ქართველი ჩოგბურთელები: ბასილაშვილი ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (რეიტინგით 107-ე) შაბათს პარიზის მასტერსის (საპრიზო ფონდი 3.748.925 ევრო) საკვალიფიკაციო რაუნდში ჩაება.

სტარტზე ესპანელ ინიგო სერვანტესს (81-ე) დაუპირისპირდა. ეს ჩოგბურთელები პირველად 2014 წლის 30 ივლისს დადგნენ ერთმანეთის პირისპირ. მაშინ იტალიის ტურნირის მეთექვსმეტედფინალში ჩვენებურმა სამ სეტში აჯობა მეტოქეს - 7:6, 5:7, 7:5. ბასილაშვილს პირენეელთან წარმატების მისაღწევად ამჯერადაც სამი სეტი დასჭირდა: პირველი ხელი ქართველმა ჩოგბურთელმა მშრალი ანგარიშით (6:0) მოიგო, მეორე 4:6 დათმო, მესამე სეტში 6:4 გაიმარჯვა და კვალიფიკაციის ფინალში გავიდა, სადაც რეიტინგში 64-ე საფეხურზე მყოფ რობინ ჰაასეს (ჰოლანდია)
სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია - 5:7, 2:6 დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა.

არადა, პირველ ხელს თავიდან ბასილაშვილი 3:0-ს იგებდა.

* * *
ანტალიაში,  ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) მონაწილეობდა სოფიო ქვაცაბაია.

ასპარეზობის რეიტინგფავორიტმა ქართველმა ზედიზედ დაამარცხა ანდრინა პეერი (შვეიცარია, 6:3, 6:3), დენიზე-ანტონელა სტოიცა (რუმინეთი, 6:2, 6:3) და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც პირველი ხელი რუს ულიანა აიზატულინას 7:6 მოუგო, მეორეში, როცა ანგარიში გახდა 2:2, ქვაცაბაიამ ტრავმა მიიღო და შეხვედრის გაგრძელება ვერ შეძლო.

სამწუხაროდ, ვერც წყვილებში ითამაშა, არადა, ბულგარელ დია ევტიმოვასთან ერთად ნახევარფინალს უწია. ქართულ-ბულგარული დუეტის მეტოქეები - ტაისია და იანა მორდერგერები (გერმანია) ფინალში უბრძოლველად გავიდნენ, მერე გადამწყვეტი პაექრობა მოიგეს და მთავარი პრიზი მოიპოვეს.

ქვაცაბაია ანტალიაში რჩება და ახალი 10.000-იანი ტურნირის განაცხადში მისი გვარი მესამე ნომრადაა შეტანილი.

* * *
ჩინურ ჩანჟოუში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) ითამაშებს სოფიო შაფათავა, რომელიც განთესვით მეორეა და სტარტზე ნორვეგიელ მელანი სტოკს შეხვდება.

წყვილებში შაფათავა და ანგელინა გაბუევა (რუსეთი) მასპინძლებთან - ფენ იინ ქსანსა და იინ ჟანთან გაარკვევენ ურთიერთობას.

* * *
მარიამ ბოლქვაძე ინგლისში იმყოფება და შეფილდის 10.000-იან ტურნირში მოსინჯავს ძალებს, ხოლო გიორგი ცივაძე ეგვიპტეში ჩოგბურთელ ვაჟთა შარმ ელ შეიხის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) ითამაშებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული