იმ მომენტში, კლასიფიკაციაში უახლოეს მდევართან - ენდი მარეისთან უპირატესობამ რვა ათასი ქულა შეადგინა, რაც რეკორდი იყო ATP-ის ისტორიაში. თითქოს, ნოვაკის ლიდერობა დიდი ხანი უნდა გაგრძელებულიყო...
მაგრამ, ყველაფერს აქვს დასასრული. ბოლომდე ჯერაც გაურკვეველია, რა დაემართა როლან გაროსის შემდეგ ჯოკოვიჩს. პერიოდულად, მას ტრავმები აწუხებდა, მაგრამ, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მას უფრო
პირველი შოკი იყო წაგება უიმბლდონზე სემ კუერისთან. შემდეგ იყო მარცხი პირველ წრეში ოლიმპიადაზე. იქ სერბს წილისყრის მხრივ არ გაუმართლა და თავიდანვე ხუან მარტინ დელ პოტროს გადაეყარა. არგენტინელთან მარცხის შემდეგ, სერბი თვალცრემლიანი ტოვებდა კორტს. შემდეგ, აშშ-ის ღიას ფინალში კი გავიდა, მაგრამ იქ სტენ ვავრინკასთან წააგო. ბოლოს იყო შანხაის "მასტერსი" და ნახევარფინალში მარცხი რობერტო ბაუტისტა აგუტთან.
და აი, პარიზის "მასტერსი" ჯოკოვიჩის პრობლემების კულმინაცია აღმოჩნდა. სერბი ფინალში უნდა გასულიყო იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა რეიტინგში ლიდერობა, მაგრამ უკვე მეოთხედფინალში წააგო მარინ ჩილიჩთან, რომელიც, მანამდე, 14-დან 14 მატჩში ჰყავდა დამარცხებული.
ეს არადამახასიათებელი წაგებები იყო ჯოკოვიჩისთვის, რომელმაც 2015 წელს, ერთის გარდა ყველა ტურნირზე ფინალში გააღწია.
მარეის დევნა
წლის პირველი ნახევარი ენდი მარეისთვის წარმატებული იყო. ყოველ შემთხვევაში, "სლემის" სამ ფინალში გავიდა - ორჯერ ჯოკოვიჩთან წააგო, სამაგიეროდ, უიმბლდონზე გაიმარჯვა. მაგრამ, მაშინაც არარეალური იყო იმის წარმოდგენა, რომ სეზონის მიწურულს, ენდი მსოფლიოს პირველი ნომერი გახდებოდა.ბრიტანელი არ იმჩნევდა, რომ საერთოდ აღელვებდა ეს საკითხი. "დიდი ოთხეულიდან" ის ერთადერთი იყო, ვინც არასოდეს ყოფილა პირველ პოზიციაზე. ენდი არ გეგმავდა პირველობის მოპოვებას ამ სეზონში, სამაგიეროდ, ცალკეულ ტურნირებზე ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. უიმბლდონზე მეორე ტიტულის მოპოვების შემდეგ, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ამას მოჰყვა მცირე ჩავარდნა, რადგან ბრიტანელს ფიზიკურად გაუჭირდა. რიოდან ერთი კვირის თავზე, ენდიმ ცინცინატის "მასტერსის" ფინალი წააგო მარინ ჩილიჩთან, აშშ-ის ღიაზე კი მეოთხედფინალში დამარცხდა კეი ნიშიკორისთან.
იმ მომენტში, როცა ყველას ეგონა, რომ ენდის ძალა გამოელია, მომავალმა პირველმა ჩოგანმა ისევ მოუმატა. ბრიტანელმა მოიგო ATP500-ის ორი ტიტული, აგრეთვე შანხაის "მასტერსი", ახლა კი პარიზში ფინალამდე მიაღწია - ჯოკოვიჩის მეოთხედფინალში წაგების გათვალისწინებით, ეს საკმარისი აღმოჩნდა კლასიფიკაციაში ლიდერობის მოსაპოვებლად.
ამ მიზნამდე ბოლო ნაბიჯი ისეთი არ გამოდგა, როგორც ენდის თაყვანისმცემლები ოცნებობდნენ. ჯოკოვიჩის წაგების შემდეგ, მარეის ფინალში გასვლა სჭირდებოდა. ბოლო ბარიერი ამ გზაზე მილოშ რაონიჩი იყო - სერიოზული მეტოქე, რომელიც იბრძვის მესამე ჩოგანის სტატუსის მოსაპოვებლად. კანადელმა თამაშამდე საათნახევრით ადრე, სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა და ბარძაყის კუნთის გაწყვეტის დიაგნოზი დაუსვეს. ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რაონიჩის გამოსვლას წლის შემაჯამებელ ტურნირზე. ასე რომ, მილოში კორტზე არ გავიდა და ასე უბრძოლველად გადადგა ბოლო ნაბიჯი ოცნებისკენ ენდი მარეიმ.
მოკლედ, დღეს, ენდი ოფიციალურად გახდა მამაკაცთა პროფესიული ტურის რიგით 26-ე ლიდერი. ის პირველი ბრიტანელია, ვინც ამგვარ აღაიარებას ერთეულთა თანრიგში მიაღწია. წლევანდელ სეზონამდე ბრიტანეთს არც წყვილებში ჰყოლია პირველი ნომერი და ნავსი ენდის უმცროსმა ძმამ ჯეიმიმ გატეხა. ასე რომ, 2016 წელი ჩოგბურთში მარეებისა იყო.
თუმცა, მარეის ზეიმის დროს არ აქვს. ის ბევრით არ უსწრებს ჯოკოვიჩს და იმისთვის, რომ წელი პირველი ჩოგანის რანგში დაასრულოს, ATP-ის შემაჯამებელ ტურნირზე წარმატებით გამოსვლა სჭირდება.
რაც შეეხება, ჯონ ისნერთან გუშინდელ ფინალს, ბრიტანელმა სამ სეტში ისე მოიგო, რომ ერთი ბრეიკიც არ შეასრულებინა მეტოქეს. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ენდის ზედიზედ მე-19 მოგება.
პარიზის მასტერსი
1/2 ფინალი
ჯონ ისნერი (აშშ)-მარინ ჩილიჩი (ხორ, 9) 6:4, 6:3; ენდი მარეი (ბრიტ, 2)-მილოშ რაონიჩი (კან, 4) უარი.
ფინალი
ენდი მარეი (ბრიტ, 2)-ჯონ ისნერი (აშშ) 6:4, 6:7(4), 6:4.
ყველა პირველი ნომერი
ენდი მარეი (ბრიტ) 07.11.2016 29 1
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 04.07.2011 24 223
რაფაელ ნადალი (ესპ) 18.08.2008 22 141
როჯერ ფედერერი (შვეიც) 02.02.2004 22 302
ენდი როდიკი (აშშ) 03.11.2003 21 13
ხუან კარლოს ფერერო (ესპ) 08.09.2003 23 8
ლეიტონ ჰიუიტი (ავსტრა) 19.11.2001 20 80
გუსტავო კუერტენი (ბრა) 04.12.2000 24 43
მარატ საფინი (რუს) 20.11.2000 20 9
პატრიკ რაფტერი (ავსტრა) 26.07.1999 26 1
ევგენი კაფელნიკოვი (რუს) 03.05.1999 25 6
კარლოს მოია (ესპ) 15.031999 22 2
მარსელო რიოსი (ჩილ) 30.03.1998 22 6
თომას მუსტერი (ავსტრია) 12.03.1996 28 6
ანდრე აგასი (აშშ) 10.04.1995 24 101
პიტს სამპრასი (აშშ) 12.04.1993 21 286
ჯიმ კურიე (აშშ) 10.02.1992 21 58
ბორის ბეკერი (გერ) 28.01.1991 23 12
სტეფან ედბერგი (შვედ) 13.08.1990 24 72
მატს ვილანდერი (შვედ) 12.09.1988 24 20
ივან ლენდლი (ჩეხ) 28.02.1983 22 270
ჯონ მაკინროი (აშშ) 03.03.1980 21 170
ბიორნ ბორგი (შვედ) 23.08.1977 21 109
ჯიმი კონორსი (აშშ) 29.07.1974 21 268
ჯონ ნიუკომბი (ავსტრა) 03.06.1974 30 8
ილიე ნასტასე (რუმ) 23.08.1973 27 40
ცხრილში მოცემულია: პირველად ნომრად გახდომის თარიღი, ასაკი რეიტინგში პირველი ნომრის მოპოვების მომენტში და პირველ ადგილზე გატარებული კვირების რაოდენობა.
ენდი მარეი 2016 წელს
იანვარი: ავსტრალიის ღია (ფინალი)
აპრილი: მონტე კარლო (1/2 ფინალი)
მაისი: მადრიდი (ფინალი), რომი (ტიტული)
ივნისი: როლან გაროსი (ფინალი), ისტბურნი (ტიტული)
ივლისი: უიმბლდონი (ტიტული)
აგვისტო: ოლიმპიადა (ტიტული), ცინცინატი (ფინალი)
სექტემბერი: აშშ-ის ღია (1/4 ფინალი)
ოქტომბერი: პეკინი (ტიტული), შანხაი (ტიტული), ვენა (ტიტული)
ნოემბერი: პარიზი (ტიტული)
მოგება/წაგება: 74/9
2016 წელი ციფრებში
7 - ტიტულების რაოდენობა 2016 წელს (გამოიმუშავა 8 მილიონ ფუნტზე მეტი).
12 - ფინალების რაოდენობა 2016 წელს.
3 - უიმბლდონის მოგების შემდეგ, "დიდ სლემზე" კარიერაში სამი ტიტული აქვს აღებული.
2 - გახდა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი.
22 - წაუგებელი სერია საფრანგეთის ღია პირველობიდან (ივნისი) ცინცინატის "მასტერსამდე" (აგვისტო)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"