ქართველი ჩოგბურთელები: კალაშნიკოვა ჩინეთში იგებს, ცივაძე - ყაზახეთში

AutoSharing Option
პეკინში ჩინეთის ღია პირველობის (საპრიზო ფონდი 6.289.521 დოლარი) წყვილთა პაექრობაში თბილისელმა ოქსანა კალაშნიკოვამ (52-ე) და ესპანელმა ლარა არუაბარენამ (62-ე) ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგეს: სტარტზე ჩეხების – ანდრეა ჰლავაჩკოვას და ლუსი ჰრადესკას ძლევის შემდეგ გუშინ მე-2 წრეში სლოვენიელებს - ანდრეა კლეპაჩსა (28-ე) და კატარინა სრებოტიკს (26-ე) დაუპირისპირდნენ.

პირველ სეტში სლოვენიელებმა იმარჯვეს - 7:5, მომდევნო ორი სეტი კი ქართულ-ესპანური დუეტისა იყო - 7:5, 10:4.

კალაშნიკოვა და არუაბარენა მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც მესამე ნომრად განთესილ ტაივანელებს - ჰაო-ჩინ ჩანისა (მე-9) და იუნ-იან ჩანის (მე-9)
გაუწევენ მეტოქეობას. აზიელებმა გუშინ ვანია კინგისა (აშშ, 24-ე) და მონიკა ნიკულესკუს (რუმინეთი, მე-18) ტანდემი დაჯაბნეს - 7:6, 6:4.

* * *
გუშინ იტალიის ჩოგბურთელ ქალთა 25.000-იან საერთაშორისო ტურნირს დაემშვიდობა თბილისელი ეკატერინე გორგოძე: ერთეულებში მერვე ნომრად კი იყო განთესილი, მაგრამ სტარტზე კვალიფიკაციიდან აღზევებულ ელენა ინ-ელბონთან (შვეიცარია) წააგო - 6:2, 4:6, 3:6.

წყვილებში კატინკა ფონ დეიჩმანთან (ლიხტენშტეინი) ერთად შარლოტ რობილარ-მილეტისა (კანადა) და კიმბერლი ზიმერმანის (ბელგია) დუეტთან დამარცხდა - 3:6, 6:7.

* * *
ჩიმკენტში (ყაზახეთი) ვაჟთა 10.000-იან საერთაშორისო ტურნირში წარმატებით თამაშობს გიორგი ცივაძე. იგი განთესვით მერვე ნომერია.

ერთეულთა პირველ წრეში მიხაილ ფუფიგინის (რუსეთი) ძლევის შემდეგ გუშინ მეორე წრეში რუსი კრისტიან ლოზანი ჩამოიშორა გზიდან - 6:4, 6:2 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც პირველ ნომრად განთესილ ივან ნედელგოს (რუსეთი) შეხვდება. ამ უკანასკნელმა რომან ხასანოვი (ყაზახეთი) დაჯაბნა - 7:5, 6:4.

მეოთხედფინალში ასევე ითამაშებენ: ივან გახოვი (რუსეთი)-პაველ კიტოვი (რუსეთი), ივან დავიდოვი (რუსეთი)-სანჯარ ფაიზიევი (უზბეკეთი), ვლადიმერ ივანოვი (ესტონეთი)-ალექსანდრ იგოშინი (რუსეთი).

წყვილებში ცივაძე რუს ალექსანდრ პავლიუჩენკოვთან ერთად ნახევარფინალშია: გუშინ მეოთხედფინალში ქართულ-რუსულმა ტანდემმა ასპარეზობის მეოთხე ნომრებს - მიხაილ ფიფუგინსა (რუსეთი) და ვლადიმირ ივანოვს (ესტონეთი) სძლია - 7:6, 7:6.

მომდევნო პაექრობას საქადათ აიარსა (ყაზახეთი) და რიკარდო მაიჯასთან (შვეიცარია) გამართავს, რომლებმაც მეორე ნომრად განთესილ უზბეკებს - შონიქმაჯონ შოფაიზიევსა და ხუმოიუნ სულტონოვს მოუგეს - 6:2, 4:6, 11:9. მეორე ნახევარფინალში შარობიდინ აბზალოვი (უზბეკეთი), სერგეი ფომინი (უზბეკეთი) და ივან დავიდოვი (რუსეთი), რომან ხასანოვი (ყაზახეთი) ითამაშებენ.

* * *
შარმ ელ შეიხის (ეგვიპტე) ქალთა 10.000-იან ტურნირში ჩაება ანა ქადაგიძე. გუშინ ერთეულებში ვიქტორია არიადნა ბეკიოს (არგენტინა) შეხვდა. პირველი ხელი 1:6 დათმო, მეორეს 1:4-ს რომ აგებდა, ტრავმა მიიღო და ორთაბრძოლის გაგრძელება ვერ მოახერხა.

წყვილებში ქადაგიძე გერმანელ ვაგნერთან იყო შეამხანაგებული. რადგანაც ტრავმის გამო ასპარეზობა ვერ შეძლო, პაულინა ჟარნიკისა (პოლონეთი) და სარაჰ-რებეკა სეკულიჩის (გერმანია) დუეტი მომდევნო ეტაპზე უბრძოლველად გავიდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული