სერენა უილიამსი გადარჩა. ჯერჯერობით?

AutoSharing Option
როგორც უკვე ვწერდით, ანჟელიკ კერბერს გასულ კვირას, ცინცინატის ტურნირზე ჰქონდა კარგი შანსი - გაესწრო სერენა უილიამსისთვის რეიტინგში და პირველ ადგილზე გადასულიყო. ამერიკელმა სცადა თავისი პირველი პოზიციის დაცვა, უაილდ-ქარდი აიღო, მაგრამ ტრავმის გამო ვერ ითამაშა გასულ კვირას.

კერბერმა კი ფინალამდე მიაღწია, მაგრამ იქ კაროლინა პლიშკოვასთან თითქმის უბრძოლველად წააგო, რითაც რეიტინგში ლიდერობის შანსი დაკარგა.

იმის გამო, რომ სერენამ ვერ დაიცვა ცინცინატის შარშანდელი ტიტული, მისი მონაგარი კლასიფიკაციაში 7050 ქულამდე დაეცა, კერბერი კი ამერიკელს მხოლოდ 190 ქულით ჩამორჩება. ასე რომ, ბრძოლა პირველი ადგილისთვის აშშ-ის
ღია პირველობაზე გაგრძელდება.

კაროლინა პლიშკოვამ კი კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია და 900 ქულა მიიღო. ამის წყალობით, ჩეხმა მე-11 ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა შარშან, TOP10-ის წევრიც იყო. ჯერჯერობით, პლიშკოვა ცუდად თამაშობს "დიდი სლემის" ტურნირებზე, სადაც მესამე წრეზე შორს არასოდეს გასულა.

სიმონა ჰალეპი ოლიმპიადის სტარტამდე მესამე ადგილზე იყო, მაგრამ ორ კვირაში მეხუთე პოზიციამდე დაეშვა, რადგან დაკარგა ქულები "პრემიერ 5"-ის შარშანდელი ორი ფინალისთვის. ცინცინატის ნახევარფინალში კერბერი რომ დაემარცხებინა, რუმინელი აშშ-ის ღიაზე პირველ ოთხეულში მიიღებდა განთესვას, მაგრამ, ახლა, მეოთხე ნომერი აგნიეშკა რადვანსკას ექნება.

* * *
არ შეიძლება არ ვახსენოთ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ქალთა წყვილების რეიტინგში. აქ მარტინა ჰინგისი და სანია მირზა იყოფდნენ პირველ ადგილს, მაგრამ შვეიცარიელმა და ინდოელმა შეწყვიტეს თანამშრომლობა. ცინცინატიში მათ ახალ პარტნიორებთან ერთად (ჰინგისი კოკო ვანდევეგესთან და მირზა ბარბორა სტრიკოვასთან) ფინალამდე მიაღწიეს და ერთპიროვნული ლიდერის ვინაობა უშუალოდ მატჩში გაარკვიეს.

მირზამ და სტრიკოვამ მოიგეს გადამწყვეტი მატჩი და ინდოელი ქალთა წყვილების რეიტინგის პირველი ნომერი გახდა. ინდოელი უკვე 72 კვირაა ზედიზედ ლიდერობს, რაც მეხუთე მაჩვენებელია ისტორიაში.

WTA. TOP10
1(1). სერენა უილიამსი (აშშ) 7 050
2(2). ანჟელიკ კერბერი (გერ) 6 860
3(3). გარბინ მუგურუსა (ესპ) 5 830
4(5). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 5 340
5(4). სიმონა ჰალეპი (რუმ) 4 970
6(6). ვინუს უილიამსი (აშშ) 4 005
7(7). ვიქტორია აზარენკა (ბლრ) 3 551
8(8). რობერტა ვინჩი (იტა) 3 465
9(9). მედისონ კისი (აშშ) 3 341
10(10). სვეტლანა კუზნეცოვა (რუს) 3 190

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული