ხუან მარტინ დელ პოტროს დაბრუნების ზღაპრული ისტორია

AutoSharing Option
რიოს ოლიმპიადის საჩოგბურთო ტურნირმა კარგად დაგვანახა, რომ ბოლომდე რეიტინგის ნდობა არ შეიძლება. მოკრძალებულმა მონიკა პუიგმა მოკრძალებულ პუერტო რიკოს ოქროს მედალი მოუტანა, ხოლო მამაკაცთა ტურნირში ვერცხლის მედალი არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ მოიპოვა, რომელიც კლასიფიკაციაში პირველ ასეულშიც კი არ შედის...

საინტერესოა, რომ თავად ქვეყნის დასახელება, რომლის დროშის ქვეშაც გამოდის დელ პოტრო, წარმოიშვა ლათინური სიტყვისგან, რომელიც "ვერცხლს" ნიშნავს. სწორედ ამ სინჯის მედალი მოიპოვა "ტანდილის კოშკმა" - ასე უწოდებენ მას მრავალრიცხოვანი გულშემატკივრები. ეს მეტსახელი შემთხვევით არ აურჩევიათ.

ტანდილში
დაბადებული ჩოგბურთელის სიმაღლე 198 სანტიმეტრია და 2009 წელს ის გახდა "დიდი სლემის" ტურნირის ყველაზე ტანმაღალი გამარჯვებული ისტორიაში (ხუთი წლის შემდეგ ეს რეკორდი მარინ ჩილიჩმა გაიმეორა). მაგრამ, პიზას კოშკის მსგავსად, "ტანდილის კოშკიც" ოდნავ გადაიხარა იმ პრობლემების გამო, რომლებიც თავს დაატყდა არგენტინელს. მაგრამ, საბოლოოდ, ყველაფერს გაუძლო და ამით მსოფლიოს გულშემატკივართა დიდი ნაწილი გაახარა.

ვერცხლისკენ მიმავალ გზაზე დელ პოტრომ ყველა შოკში ჩააგდო, როცა ტურნირის სტარტზე მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა, შემდეგ კი შთამბეჭდავ ნახევარფინალში რაფაელ ნადალს გაუსწორდა. ამ ორი ჩოგბურთელის ერთ ტურნირზე დამარცხება არგენტინელამდე სტენ ვავრინკამ შეძლო 2014 წელს - მისთვის ტრიუმფალურ ავსტრალიის ღია პირველობაზე.

მაგრამ მაშინ შვეიცარიელისთვის გზა არ გადაუღობავს ენდი მარეის, რომელმაც რიოს ფინალში დაამარცხა ძალაგამოცლილი არგენტინელი. მაგრამ ეს ვერცხლის მედალი ოქროს ტოლფასი იყო იმის გათვალისწინებით, რა სირთულეების გადალახვა მოუწია დელ პოტროს ბოლო წლების განმავლობაში.

* * *
2009 წელს, ამერიკის ღია პირველობაზე ტრიუმფის შემდეგ, ხუან მარტინს პრობლემები დაეწყო. მაშინ საჩემპიონო თასით ხელში დელპო ვერც კი წარმოიდგენდა, რამდენად რთული პერიოდის გადატანა მოუწევდა, რამდენ სირთულეს წააწყდებოდა. რად ღირს თუნდაც ორი წლით ჩოგბურთიდან იძულებით წასვლა.

ხუან მარტინ დელ პოტროს ისტორია - სასწაულის ისტორიაა, რომელიც ჩოგბურთში "დიდი ოთხეულის" დომინირების ეპოქას დაემთხვა. სწორედ არგენტინელს ჰქონდა ყველა საფუძველი იმისთვის, რომ თავისი ფორჰენდით შეჭრილიყო ამ ელიტაში, რომელიც ახლოს არავის იკარებდა.

2005 წელს, 17 წლის ხუან მარტინი TOP200-ის ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახდა, 2006 წელს - ყველაზე ახალგაზრდა იყო პირველ ასეულში, 2007 წელს - TOP50-ში, 2008 წელს კი უკვე პირველ ათეულში შედიოდა. 2009 წელს, არგენტინელმა შეუძლებელი შეძლო - აშშ-ის ღიას ფინალში დაამარცხა როჯერ ფედერერი, რომელიც მანამდე ზედიზედ ხუთჯერ ხდებოდა ამ ტურნირის ჩემპიონი. ამის შემდეგ ვინ უნდა ყოფილიყო არგენტინელის გამჩერებელი?

ამ კითხვას პასუხი რამდენიმე თვის შემდეგ გაეცა. 2010 წელს, რომელიც ტრიუმფალური უნდა გამხდარიყო დელ პოტროსთვის, მაჯის ტენდინიტის გამო ოპერაცია გახდა საჭირო. ის 2010 წლის 4 მაისს, მინესოტას შტატის ქალაქ როჩესტერში ჩატარდა ქირურგ რიჩარდ ბერგერის ხელმძღვანელობით. კიდევ დიდი ხანი, ხუან მარტინი იძულებული იყო მთელი ძალები აღდგენაზე დაეხარჯა და არა თამაშზე. ექიმები მის "მთავარ მწვრთნელებად" რჩებოდნენ თითქმის წლის ბოლომდე. სეზონის მიწურულს, კორტზე მხოლოდ ორჯერ გავიდა და როგორც მოსალოდნელი იყო, ვერც ერთი სეტი ვერ მოიგო.

* * *
არგენტინელის დაბრუნება 2011 წელს შედგა და ის იმედისმომცემი იყო. 2012 წელს, მან პეკინის ოლიმპიადის ბრინჯაო მოიპოვა, 2013 წელს კი, ფაქტობრივად, დაბრუნდა ძველ პოზიციებზე, როცა ინდიან უელსის ტურნირის ფინალამდე მიაღწია, თან გზად ნოვაკ ჯოკოვიჩი და ენდი მარეი დაამარცხა. შემდეგ იყო უიმბლდონის ნახევარფინალი... სეზონის ბოლოს, დელ პოტრო უკვე პირველ ხუთეულში დაბრუნდა.

რთული წარმოსადგენია, რა განიცადა ჩოგბურთელმა, როცა ისევ იგრძნო ძველი და საშინელი ტკივილი, ოღონდ, ამჯერად, მარცხენა მაჯაში. მორიგი ოპერაციული ჩარევის შიშით, არგენტინელი ითმენდა, მაგრამ 2014 წლის დასაწყისში ტკივილი აუტანელი გახდა.

სიდნეის ტურნირში გამარჯვებიდან (ეს ტიტული, ჯერჯერობით, ბოლოა მის კარიერაში) რამდენიმე კვირის თავზე, დელ პოტრომ დუბაის პირველ წრეში მოკრძალებულ ინდოელთან, სომდევ დევარმანთან წააგო და კორტი აცრემლებულმა დატოვა. ეს იყო მორიგი კოშმარული პერიოდის დასაწყისი. 24 მარტს, დელ პოტროს იმავე კლინიკაში მარცხენა მაჯაზე გაუკეთეს ოპერაცია და შედეგად, სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვა. არგენტინელი ოპტიმიზმს არ კარგავდა და 2015 წელს გეგმავდა კორტზე დაბრუნებას. სოციალურ ქსელებში მუდმივად წერდა პოზიტიურ კომენტარებს საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ.

* * *
მაგრამ სულ მალე ცხადი გახდა, რომ სინამდვილეში, არგენტინელი სულაც არ იყო საკუთარ თავში დარწმუნებული. ყველა ვარჯიში იმით მთავრდებოდა, რომ ტკივილი თავს ახსენებდა. როგორც ვარაუდობდა, კორტზე 2015 წლის დასაწყისში დაბრუნდა, მაგრამ ავსტრალიის ღია პირველობის გამოტოვება მოუწია, რადგან 20 იანვარს მორიგი ოპერაცია გაუკეთეს.

თუმცა ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი. თამაშს მონატრებული ხუან მარტინი მაიამიში გაემგზავრა, სადაც პირველივე წრეში წააგო ვასეკ პოსპიშილთან. შემდეგ საქმეები უკან და უკან წავიდა, რადგან ხელი ისევ დიდ პრობლემებს უქმნიდა. ჩოგბურთელმა ისევ შეწყვიტა ტურნირებზე გამოსვლა და ფაქტობრივად, გაქრა მხედველობის არიდან. და პირველად 2015 წლის 15 ივნისს გამოჩნდა, როცა გულისამაჩუყებელი ვიდეო გაავრცელა.

დელპომ თავისი უსიამოვნებების შემდეგ პირველად გამოთქვა ეჭვი უახლოეს პერიოდში დიდ ჩოგბურთში დაბრუნების თაობაზე. ეს მან ახსნა სრულად გამოჯანმრთელების სურვილით, რათა აღარასოდეს გავიდეს კორტზე ტკივილით. მან გაიარა კონსულტაციები სხვა ექიმებთან (უკვე არა ბერგერთან) და ისევ გახდა საჭირო საოპერაციოდ წასვლა. იმავე კლინიკაში.

ამ მომენტში, არგენტინელის ძალიან დეპრესიული მდგომარეობის გათვალისწინებით, ბევრმა სერიოზულად გაიფიქრა, რომ აშშ-ის ღია პირველობის ყოფილი ჩემპიონი დიდი სპორტისთვის უკვე დაკარგული იყო. გარდა ამისა, დელ პოტრომ გამოაცხადა ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ მწვრთნელ ფრანკო დავინთან, რომელთანაც დიდი ხანი მუშაობდა. მაგრამ შემდეგ ხუან მარტინს ხასიათი გამოუკეთდა და ისევ დაიწყო პოზიტიური ფოტოებისა და შეტყობინებების გამოქვეყნება სოციალურ ქსელებში.

* * *
ზაფხულის ბოლოს, დელ პოტრომ სერიოზული მომზადება დაიწყო. პირველ რიგში, ფიზიკურ აღდგენას მიაქცია ყურადღება. სექტემბერის ბოლოს გაიარა აღდგენითი შეკრება მაიამიში, მართალია, მწვრთნელის გარეშე, სამაგიეროდ, მეგობრებთან და სპარინგ-პარტნიორებთან ერთად.

უმძიმესი შვიდი თვის შემდეგ, რომლის დროსაც არგენტინელი არ მიკარებია ჩოგანს, ფლორიდაში, როგორც იქნა, ჩანთიდან ამოიღო საყვარელი იარაღი. "როცა ჩანთა გავხსენი, იქ ორი ჩოგანი დავინახე. და დავიწყე ბურთით ვარჯიში. ჩოგანი უროსავით მძიმე იყო. ეს ფანტასტიკური და ამაღელვებელი მომენტი იყო. დიდი სიამოვნებით ვივარჯიშე 45 წუთი. გაჩერება არ მინდოდა..."

საჭირო იყო დარტყმებთან შეჩვევა. მარცხნიდან დარტყმა პირველად მხოლოდ 2015 წლის 24 ნოემბერს გარისკა.

და, როგორც იქნა, სასწაული მოხდა. დელ პოტრომ ისევ იგრძნო ძალა კორტზე გასასვლელად. უნდა აერჩია - სად და როდის მოხდებოდა დაბრუნება. საბოლოოდ, ეს მოხდა 2016 წლის თებერვალში, დელრეი-ბიჩში. ახლოს იმ ადგილთან, სადაც აღდგენით კურსს გადიოდა. დაბრუნება დამაკმაყოფილებელი გამოვიდა, რადგან არგენტინელმა ნახევარფინალამდე მიაღწია და ძლიერ ფრანგს ჟერემი შარდის მოუგო. მაგრამ თამაშის დონე და ფიზიკური კონდიციები შორს იყო ოპტიმალურისგან.

მაგრამ მთავარი ის იყო, რომ დელ პოტრო ჩოგბურთში დარჩა. მას არ უნდოდა პროცესის ფორსირება, ამიტომაც უარი თქვა როლან გაროსზე. ასევე მაქსიმალურად გაურბოდა ბექჰენდიდან თამაშს, მით უმეტეს, მოჭრილ დარტყმებს. შეიძლება ითქვას, რომ არგენტინელს მოუწია თავისი საფირმო ბექჰენდის მოდიფიცირება იმის გათვალისწინებით, რომ მარცხენა ხელს უფრთხილდებოდა. სამაგიეროდ, მისი მომაკვდინებელი ფორჰენდი ძალაში რჩებოდა. და ეს ყველამ დაინახა ოლიმპიურ თამაშებზე.

რჩება ერთი პრობლემის მოგვარება. ლაპარაკია ფიზიკურ კონდიციებზე. ეს აუცილებელია დიდ ტურნირებზე ზედიზედ რამდენიმე მატჩის უმაღლეს დონეზე ჩასატარებლად. უიმბლდონზე დელ პოტრომ მოახერხა პირველ წრეში სტეფან რობერის დამარცხება.

ეს იყო 894 დღის განმავლობაში არგენტინელის პირველი მატჩი "დიდი სლემის" ტურნირებზე. იმ მოგების შემდეგ მოთამაშემ საკმარისი დამაჯერებლობა იგრძნო, რათა დაბრუნების შემდეგ პირველი სენსაცია მოეხდინა - სტენ ვავრინკა დაამარცხა. მაგრამ უკვე შემდეგ რაუნდში ეს წარმატება ძვირად დაუჯდა. არგენტინელი გამოფიტული იყო და ვერ შეძლო ფრანგ ლუკ პუიესთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა.

მაგრამ რიოში ეს პრობლემაც თითქმის მოგვარებული იყო. დელ პოტრომ შეძლო რამდენიმე მატჩის უმაღლეს დონეზე ჩატარება, მათ შორის, ჯოკოვიჩის, იაპონელი ტარო დანიელისა და რაფა ნადალის წინააღმდეგ. მაგრამ ფინალში ვეღარ გაძლო. ზედიზედ მეექვსე მატჩის მოგება, თან ამ მომენტისთვის საუკეთესო ჩოგბურთელთან, უბრალოდ, შეუძლებელი აღმოჩნდა.

თანამედროვე ჩოგბურთისთვის 28 წელი - კარიერის ზენიტს ნიშნავს. იმის გათვალისწინებით, როგორ თამაშსაც არგენტინელი ტრავმებამდე აჩვენებდა, შეიძლება ითქვას, რომ ხანგრძლივი პაუზის გამო მან ბევრი ტიტული დაკარგა. იმედია, ხუან მარტინი შეძლებს უახლოეს წლებში დაკარგულის ანაზღაურებას და ვინ იცის, ეს პროცესი, შესაძლოა, უკვე მიმდინარე აშშ-ის ღია პირველობიდან დაიწყოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული