4:1, მაგრამ დათმო პარტია და მესამე სეტის თამაში მოუწია, სადაც სრულ უპირატესობას ფლობდა.

კაცები
გშტაადი. შვეიცარია
ფინალი
ფელისიანო ლოპესი (ესპ, 1)-რობინ ჰაასე (ჰოლ) 6:4, 7:5

უმაგი. ხორვატია
ფინალი
ფაბიო ფონინი (იტა, 4)-ანდრეი მარტინი (სლოვაკ) 6:4, 6:1

ვაშინგტონი. აშშ
ფინალი
გაელ მონფილსი (საფ, 2)-ივო კარლოვიჩი (ხორ, 13) 5:7, 7:6(6), 6:4

ქალები
სტენფორდი, აშშ
ფინალი
იოჰანა კონტა (ბრიტ, 3)-ვინუს უილიამსი (აშშ, 1) 7:5, 5:7, 6:2

ბაშტადი. შვედეთი
ფინალი
ლაურა ზიგემუნდი (გერ, 6)-კატერინა სინიაკოვა (ჩეხ) 7:5, 6:1

ვაშინგტონი. აშშ
ფინალი
იანინა ვიკმაიერი (ბელ, 7)-ლორენ დევისი (აშშ) 6:4, 6:2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული