ფინალს ხსნიდნენ მარინ ჩილიჩი და ფედერიკო დელბონისი. ხორვატებს ამ მატჩში პირველი ქულის აღება ჰქონდათ დაგეგმილი და მოიპოვეს კიდეც, თუმცა გაჭირვებით. პირველ ორ სეტში ჩილიჩი შესანიშნავად აწვდიდა და მეტოქეს ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა. ამის შემდეგ კი თამაშის სურათი შეიცვალა. მასპინძელს პირველი მოწოდება აღარ მისდიოდა (სიზუსტის 30 პროცენტი), თუმცა მაინც იყო ახლოს სამი სეტით მოგებასთან - ხორვატმა 3:3-ზე ორმაგი ბრეიკ-პოინტი ვერ
ამის შემდეგ, ივო კარლოვიჩისა და ხუან მარტინ დელ პოტროს ჯერი დადგა. აქ არგენტინელი აშკარა ფავორიტი იყო - მას ხორვატისთვის ზედიზედ ოთხი მატჩი ჰქონდა მოგებული. პირველი სეტი დელ პოტრომ ბრეიკით დაიწყო, რაც, როგორც წესი, საკმარისია ხოლმე კარლოვიჩთან მატჩებში. მეორე სეტის სტარტზე, ივომ ოთხი ბრეიკ-პოინტი მოიგერია, რის შემდეგაც, მეტოქეები იოლად იღებდნენ საკუთარ მოწოდებებს. პირველ რიგში, ეს დელ პოტროზე ითქმის, რომელმაც რაღაც მომენტში, ზედიზედ 28 ქულა (!) აიღო თავის გეიმებში. საბოლოოდ, ეს სეტი კარლოვიჩმა ტაი-ბრეიკზე მოიგო, თან ორმაგი სეტბოლი მოიგერია.
მესამე და მეოთხე სეტებში, თავიდან თანაბარი ბრძოლა მიდიოდა, კარლოვიჩის მცირე ინიციატივით, მაგრამ ორივეჯერ, ხორვატმა ოდნავ კონცენტრაცია დაკარგა, რაც მატჩის წაგებად დაუჯდა - 4:6, 6:7(6), 6:3, 7:5. პირველი დღის შემდეგ, მატჩში ანგარიში თანაბარი იყო.
* * *
შაბათს, წყვილების მატჩში გუნდების ლიდერები ვიხილეთ კორტზე. პირველ სეტში ბრეიკის შანსი თითქმის არ ყოფილა, ტაი-ბრეიკი კი არგენტინელებმა ძალიან ცუდად ჩაატარეს და მხოლოდ ორი ქულა აიღეს. მეორე სეტში მასპინძლებმა პირველი ბრეიკი შეასრულეს, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს, რასაც მეორე ტაი-ბრეიკი და ისევ ხორვატთა წარმატება მოჰყვა.
მესამე სეტშიც ჩილიჩმა და ივან დოდიგმა პირველებმა შეასრულეს ბრეიკი და ამჯერად, მეტოქეს მიღებაზე შანსი არ მისცეს - 7:6(2), 7:6(4), 6:3. ხორვატია წინ გავიდა - 2:1. აღსანიშნავია, რომ 1981 წლიდან მხოლოდ ორმა ნაკრებმა შეძლო დევისის თასის მოპოვება 1:2 ჩამორჩენის შემდეგ. ასე რომ, არგენტინა ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდა.
* * *
კვირა დღე მთლიანად ფინალის ცენტრალური მატჩით დაიწყო - ჩილიჩი დელ პოტროს წინააღმდეგ. არგენტინელს ხორვატი ზედიზედ ხუთჯერ ჰყავდა დამარცხებული, თან 12 სეტი ზედიზედ ჰქონდა აღებული. თუმცა ეს სერია პირველივე სეტში შეწყდა - ჩილიჩმა პირველი 14 ქულიდან 12 აიღო დაა 3:0 დაწინაურდა. დელ პოტრომ მოახერხა საპასუხო ბრეიკის შესრულება, მაგრამ ტაი-ბრეიკზე ჩამორჩა - 0:5 და სეტის გადარჩენა ვერ შეძლო.
მეორე სეტი ჩილიჩმა კიდევ უფრო იოლად მოიგო. დელ პოტრო ძალიან ცუდად გამოიყურებოდა და პარტიაში მხოლოდ ორი "ვინერსი" ჰქონდა. ასე რომ, ხორვატიას ერთი სეტის მოგება რჩებოდა დევისის თასის მეორედ მოსაგებად. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელი იყო, რომ ჩილიჩს წელს ორჯერ ჰქონდა წაგებული მატჩი 2:0-დან - როჯერ ფედერერთან და ჯეკ სოკთან.
მესამე სეტში მეტოქეები იოლად ინარჩუნებდნენ საკუთარ გეიმებს, მაგრამ ზედ ტაი-ბრეიკის წინ, ჩილიჩი ანერვიულდა და დელ პოტრომ მესამე სეტბოლზე მოიგო პარტია.
მეოთხე სეტი თანაბარი და ემოციური გამოვიდა. ერთ მომენტში, მსაჯმა მეორე გაფრთხილება მისცა დელ პოტროს დროის გაყვანისთვის და პირველი მოწოდება ჩამოართვა მას. ეს მოხდა 4:4-ზე და "თანაბარზე". არგენტინელმა მაინც მოიგო ეს გეიმი, შემდეგ კი სამმაგი სეტბოლი მოიპოვა და ანგარიში გაათანაბრა. დაინიშნა მეხუთე სეტი.
საინტერესოა, რომ დელ პოტროს არასოდეს მოუგია 0:2-დან. გადამწყვეტი სეტიც მან საკუთარი გეიმის წაგებით დაიწყო, თუმცა იქვე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება. ამის შემდეგ, ჩოგბურთელები იოლად იღებდნენ საკუთარ გეიმებს. ჩილიჩი უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა და თითქოს უახლოვდებოდა გამარჯვებას, მაგრამ ბოლოსკენ, ხორვატი ისევ ანერვიულდა, ორმაგი შეცდომა დაუშვა და მოწოდება წააგო, რის შემდეგაც, არგენტინელმა "ნულზე" მოიგო თავისი მოწოდება. ხუთსაათიანი ბრძოლის შემდეგ, მატჩში ანგარიში გახდა - 2:2.
მეხუთე მატჩისთვის გუნდების კაპიტნებმა განაცხადი არ შეცვალეს და კორტზე ივო კარლოვიჩი და ფედერიკო დელბონისი გავიდნენ. არგენტინელი ძალიან კარგად უმკლავდებოდა კარლოვიჩის მოწოდებებს, ხოლო, როცა გიგანტი ხორვატი თავისი მთავარი იარაღით ქულებს ვერ იღებს, ის განწირულია წაგებისთვის. შედეგად, ფედერიკომ საკმაოდ იოლ გამარჯვებას მიაღწია - 6:3, 6:4, 6:2. აღმოჩნდა, რომ მასპინძლების მიერ არჩეული ჰარდი, უფრო სტუმრებს აწყობდათ.
არგენტინამ მეხუთე ფინალი ითამაშა დევისის თასზე და პირველად გახდა ჩემპიონი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"