US OPEN 2016. II დღე: დღის ციფრი და სკანდალი

AutoSharing Option
ყურადღების ცენტრში იყო გუშინ, სერენას უფროსი და - ვინუს უილიამსი. მან უნიკალური რეკორდი დაამყარა - 72-ედ მიიღო მონაწილეობა "დიდი სლემის" ტურნირებში. წინა რეკორდი მის თანამემამულეს ემი ფრეიზერს ეკუთვნოდა.

36 წლის ამერიკელი ნაკლებად ცნობილ უკრაინელს კატერინა კოზლოვას ხვდებოდა და დიდი გაჭირვებით მოიპოვა მეორე წრეში თამაშის უფლება. არადა, მეექვსე ნომრად განთესილ ვინუსს პრობლემები არ უნდა შექმნოდა - იოლად მოიგო პირველი სეტი და მეორეში 4:1 იყო დაწინაურებული.

და უცებ, უკრაინელი იდეალურად ათამაშდა, უილიამსი კი ანერვიულდა და დათმო მეორე პარტია. გადამწყვეტ სეტში კი ყველაფერი
გადაწყვიტა კოზლოვას უნებლიე შეცდომებმა. თამაში ორი საათი და 42 წუთი გაგრძელდა და ბოლოს, ვეტერანი ამერიკელი ძლივს იდგა ფეხზე.

ვინუსი 1997 წლიდან გამოდის პროფესიულ ტურში. როცა მას რეკორდის შესახებ ჰკითხეს, უფროსმა უილიამსმა იკითხა: "სერენას რამდენი აქვს?" სერენა 65-ე "სლემს" ატარებს.

ცნობისთვის, მოქმედ ჩოგბურთელებს შორის მეორეა შვეიცარიელი როჯერ ფედერერი, რომელსაც "დიდი სლემის" 67 ტურნირში მიუღია მონაწილეობა, თუმცა ის აშშ-ის ღია პირველობას ტოვებს.

დღის სკანდალი
ავსტრალიელი ჩოგბურთელები - ნიკ კირგიოსი და ბერნარდ ტომიჩი კვლავ რჩებიან პროფესიული ტურის მთავარ ხულიგნებად.

მართალია, კირიგოსმა პირველ წრეში იოლად დაამარცხა ბრიტანელი ალიაჟ ბედენე (6:4, 6:4, 6:4), მაგრამ მატჩის შემდეგ, შეხვედრის მთავარ არბირტს ხელი არ ჩამოართვა.

კიდევ უფრო შორს წავიდა ტომიჩი. მან ოთხ სეტში წააგო ბოსნიელ დამირ ძუმჰურთან (4:6, 3:6, 6:4, 6:7) და ისე გაბრაზდა ამის გამო, რომ ერთ-ერთ გულშემატკივარს დაუყვირა - ჩემს კვერცხებს პირში ჩაგტენი, თან ფულსაც დაგიმატებ, პრეტენზიები რომ არ გქონდესო. თან ავსტრალიელი მიკროფონებთან ახლოს იდგა, ასე რომ, მისი ხმა ყველას ესმოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული