შუათითი - როგორ დაამარცხა საკუთარი თავი ენდი მარეიმ და გახდა საუკეთესო ჩოგბურთელი

AutoSharing Option
2009 წლის 2 აგვისტოს, ახალგაზრდა და თმახუჭუჭა ენდი მარეი მსოფლიოს რეიტინგის მეორე ადგილზე გადავიდა. ამის შემდეგ მას შვიდი წელი და 82 დღე დასჭირდა როჯერ ფედერერის, რაფაელ ნადალისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის ეპოქის დასამხობად.

მთელი ამ დროის განმავლობაში, ენდი, რომელიც ტექნიკური არსენალით არ ჩამოუვარდებოდა კონკურენტებს, საკუთარ თავს ებრძოდა. ბრიტანელი იმდენად ემოციური, ფეთქებადი და უმართავი იყო, რომ შეეძლო პირველი სეტი 6:0 მოეგო, შემდეგ ერთი რიგითი გათამაშება წაეგო და მთელი თამაში იშლებოდა.

2012 წელს, ცოტათი შეშლილმა მარეიმ მწვრთნელად აიყვანა ადამიანი ნერვებისა და ღიმილის გარეშე,
რომლისთვისაც უცხოა ნებისმიერი ემოცია - ივან ლენდლი. მან ძალიან სწრაფად მოახერხა, ენდისგან გამოედევნა ყველაფერი უარყოფითი და აიძულა ეკეთებინა ის, რასაც ოდესღაც თავად წარმატებით ნერგავდა - ივანი კი არ თამაშობდა, არამედ იბრძოდა კორტზე. მათი პირველი თანამშრომლობისას, მარეიმ მოიგო ოლიმპიური ოქრო და "დიდი სლემის" ორი ტურნირი, მაგრამ იმდენად დაიღალა ემოციურად, რომ დაშორდა ლენდლს და მწვრთნელად ქალი აიყვანა.

ამელი მორესმო დაეხმარა ბრიტანელს ბადესთან თამაშის გაუმჯობესებაში, მაგრამ ვერაფერი მოუხერხა მარეის დემონებს. ამას თავად ბრიტანელიც მიხვდა, რომელმაც 2016 წელს დაიყოლია ლენდლი - ყველაფერი თავიდან დაეწყოთ. როცა ივლისში "რკინის ივანმა" განაცხადა, რომ ენდის უკვე წელს შეუძლია გახდეს პირველი ჩოგანი, მას არავინ დაუჯერა - ჯოკოვიჩი რეიტინგში 5 ათასი ქულით უსწრებდა მარეის.

ლენდმა თითქოს დააპროგრამა მარეი საბოლოო შედეგზე - უიმბლდონზე მოგების შემდეგ ბრიტანელი თითქმის ყოველ კვირა თამაშობდა, თითქოს ეს მისი ბოლო წელი იყო კარიერაში და ყველაფერი უნდა მოესწრო.

ეხმარებოდნენ კონკურენტებიც. ფედერერი ზურგს მკურნალობდა, ნადალი ჯოკოვიჩის კომპლექსს ებრძოდა, თავად ნოვაკი კი საკუთარ თავს ეძებდა. როლან გაროსის მოგების შემდეგ სერბმა სიცარიელე იგრძნო და სულიერ გურუს, პეპე იმაზს მიმართა. ესპანელი ნოლეს სამყაროს სიყვარულს ასწავლის, ისინი ერთად მედიტირებენ. იმაზი ჯოკოვიჩის გუნდში შევიდა და სხვა მწვრთნელებთან - ვაიდასთან და ბეკერთან ერთად თანაბარ უფლებებს ფლობს. ამის გამო დღეს ნოვაკს უჭირს ჩოგბურთზე კონცენტრირება.

მარეი 2016 წელს ახლოს იყო სრულყოფილებასთან. ქალიშვილის დაბადებამ მისი პასუხისმგებლობა აამაღლა, ლენდლი არ აძლევს მოდუნებისა და გრძნობებზე აყოლის საშუალებას, ხოლო მოცეკვავეებისთვის განკუთვნილმა იოგამ, რომელიც 70-იან წლებში შექმნა ყოფილმა მოცურავემ და ტანმოვარჯიშემ, იულია ჰორვატმა, ზურგის ქრონიკული ტრავმა მოურჩინა.

წელიწადნახევრის წინ, რეიტინგის მეორე საფეხურზე დაბრუნების შემდეგ, ენდი მომენტს დაელოდა, რომ მწვერვალზე ასულიყო - მან ეს გზა 76 კვირაში გაიარა. 29 წლის ბრიტანელი 26-ე პირველი ნომერია ისტორიაში და მეორე ყველაზე ასაკოვანი ლიდერი ჯონ ნიუკომბის შემდეგ - ამერიკელი ერთი წლით უფროსი იყო.

ენდისთვის თითოეული მატჩი - ომია და ის არასოდეს აკეთებს გამონაკლისებს. 2014 წელს, ვალენსიას ტურნირის ფინალში ის სამი საათი და 20 წუთი ებრძოდა ტომი რობრედოს, მოიგერია რამდენიმე მატჩბოლი და მოუგო ესპანელს, რომელიც კარიერაში თავის ერთ-ერთ საუკეთესო თამაშს ატარებდა. ენდიმ და ტომიმ ძლივს მიაღწიეს ბადემდე, სადაც რობრედომ ორი შუათითი უჩვენა. ეს არ იყო შეურაცხყოფის მცდელობა (ისინი დიდი ხნის მეგობრები არიან), არამედ კომპლიმენტი ბრიტანელისთვის, რაღაც ამდაგვარი: "შენი დამარცხება შეუძლებელია, შენი დედაც!"

2016 წლის შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალში დეჟავიუ შედგა. მარეი სამი საათი და 38 წუთი ებრძოდა მილოშ რაიონიჩს, ერთი მატჩბოლი მოიგერია და ფინალში გავიდა. ჯოკოვიჩმა თავის ნახევარფინალში კეი ნიშიკორისთან ერთი საათი დახარჯა. ამიტომაც გადამწყვეტ მატჩში ფავორიტად მიიჩნეოდა.

უცნობია, რამდენი ხანი იწვა ყინულის აბაზანაში ენდი ან რამდენი ხანი იყო დაკავებული მოცეკვავეთა იოგით, მაგრამ ფინალში ნოვაკზე უფრო ცოცხლად გამოიყურებოდა. სერბმა 30 უნებლიე შეცდომა დააგროვა. ჯოკოვიჩმა თითქმის ყველა ხანგრძლივი გათამაშება წააგო, რაც მარცხის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. მარეი კი შემაჯამებელი ტურნირის მეორე გამარჯვებულია როჯერ ფედერერის შემდეგ, ვინც მატჩბოლი მოიგერია.

ურთიერთშეხვედრებში ნოვაკი ისევ წინ არის ენდის წინააღმდეგ - 24:11, მაგრამ ახლა ფსიქოლოგიური უპირატესობა შოტლანდიელის მხარესაა. მისი მოგებათა სერია 24 მატჩს უდრის, მან დაამყარა ერთ სეზონში მოგებული ტიტულის რაოდენობის რეკორდი (9), კარიერაში 40 ტიტული მოიპოვა (მეექვსე მაჩვენებელი ისტორიაში) და საუკეთესო გახდა. როგორც ჩანს, ენდის კიდევ არაერთხელ დაანახებენ შუათითს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვაა დოპინგ ტესტი როდის აუღეთ ენდის ესე რომ ამტკიცებთ დოპინგისმისგან ხმარებას - დოპინგზე როცა ლაპარაკობთ ჯოკოვიჩი გაიხსენეთ როგორ ათამაშდა 2011 წლიდან - ენდი არის ერთერთი უჯენტლმენესი ჩოგბურთელი რომელიც არასდროს კადრულობს კორტზე უკადრებელს ჯოკოვიჩისგან განსხვავებით
brola*
14:54 01-12-2016
0
ფურთხია მარი საუკეთესოა? ეტყობა იმასაც ვერ ხედავთ (ან არ გინდათ დაინახოთ), რომ ეს ფურთხია კაცი უწყვეტად დოპინგით თამაშობს!
-მარის მარის მოყვარულებს ვუსურვებდი: მარის სხვებისადმი კეთილგანწყობა და მისი სამართლიანობა ნუ მოგაკლოთ ღმერთმა!
შოდა
03:19 26-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული