ქართველი ჩოგბურთელები: მხოლოდ წყვილებს შემორჩნენ

AutoSharing Option
ამჟამად სამი ქართველი ჩოგბურთელი ჩინეთში იმყოფება. ჩვენი ვაჟთა ნაკრების ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი (103-ე) შანხაის საერთაშორისო ტურნირის კვალიფიკაციაში ჩაერთო.

გუშინ იგი 31 წლის ჩეხ ლუკაშ როსოლს (86-ე) დაუპირისპირდა. სამსეტიანი პაექრობა ორ საათ-ნახევარს გაგრძელდა. ჩვენებურმა პირველი ხელი დაძაბულ პაექრობაში ტაიბრეიკზე წააგო - 6:7. მეორე სეტი ბასილაშვილმა 6:4 მოიგო და მატჩის გადარჩენის შანსიც გაჩნდა. მესამე ხელი ისევ ტაიბრეიკამდე მივიდა და ქართველმა ჩოგბურთელმა ის 6:7 დათმო.

ტიანჯინის ქალთა 500.000-იან ტურნირში თამაშობენ სოფიო შაფათავა და ოქსანა კალაშნიკოვა.

შაფათავამ ერთეულთა საკვალიფიკაციოში მოსინჯა ძალები. პირველ წრეში მასპინძელი
ფან იინ სუნი დაამარცხა - 7:6, 7:5, გუშინ კი ძირითად ბადეში გადასასვლელი შეხვედრა 20 წლის ჩინელ ფანგჟოუ ლიუსთან დათმო - 1:6, 2:6, არადა, წლეულს,  18 სექტემბერს, გუანჩჟოუში შაფათავამ ჩინელს 2:1 (4:6, 6:2, 6:3) აჯობა.

ამ მარცხის მიუხედავად, შაფათავა ტურნირს არ დამშვიდობებია, რადგან დღეს უზბეკ საბინა შარიპოვასთან ერთად წყვილებში ითამაშებს: ქართულ-უზბეკურ დუეტს მეტოქეობას კატარჟინა პიტერი (პოლონეთი) და იპეკ სოილუ (თურქეთი) გაუწევენ. კალაშნიკოვა ესპანელ ლარა არუაბარენასთან ერთად მე-2 ნომრადაა განთესილი და დღეს აკიკო ომაე (იაპონია)-ნინა სტოიანოივიჩის (სერბეთი) ტანდემს გამოცდის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული