ანჟელიკ კერბერმა შტეფი გრაფი უნდა გადაარჩინოს

AutoSharing Option
ბოლო წლებში, გულშემატკივრები ვეღარ ხედავენ ბრძოლას რეიტინგების პირველი ადგილებისთვის. ნოვაკ ჯოკოვიჩი და სერენა უილიამსი დომინირებენ პროფესიულ ტურში და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ უილიამსი შტეფი გრაფის მორიგ რეკორდს დაემუქრა - თუ ის სექტემბრის შუა რიცხვებამდე გაძლებს კლასიფიკაციის პირველ პოზიციაზე, მაშინ მოხსნის WTA-ის რეიტინგში უწყვეტად ლიდერობის რეკორდს.

თუმცა, მიმდინარე სეზონში ამერიკელის უპირატესობა ისეთი დიდი არ არის, როგორც ადრე. და აქ საქმე მხოლოდ ფინალური მატჩების წაგებაში არ არის. სერენა ამ ფინალებამდე მაინც მიდის და საკმაო რაოდენობის ქულებს აგროვებს. უბრალოდ, უილიამსის კალენდარში მცირდება
ტურნირების რაოდენობა - მან ბევრ შეჯიბრზე თქვა უარი ტრავმების გამო. ამ სიაში მორიგი გახდა მონრეალის ტურნირი, რომელიც ამ კვირას მიმდინარეობს.

მომდევნო ტურნირი, რომელშიც სერენა ითამაშებს, რიოს ოლიმპიადა იქნება, მაგრამ იქ სარეიტინგო ქულებს არ არიგებენ. შემდეგ მოდის ცინცინატი, რომელშიც უილიამსმა განაცხადი არ შეიტანა. იმის გამო, რომ შარშან, ამერიკელმა კანადაში ნახევარფინალამდე მიაღწია, ხოლო ცინცინატიში ტიტული აიღო, ქულების სოლიდურ რაოდენობას დაკარგავს და 7050 ქულა დარჩება.

ანჟელიკ კერბერს ამ მომენტისთვის 6500 ქულა აქვს, თუმცა, უახლოეს ორშაბათს დაკარგავს ქულებს სტენფორდის ტურნირისთვის. ამიტომაც უნდა ჩავთვალოთ, რომ რამდენიმე დღეში გერმანელს 6026 ქულა ექნება. ასე რომ, გერმანელს ექმნება საინტერესო შესაძლებლობა - ოთხი კვირის შემდეგ გახდეს პირველი ჩოგანი. ამისთვის მას სჭირდება მონრეალსა და ცინცინატიში ათასზე მეტი ქულის დაგროვება. ამ ტურნირების მოგებისთვის 900 ქულას იძლევიან, ასე რომ, გერმანელს დასჭირდება ერთ-ერთში ტიტულის მოგება და მეორეში კარგი გამოსვლა.

ერთის მხრივ, კერბერი არ არის სტაბილური ჩოგბურთელი, მაგრამ, მეორეს მხრივ, როცა ტურნირებზე სერენა არ გამოდის, გამარჯვების შანსი ყოველთვის არსებობს. სხვათა შორის, იმ შემთხვევაში, თუ ამ ერთ თვეში კერბერი ვერ მოახერხებს უილიამსის გასწრებას, გერმანელს შემდეგ ამერიკის ღია პირველობაზე ექნება შანსი, სადაც თითქმის არაფრის დაცვა არ უწევს, უილიამსი კი იქ შარშან ნახევარფინალში იყო.

კერბერისა და უილიამსის ბრძოლა, ერთგვარად, სიმბოლურია. საქმე ისაა, რომ გერმანელის კერპი ყოველთვის იყო შტეფი გრაფი, რომლის რეკორდსაც უმიზნებს სერენა. 1987-91 წლების პერიოდში, შტეფი ზედიზედ 186 კვირა ლიდერობა რეიტინგს, უილიამსმა კი ამ ორშაბათს, ზედიზედ ლიდერობის 180 კვირა შეასრულა. ასე რომ, კერბერს აქვს შანსი, გადაარჩინოს თავისი სახელოვანი თანამემამულის რეკორდი, მაგრამ ამისთვის, ამერიკის ჰარდზე გაბრწყინება დასჭირდება.

აქვე გთავაზობთ ცხრილს, რომელშიც WTA-ის რეიტინგში უწყვეტი ლიდერობის სარეკორდო სერიებია მოცემული.

1. შტეფი გრაფი - 186 კვირა
2. სერენა უილიამსი - 180
3. მარტინა ნავრატილოვა - 156
4. კრის ევერტი - 113
5. შტეფი გრაფი - 94
6. მონიკა სელეში - 91
7. მარტინა ნავრატილოვა - 90
8. შტეფი გრაფი - 87
9. მარტინა ჰინგისი - 80
10. კრის ევერტი - 76

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული