US OPEN 2016. X დღე: ო, კეი ნიშიკორი!

AutoSharing Option
წინ ნახევარფინალები
აშშ-ის ღიას მხოლოდ რვა ჩოგბურთელი შემორჩა - ცნობილი გახდა ნახევარფინალური წყვილები მამაკაცთა და ქალთა ბადეში...

კაცები
1/4 ფინალი
ვავრინკა (შვეიც, 3)-დელ პოტრო (არგ) 7:6(5), 4:6, 6:3, 6:2
ნიშიკორი (იაპ, 6)-მარეი (ბრიტ, 2) 1:6, 6:4, 4:6, 6:1, 7:5

1/2 ფინალი
ჯოკოვიჩი (სერ, 1)-მონფილსი (საფ, 10)
ვავრინკა (შვეიც, 3)-ნიშიკორი (იაპ, 6)

ო, კეი ნიშიკორი!
ბრიტანელი ენდი მარეი ამერიკის ღია პირველობის მთავარ ფავორიტად განიხილებოდა. ის შეუდარებელი იყო ზაფხულში, როცა უიმბლდონი და რიოს ოლიმპიადა მოიგო, აგრეთვე ცინცინატის "მასტერსის" ფინალში გააღწია. აშშ-ღის ღიაზე ბრიტანელმა ოთხი წრე ისე
გაიარა, რომ მხოლოდ ერთი სეტი დათმო, თუმცა სერიოზული მეტოქეები არ ჰყოლია. ასე რომ, ენდი მზადყოფნის შემოწმება სწორედ კეი ნიშიკორისთან გუშინდელ მატჩში უნდა მომხდარიყო.

იაპონელი ყოველთვის კარგად თამაშობს ამერიკის ღია პირველობაზე, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა. კეისთვის ეს "დიდი სლემი" საშინაო ტურნირივითაა, რადგან 13 წელია აშშ-ში ცხოვრობს. მან 2014 წელს, ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ტრავმამ შეუშალა ხელი მარინ ჩილიჩისთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევაში. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ გუშინდელი ტრიუმფის შემდეგ, ნიშიკორის აშშ-ის ღიაზე ხუთიდან ხუთი მოგება აქვს TOP10-ის მოთამაშეებთან.

ბრიტანელი და იაპონელი მეცხრედ ხვდებოდნენ ერთმანეთს. წინა რვა მატჩიდან შვიდი მარეის ჰქონდა მოგებული, თან ამ შვიდ წაგებულ შეხვედრაში, აზიელმა მხოლოდ ორი სეტი აიღო. და გუშინაც, ენდიმ ისე დაიწყო, რომ კეი თითქოს იოლად უნდა დაემარცხებინა.

ნიშიკორიმ ივო კარლოვიჩთან წინა წრის მატჩში, პირველ ორ სეტში არც ერთი უნებლიე შეცდომა არ დაუშვა, აქ კი საწყის სეტში 14-ჯერ შეცდა და ლოგიკურად, 1:6 წააგო. მარეი სიტუაციას მეორე სეტის შუამდე აკონტროლებდა, ბრეიკი შეასრულა და მზად იყო მეორე პარტიის მოსაგებად. და სწორედ ამ დროს, ბრიტანელი თითქოს მოდუნდა, რითაც ნიშიკორიმ კარგად ისარგებლა - მალე გააკეთა საპასუხო ბრეიკი, შემდეგ კი სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

უნდა აღინიშნოს, რომ მარეის თამაშზე იმოქმედა მცირე პაუზამ, როცა წვიმის გამო, ცენტრალური კორტის გადახურვა გახდა საჭირო. დარბაზის პირობებში, ბრიტანელს გაუფუჭდა პირველი მოწოდება, იაპონელს კი პირიქით, კარგად გამოსდიოდა ფორჰენდი.

ბრეიკებით სავსე მესამე სეტში მარეიმ შეძლო მოგება, მაგრამ მისი თამაშის ხარისხი თანდათან ეცემოდა. მეოთხე პარტიის დასაწყისმა კი ბევრი რამ გადაწყვიტა. 1:1-ზე მარეი ბრეიკ-პოინტამდე მივიდა და გათამაშებაც მოიგო, მაგრამ მსაჯმა არ ჩაუთვალა. ენდი ძალიან დიდი ხანი ეკამათებოდა არბიტრს და, რა თქმა უნდა, ვერაფერს გახდა, ამ ინციდენტმა კი ძალიან უარყოფითად იმოქმედა ფავორიტზე და ბრიტანელმა ზედიზედ 7 (!) გეიმი წააგო.

ენდი მეხუთე სეტში გამოფხიზლდა, როცა უკვე 0:2 იყო ჩამორჩენილი. მან დაიბრუნა დაკარგული მოწოდება, შემდეგ ისევ დაკარგა და ისევ გაათანაბრა ანგარიში. თითქოს, მარეიმ საბოლოოდ გატეხა მეტოქის წინააღმდეგობა, მაგრამ ყველაფერი სწორედ მისმა შეცდომამ გადაწყვიტა: სეტებში 2:2-ზე, მეხუთე სეტში 5:5-ზე და 30:30-ზე ბრიტანელმა ორმაგი შეცდომა დაუშვა და მეტოქეს ბრეიკის შესრულების საშუალება მისცა. 3 საათი და 57 წუთი ბრძოლის შემდეგ, ნიშიკორი ნახევარფინალში გასვლას ზეიმობდა - 1:6, 6:4, 4:6, 6:1, 7:5.

პირველად 2004 წლის შემდეგ, "დიდი სლემის" ტურნირის ნახევარფინალში არ იქნება "დიდი ტრიოდან" არც ერთი - მარეი, ფედერერი და ნადალი, არადა, ენდი წელს, "დიდი სლემის" წინა სამი ჩემპიონატის ფინალში იყო.

მარეისთან გამარჯვება ნიშიკორის მეოთხე ადგილზე დააბრუნებს რეიტინგში, მაგრამ, თუ პარასკევს იაპონელი ნახევარფინალის მოგებას შეძლებს, მაშინ კარიერაში პირველად შევა TOP3-ში.

დელ პოტრომ ვერ გაძლო
დღის ბოლო მატჩს ყველა დიდი ინტერესით ელოდა. დიდ ჩოგბურთში მორიგი დაბრუნების შემდეგ, ხუან მარტინ დელ პოტრომ უიმბლდონზე მოულოდნელად დაამარცხა სტენ ვავრინკა. ეს იყო არგენტინელის ზედიზედ მეოთხე მოგება შვეიცარიელზე.

ვავრინკას რევანშზე უნდა ეფიქრა, მაგრამ დელ პოტრომ ეს შეხვედრაც კარგად დაიწყო - 4:1 წაიყვანა ანგარიში პირველ სეტში. მაგრამ შვეიცარიელმა შეძლო მობილიზება, თან მეტოქის შეცდომებიც დაეხმარა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. აქ კი ხუან მარტინი სამჯერ დააღალატა თავისმა საფირმო ფორჰენდმა - მე-13 გეიმი სტენმა 7:5 მოიგო.

თითქოს, ვავრინკამ ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ წააგო თანაბარი მეორე სეტი. დელ პოტრომ, მოულოდნელად, სეტის შუაში შეძლო ბრეიკის შესრულება და ეს უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.

მესამე სეტი გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო, ამიტომაც, მეცხრე გეიმამდე თანაბარი თამაში მიდიოდა. და სწორედ აქ აუკანკალდა ხელი არგენტინელს. მან ორმაგი შეცდომა დაუშვა და ბრეიკ-პოინტი აჩუქა მეტოქეს, რაც ვავრინკამ კარგად გამოიყენა. მეოთხე სეტში კი დელ პოტრო ძალიან დაღლილი ჩანდა. მან პირველივე გეიმში წააგო საკუთარი მოწოდება, თან ბრეიკ-პოინტზე ორმაგი შეცდომით, მალე ვავრინკა ორმაგი ბრეიკით გავიდა წინ და ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვა.

მართალია, დელ პოტროს ზღაპარი აშშ-ის ღიაზე აღარ გაგრძელდა, მაგრამ უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ არგენტინელი პროფესიულ ტურში საბოლოოდ დაბრუნდა. ორშაბათიდან ის TOP70-ის წევრი გახდება და აღარ დასჭირდება დიდ ტურნირებზე სპეციალური მოწვევების აღება. დელპო, ახლა, გლაზგოში გაემგზავრა, სადაც მომავალი კვირის ბოლოს, დევისის თასის ნახევარფინალი გაიმართება ბრიტანეთსა და არგენტინას შორის.

რაც შეეხება ვავრინკასა და ნიშიკორის მოსალოდნელ ნახევარფინალს, უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის მათი პირველი შეხვედრა აშშ-ის ღიაზე: 2014 წელს, მეოთხედფინალში ნიშიკორიმ ხუთ სეტში სძლია შვეიცარიელს, თუმცა ურთიერთშეხვედრებში სტენი წინ არის - 3:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული